სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკან, მოსკოვისკენ?!

ინფორმაცია განსჯისათვის

თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირადად აკავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მოქმედ უფროსს, გენერალს, 2008 წლის ომის გმირს, გიორგი კალანდაძეს.

გენერალ კალანდაძის დაკავების მოტივი - რიგითი ჯარისკაცების შეურაცხყოფა. გენერალი, ალასანიას კაბინეტში, დილის 5 საათზე, ომის გმირისთვის შეუფერებელ სიტუაციაში დააპატიმრეს. კალანდაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კალანდაძე კვლავ გენ-შტაბის უფროსის რანგში დაბრუნდა თავდაცვის სამინისტროში. შესაბამისად, კვლავ დღის წესრიგში დადგა ნატოს სამხედრო საბჭოს საქართველოში ვიზიტის საკითხი...

თუმცა, იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებით, პროკურატურამ კალანდაძის უფლებამოსილების შეჩერება სასამართლოს წესით მოითხოვა. მანამდე, თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებული კალანდაძის შესახებ, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მას, შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს ( ჯარისკაცების წამება).

სასამართლომ, პროკურატურის სარჩელის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა... შედეგად - უკვე მეორედ, ნატოს სამხედრო საბჭოს საქართველოში ვიზიტის ალბათობა ისევ შემცირდა.

პირველი "მოსავალი"

გენ-შტაბის მოქმედი უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის დაპატიმრებით მოხდა ქართული არმიის სრული დემორალიზება. ბუნდოვანი გახდა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა.

ნატოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გენ-შტაბის უფროსის დაკავება დადებითად არ აისახება საქართველოს ნატოსთან დაახლოებაზე. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის... იუსტიციის მინისტრი, ქართული არმიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართაც არ გამორიცხავს გამოძიების დაწყებას.

რა სურს რუსეთს და რა სურს ბიძინას?

საქართველოს დეკლარირებული არჩევანია სამხედრო ალიანსში და ევროკავშირში ინტეგრირება. საქართველოს სურვილი - შევიდეს ნატოში, აგრესიას იწვევს კრემლში. რუსეთი წლებია ცდილობს ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პროცესის სხვადასხვა ფორმით შეჩერებას.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, მოქალაქეთა უდიდესმა უმრავლესობამ უკვე გააკეთა თავისი არჩევანი - საქართველოს ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ.

პრორუსული შეფერილობის მქონე „ქართული ოცნება“, სადაც მრავლად არიან ისეთებიც, ვინც საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწინააღმდეგეა (თოფაძე, ტყემალაძე), ჯერჯერობით ღიად ვერ უპირისპირდება საქართველოს სვლას ნატოსკენ. მეტიც, მათი ლიდერები დეკლარირებულად აცხადებენ, რომ ამ პროცესს „მიესალმებიან“.

კოალიციის ლიდერი ივანიშვილი, საქართველო-ნატოს ურთიერთობების წინააღმდეგ ბრძოლას შედარებით ირიბი მეთოდებით - გენ-შტაბის უფროსისა და მეოთხე ბრიგადის მეთაურის დაპატიმრებით იწყებს.

კალანდაძე-შამათავას დაკავებით, რუსეთში გამობრძმედილი ოლიგარქი, ერთი მხრივ ცალსახად გამოხატავს კრემლის სურვილებს და მეორე მხრივ ამბიციებს უკმაყოფილებს ლამის უფუნქციოდ დარჩენილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას.

შესაბამისად, გენერალ კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაპატიმრების ფაქტი, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს არა როგორც მხოლოდ ალასანიას ამბიცია, (აკონტროლებდეს შეიარაღებულ ძალებს), არამედ ივანიშვილის ხელისუფლების პირველი სერიოზული დარტყმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე.

რა არის საქართველოს მიზანი?

მაშინ, როდესაც რუსეთი ყოველთვის ეცდება საქართველოს თავისი გავლენის სფეროში მოქცევასა და პუტინის მიერ ე.წ. „მოდერნიზირებულ საბჭოთა კავშირში“ შეთრევას, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი შანსი, დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში საბოლოოდ დაბრუნებისა, ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაა, სადაც უმთავრესია პრინციპი - „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“.

ხოლო, ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა სახის „სამართლებრივი შეფუთვით“ ცდილობენ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენის მოხდენას, ლამის ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა ალიანსის სამხედრო საბჭოს საქართველოში ვიზიტი ჩაიშალოს, ფაქტობრივად, უპირისპირდებიან საქართველოს სასიცოცხლო არჩევანს და ნებით თუ უნებლიედ, ღიად გამოხატავენ ოკუპანტთა ინტერესებს.

P.S: ახალი ხელისუფლების ეს ნაბიჯები გვაფიქრებინებს, რომ ივანიშვილის საბოლოო მიზანი შესაძლოა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და მისი ჩრდილოეთისკენ შებრუნებაა.

ვიმედოვნებთ, საზოგადოება უსწრაფესად გააცნობიერებს, რომ ნატოზე და ზოგადად, ევროპულ ოჯახზე უარის თქმა, საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი იქნება.

გიორგი კაპანაძე - "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" დირექტორი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100