სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ქაფიანიძე: „არაფრის გამკეთებელი არაა ოპოზიცია“

გასული წლის გაზაფხულზე რუსთაველზე არაერთი ხელოვანი იდგა, რომელიც ოპოზიციის მხარდასაჭერი განცხადებებით გამოდიოდა. მათ რიგებში არ ყოფილა მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე. რატომ არ იყო ოპოზიციის მხარდამჭერ ხელოვანთა რიგებში და რატომ არ სჯერა მას ოპოზიციის ერთობის - „დრონი.ჯი“-ს კითხვებს ზურაბ ქაფიანიძემ უპასუხა.
„დრონი.ჯი“: თქვენ პოლიტიკურ პროცესებს ადევნებთ თვალს. ოპოზიცია კვლავ სხვადასხვა ფლანგზე იბრძვის, ოპოზიციური სპექტრი ლევან გაჩეჩილაძის პაუხს ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი, ითანამშრომლებს ალასანიასთან და დაუჭერს მხარს მას არჩევნებში, თუ მერის არჩევნებზე დამოუკიდებლად წარსდგება. თქვენი აზრით, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ლევან გაჩეჩილაძემ?
ზურაბ ქაფიანიძე: ეს რამეს გადაწყვეტს? გაერთიანდებიან თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში არც ალასანიას და არც გაჩეჩილაძის პოზიციას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მერიიდან საქართველოს ვინ უშველის?
- ოპოზიცია აცხადებს, რომ სწორედ მერის არჩევნებში გამარჯვებიდან დაიწყება სააკაშვილის ხელისუფლების წასვლა...
- მე ეს არ მესმის. ჩვენ ვართ მსახიობები, ამიტომ მსახიობმა რომ მეტი იცოდეს პოლიტიკოსზე პოლიტიკის შესახებ, წარმოგიდგენიათ? ბუნებრივია, ეს შეუძლებელია. მე რომ ვარ მსახობი, ე.ი. მე ვარ ხელოვანი და სხვა არაფერი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველამ თავის საქმე უნდს აკეთოს.
- თქვენ ვის ხედავთ მერის ამპლუაში, ვინც შეძლებს რეალურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას?
- ჩემი აზრით, პოლიტიკური ფიგურა იყო საქართველოში მერაბ კოსტავა, მას შემდეგ დაიქცა საქართველო. თავისუფლებამ გაათახსირა საქართველო. მე არ მინდა ამგვარი თავისუფლება. ხომ მაქვს ამის თქმის და ასე აზროვნების უფლება? თავისუფლებამ მოსპო ყველაფერი ეროვნული, სწავლა-განათლებიდან დაწყებული, ქართველი ემიგრანტების რაოდენობით დამთავრებული.
- ჩვენ დღევანდელობიდან გამომდინარე ვმსჯელობთ, მერაბ კოსტავას დაბრუნება ხომ შეუძლებელია პოლიტიკაში, ამიტომ დღევანდელ პოლიტიკურ ფიგურებს ვაფასებთ...
- არაფრის გამკეთებელი არაა ოპოზიცია. ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ჟურნალისტებს ისიც არ გესმით, რომ ამ პოლიტიკოსებს სახელმწიფო სისტემის მოწყობაც არ შეუძლიათ, დაჯექი პრეზიდენტის სკამზე, მერე? რა მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სავარძელში ჯდომას? შემოვიდა რუსეთი, დავკარგეთ აფხაზეთი, რუსები საქართველოში დგანან, სად იყო ოპოზიცია?
პოლიტიკაში ძალიან ბევრი ბრძოლის ხერხია, ჩვენ თურმე მხოლოდ ერთი ბრძოლის ხერხი ვიცით – „წადი“. იძახე შენ წადი, მე არ წავალ. ეს არის ბრძოლა?
- ჰყავს დღეს ქვეყანას ალტერნატიული პოლიტიკოსი, რომ მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემთხვევაში მოიაზროს პრეზიდენტობის კანდიდატად?
