სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვების ოცნებაა გემრიელად ისადილონ!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 6 მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედას დარეჯან იორდანიძეს გაგაცნობთ.

რა აჭამოს ბავშვებს, რა ჩააცვას, როგორ გაუშვას სკოლაში და ბაღში, როგორ შეიძინოს წამლები თუ ავად გახდებიან... ეს დარეჯანის ყოველდღიური საზრუნავია, რომელსაც საარსებოდ არანაირი რესურსი არ გააჩნია.

დარეჯანმა მძიმე ბავშვობა გაატარა, იმედი ჰქონდა, რომ ოჯახს შექმნიდა და ბედნიერად იცხოვრებდა, მაგრამ აქაც არ გაუმართლა... ბევრი ტანჯვა და დამცირება გადაიტანა. შემდეგ საკუთარ თავში ძალა იპოვა და ახლა 6 პატარა ბავშვთან ერთად სრულიად მარტო ცხოვრობს! თბილისის გარეუბანში პატარა ოთახს ქირაობენ. საცხოვრებელში საპირფარეშო არ აქვთ. ბავშვები რომ დაბანოს, დარეჯანი შეშის ღუმელზე აცხელებს წყალს და შვილებს ოთახშივე, პატარა ტაშტში აბანავებს!

სადილი დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ. ბავშვებს ყველაზე მეტად ბოსტნეულის წვნიანი და სოსისი უყვართ. ამბობენ, რომ ამაზე გემრიელი საჭმელი არასოდეს გაუსინჯავთ. მაგრამ სამწუხაროდ ასარჩევად საქმე არ აქვთ.

სიდუხჭირისა და მძიმე სოციალური პრობლემების მიუხედავად, ბავშვები ძალიან ზრდილობიანები და საყვარლები არიან.

10 წლის ნინო დიდი ადამიანივით მსჯელობს. მან იცის, რომ კარგად უნდა ისწავლოს და კარგი სამსახური იშოვნოს, რადგან ეს ერთადერთი გზაა, თავისი ოჯახის და დედიკოს ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

9 წლის ნია და 7 წლის ნიკა დამჯერი ბავშვები არიან და დედიკოს საოჯახო საქმეების კეთებაში ეხმარებიან.

5 წლის ნუკა და 4 წლის ილია თბილ და მყუდრო სახლზე ოცნებობენ, სადაც ბევრი სათამაშო და კანფეტები ექნებათ.

ყველაზე პატარა ანანო მალე 1 წლის გახდება. დარეჯანი ამ დღის მოახლოებას შიშით ელის. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სახელმწიფო ჩვილი ბავშვის საკვებით მხოლოდ წლამდე ეხმარება – „თითქოს ერთი წლის ბავშვს ჭამა აღარ უნდა“ – სიმწრით იღიმის დარეჯანი და ცრემლებს ძლივს იკავებს, შვილების თანდასწრებით რომ არ იტიროს.

„მათ ბევრჯერ აქვთ ნანახი როგორ ტირის დედა... ახლა ვცდილობ ძლიერი ვიყო, მათ დასანახად მაინც. ეს კი ძალიან რთულია. ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ფარისებრი ჯირკვალი მაქვს ამოჭრილი, მაგრამ ვერც ვმკურნალობ და წამლებსაც ვერ ვსვამ. 60 ლარიც კი არ მაქვს, რომ ექიმთან კონსულტაცია გავიარო. სულ სუსტად ვარ, ხშირად ვკარგავ გონებას. უფროსმა გოგონამ იცის როგორ უნდა მომიაროს სასწრაფოს მოსვლამდე.“

ამის მოსმენა ძალიან მძიმეა. მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი ამ ოჯახის არაადამიანური ტანჯვის შემსუბუქება! მათ ყველაზე მეტად პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და წამლები სჭირდებათ. მაგრამ დარეჯანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მარტო არ არის, რომ კეთილი ადამიანები გვერდში დაუდგებიან მას და მის 6 პატარას!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ დარეჯანს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დარეჯან იორდანიძე) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/178/

თუ არ შეგიძლიათ მატერიალურად დაეხმაროთ მათ, ამ ამბის გაზიარებითაც ძალიან შეეშველებით!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100