სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სულხან საბას ძვლებს ვსესვაიტსკოეშიც აღარ „დაედგომება“

ბოლო განახლება: 11.04. 2012. - 12:33სთ

ბაგრატიონების საფლავებს რუსეთში საფრთხე ემუქრება. მოსკოვთან ახლოს, სოფელ ვსესვიატსკოეში დარეჯან დედოფლის მიერ აგებულ ყველა–წმინდას სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სულხან-საბა ორბელიანი და სხვა ქართველი მოღვაწეები არიან დაკრძალული, უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს.

მშენებლობამ რამდენიმე საფლავი ფაქტობრივად შეიწირა. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ერთსართულიან ბეტონის ნაგებობებზე არავითარი ნებართვა არ არსებობს. ამ მშენებლობას რუსი ბერები აწარმოებენ. საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს, ოფიციალური ნოტა გაუგზავნა და მშენებლობის აღკვეთა მოითხოვა. საკითხის სრული გამოკვლევის შემდეგ ქართული მხარე გეგმავს მიმართოს რუსულ მხარეს ტაძარში და სასაფლაოზე დაკრძალულთა გადმოსვენების მოთხოვნით.

ჯერ 2005–2006, შემდეგ 2010 და ბოლოს, 2011 წლის მიწურული: ქართველებისთვის კარგად ცნობილ ვსესვიატსკოეს სასაფლაოზე, რომელიც ოფიციალურად უკვე აღარ მოქმედებს თავდაპირველი დანიშნულებით – უკანონო მშენებლობების ბუმი გრძელდება. ამის შესახებ რუსული ინტერნეტგამოცემა livekuban.ru იტყობინება.

ჯერ კიდევ 2008 წელს კრასნოიარსკის ერთ–ერთმა ინრეტნეტგამოცემამ გაავრცელა ცნობა, რომლითაც ცხადი ხდებოდა, რომ ისტორიულ სასაფლაოს საფრთხე ემუქრება: „სასაფლაოს ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. რა განთავსდება იქ, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სამუშაოებს ღამით ატარებენ. ღამით ხდება გათხრა, დღისით კი გრუნტი ტერიტორიიდან გააქვთ. კრასნოდარელები ამბობენ, რომ გრუნტს შორის ძვლებიც ადვილი შესამჩნევია...“

მაშინ ატეხილი ხმაურის გამო მშენებლობა შეწყდა, მაგრამ 2011 წლის ზაფხულის ბოლოდან ისევ განახლდა. ახლა უკვე მშენებლები არავის ერიდებიან, დღისითაც მუშაობენ და ამბობენ, რომ ტერიტორიას მალე გაწმინდავენ.

როგორც ცნობილია, სოფელი ვსესვიატსკოე ქართველებისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იქ სულხან–საბა ორბელიანისა და პეტრე ბაგრატიონის მამის, იოანეს საფლავი მდებარეობს. იქვეა საქართველოდან გადახვეწილი სხვა მამულიშვილების საფლავებიც.

სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს ტაძარიც, რომელიც 1733–37 წლებით თარიღდება და რომლის აგების ინიციატორიც არჩილ მეორის ქალიშვილი, დარეჯან ბატონიშვილი გახლდათ. სწორედ ამ ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი საბა და პეტრე ბაგრატიონის მამა.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი რუსეთის კულტურის სამინისტროს ძეგლებს შორის ირიცხება და უწყებას მასზე ზრუნვაც ევალება, სამინისტრომ ტაძრის აღების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი, ალბათ, ერთადერთია: სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამხარეო ადმინისტრაციის მშენებლობა მიმდინარეობს, სასაფლაოს ადგილას კი დასასვენებელი პარკის მოწყობაა დაგეგმილი, ხოლო ტაძარი საერთო ხედს „აუშნოებს“.

ასე რომ, სიცოცხლეში თანამემამულეების მხრიდან არაერთხელ შევიწროვებულ, უარყოფილ და ნაგვემ საბას არც ვსესვიატსკოეში ეღირსა სიმშვიდე. იქნებ, უკვე დროა, ამ უდიდესი ქართველის სამშობლოში გადმოსვენებაზე ვიზრუნოთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100