- მე დაგისახელებთ ახლა ერთ პიროვნებას, აკაკი ბრეგვაძე. იცის საზოგადოებამ ამ ადამიანის შესახებ? არ იცის. დღეს, სამწუხაროდ, ის პოლიტიკოსები არიან წინა პლანზე წამოწეული, ვინც ტელევიზიით ჩანს, არადა ვინც მართლა ნიჭიერია, ის ჩუმადაა. იგი არის ყველაზე ჭკვიანი კაცი და ყველაზე დიდი ქართველი. სამწუხაროდ, თქვენ მხოლოდ ეს გამოტვინებული პოლიტიკოსები იცით. თუ პოლიტიკოსი ხარ, შენს გარშემო ჭკვიანებს უნდა მოუყარო თავი, დღეს კი არც ერთი პოლიტიკოსი ჭკვიან ხალხს არ ეძებს.
- არიან დღეს ჭკვიანი ადამიანები, ვისაც სურს აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა?
- რა თქმა უნდა, ასეთი ბევრია. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა, ამ პრობლემის მოგვარება კი მხოლოდ ჭკვიან ხალხს შეუძლია. კურსსაც უნდა შევხედოთ, რა კურსით მივდივართ.
- თუმცა ქართველ ხალხს ხომ აქვს არჩევანის უფლება, ვისთან იქნება?
- დამოუკიდებლობით არსებობის უფლება ყველას აქვს, თუ დაგანებეს. გერმანიამაც რომ დაიწყო ომი, მაშინაც ჰქონდათ უფლება ქვეყნებს, ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები, მაგრამ არ ააწიოკა ქვეყნები? რუსეთმა თქვა, ფეხებზე მკიდია შენი თავისუფლებაო...
- თუ თქვენთვის პოლიტიკოსის ეტალონი მერაბ კოსტავაა, ისიც ხომ ფაქტობრივად ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირა? მთელი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე ხომ იმას აკთებდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილიყო?
- რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩემს საუბარს, ვის აინტერესებს? ალბათ თქვენც არ გაინტერესებთ.
- საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესოა ხელოვანების აზრი. თუნდაც თქვენი კოლეგები და მეგობრები გასული წლის გაზაფხულზე რუსთაველის გამზირზე იდგნენ და უჭერდნენ მხარს ოპოზიციას. თქვენ არ იყავით მათ რიგებში, რატომ?
- არ ვიცი ისინი რისთვის იდგნენ იქ. არ ვიცი, ამ ხელოვანებს იქ დგომით რა მიზანი ჰქონდათ. თქვენ იცით? თუ მიზანი აქვთ, სად არის მაშინ ეს მიზანი, რატომ არ გამოაჩინეს? მე გითხარით, ბრძოლის რამდენიმე ხერხი არსებობს, აქ მხოლოდ ქუჩაში დგომის ხერხი იციან. ერთი არ გამოდის, მეორე ხერხი უნდა გამოიყენო, მესამე, მეოთხე და ა.შ., რომ მიხვიდე მიზნამდე. ამათმა მოიგონეს, ჩვენ არ შეგვიძლია სხვანაირი ბრძოლაო, ჩვენ ვეტყვით წადიო და ისიც წავაო. არ მიდის, ხომ ხედავენ, არა? ხალხი იძახდა, წადი, ის იმ დროს ბათუმში იყო და მთავრობის სხდომებს ატარებდა, რესტორნებშიც დადიოდა. ესენი კი გაჰკიოდნენ რუსთაველზე, წადიო.
- რაც შეეხება ოპოზიციონერი ლიდერების მოსკოვში გახშირებულ ვიზიტებს, საზოგადოების აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით ორად იყოფა, ნაწილი ნოღაიდელსა და ბურჯანაძეს მოღალატედ მიიჩნევს, როგორია თქვენი პოზიცია?
- ეს პოლიტიკოსების მოსაგვარებელია და არა ჩემი ან თქვენი. ხელისუფლებამ უნდა დაასტაბილუროს მდგომარეობა რუსეთთან. ამ საქმეს ბურჯანაძე და ნოღაიდელი ვერ მიხედავს, რას ჰპირდებიან მათ რუსეთში, არც მე და არც საზოგადოებამ არ იცის.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100