სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რვიანი" "ექვსეულად" გადაკეთდა

„რვიანის" შემადგენლობაში დარჩენილი ექვსეული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლას არ წყვეტს და მას ახალი შემადგენლობით გააგრძელებს. ამის შესახებ ექვსეულის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააცნო.

"რვიანი" არ დაშლილა. ის მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა დატოვა. ბრძოლას ვაგრძელებთ ახალი შემადგენლობით და საზოგადოებასთან ერთად შევქმნით ისეთ გარემოს, რომ ხელისუფლებას მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მაგრამ ის გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ექვსეულის განცხადებაში ხელისუფლების მისამართით შემუშავებული ის შენიშვნებიცაა დაკონკრეტებული, რომელიც „ახალმა მემარჯვენეებმა" და „ქრისტიან-დემოკრატებმა" არ გაიზიარეს.

„რვიანისთვის" გაუგებარი იყო ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებული საკითხების ხაზგასმულად წინ წამოწევა, მაშინ როდესაც ძირითად საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიები და ა.შ. ხელისუფლების წინადადებები ჯერ კიდევ შორსაა ადეკვატურისგან, ხოლო სხვა წინადადებები მოითხოვს მნიშვნელოვან დაზუსტებას. წარმოდგენილი წინადადებები არ პასუხობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელ, მნიშვნელოვან პრინციპებს. მათთვის პირველ რიგში მთავარია ძირითად საკითხებზე შეთანხმება და შემდეგ გადასვლა სხვა საკითხებზე", - ეს არის ექვსეულის პოზიცია, რომელსაც „ახლებმა" და „ქრისტიან-დემოკრატებმა" გუშინ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ხელი არ მოაწერეს.

ამავე დოკუმენტის თანახმად, "რვიანი" მზადყოფნას გამოთქვამდა ხელისუფლებასთან დიალოგი განეახლებინა და კომპრომისის მიღწევამდე მოლაპარაკებათა ფორმატი გაგრძელებულიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100