სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინას გეგმა და სერგოს გზა...

მას ბევრჯერ შეეშალა... შეეშალა ხან კლასიკოსების, ხანაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გვარ-სახელები. ვერ მეტყველებს გამართულად, გატაცებულია ქირომანტიით, უცნაური და ეჭვიანია. აზროვნებს რუსული კლიშეებით. მისტირის საბჭოთა კავშირს... ცდილობს იყიდოს ხალხი...

ალბათ მიხვდით - ეს ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილი, რომელმაც, პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, საზოგადოებას ბევრი გასართობი აჩუქა - თავისი უცნაური მეტყველებით, აბდა-უბდა წინადადებებით, სასაცილო ფრაზებითა და ისეთი სულელური გამონათქვამებით, რომლებმაც მის თავგადაკლულ ფანებსაც კი გაუჩინა კითხვა - ამან როგორ იშოვა მილიარდები?

მისი პოლიტიკური პორტრეტი კომიკურია, გუნდი - ძველმოდური, პროგრამა - მწირი და ქაოსური, ტექსტი - პრიმიტიული... თუმცა, საზოგადოებისათვის უცნობია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - როგორია მისი ნამდვილი, რეალური გეგმა? რისთვის ემზადება ბიძინა - ხელისუფლებაში მოსასვლელად თუ რუსული ტანკების საქართველოში მოსაწვევად?

რატომ?

რამდენიმე თვეში საქართველო ისტორიული გზაგასაყარის წინაშე აღმოჩნდება. ქვეყანამ ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. შესაბამისად, ოქტომბერი განსაზღვრავს - როგორი იქნება საქართველოს მომავალი - კვლავ პროდასავლური თუ პრორუსული.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ უამრავი უმძიმესი მომენტი გადაიტანა - ომი, გაჭირვება, დაპირისპირება, სამოქალაქო მღელვარება, საშინაო და საგარეო სირთულეები...

თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა ერთი რამ ზუსტად ვიცოდით - ჩვენი ქვეყანა სულ უფრო მეტად სცილდებოდა ყველა დროის ყველაზე ვერაგი მტრის - რუსეთის ჩექმას და უახლოვდებოდა თავის ისტორიულ ნავსაყუდელს - ევროპას.

ჩვენ, შესაძლოა, არ მოგვწონდა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, პოლიტიკოსი, კანონი, გადაწყვეტიულება, საკადრო პოლიტიკა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ ცალსახად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი - ქვეყნის პროდასავლური კურსი შეუქცევადი გამხდარიყო.

ბუნებრივია, ეს პროცესი მიუღებელია საქართველოს განვითარების მთავარი მუხრუჭის - რუსეთისთვის და ამიტომ, კრემლში იწერება და მუშავდება უამრავი გეგმა - ჩვენი ქვეყნის საგარეო ვექტორის ჩრდილოეთისკენ შებრუნების მიზნით.

შეუძლებელია - ადამიანი, რომელიც რუსმა „სალდათებმა“ საკუთარი სახლიდან გააგდეს და დევნილად აქციეს, მოუკლეს დედა, მამა, ძმა, მეგობარი, წაართვეს მიწა-წყალი, დაამცირეს, სცემეს, შეურაცხყვეს რუსეთის მოკეთედ და პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერად აქციო. ივანიშვილი კი, მაინც ჯიუტად ცდილობს საქართველოში პრორუსულ პროპაგანდას. რატომ?

შეუძლებელია, ბიძინამ არ იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა: ა) მხარს უჭერს პროდასავლურ კურსს ბ) მიიჩნევს, რომ რუსეთი ოკუპანტია. გ) ემიჯნება პრორუსულ პოლიტიკას.

შეუძლებელია, მას გულწრფელად სჯეროდეს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი უარს იტყვის საქართველოს პროდასავლურ კურსზე და ხმას არჩევნებში მონაწილე პრორუსული პარტიის სახით, ოკუპანტ რუსეთს მისცემს.

შეუძლებელია, ივანიშვილისთვის ძნელი მისახვედრი იყოს, რომ ოქტომბერში არჩევნებს წააგებს.

შეუძლებელია, ის იმიტომ ემზადებოდეს არჩევნების წასაგებად, რომ დამარცხებული, ჭორვილის სასახლეში გამოიკეტოს და დეპრესიას მიეცეს.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეუძლებელიც შესაძლებელია, მაგრამ არა ახლა და არა აქ - როცა საქართველო, შესაძლოა ნელა, შესაძლოა ავად თუ კარგად, მაგრამ მაინც უახლოვდება ნატოს, ევროკავშირს, ევროპულ ოჯახს...

ივანიშვილი და...

სცენარი, რომელზეც ახლა მოგითხრობთ, სახიფათო და სისხლიანია. სახიფათოა როგორც თითოეული ჩვენგანისათვის, ისე სრულიად საქართველოსათვის. ქვეყანა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ რუსული ინტერვენცია გადაიტანა, შესაძლოა ისევ აღმოჩნდეს რუსული ტანკების წინაშე.

არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის დატრენინგებული ბიძინა და „ქართული ოცნება“, რუსული ოცნების ახდენას ოქტომბრის ბოლოსათვის შეეცდება. მაშინ, როცა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველად მონაცემებს გამოაქვეყნებს...

რა თქმა უნდა, გასაკვირიც არ იქნება, რომ ივანიშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს და პუტინის მსგავსად, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს, საპარლამენტო არჩევნებს წააგებს.

თუმცა, ამ სცენარის მიხედვით, სწორედ, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე უნდა დაიწყოს ის, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება, სიტუაციის უკიდურესად დაძაბმა, სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დარბევა და ქაოსი ჰქვია.

ბიძინა პირდაპირ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ წევრებს, რომ „არ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას“ და რადიკალური მეთოდებით იბრძოლონ „სამართლიანობისათვის“.

ბიძინას სცენარის მიხედვით, იქნება მიტინგები, იქნება არეულობა და უნდა იყოს პროვოკაციებიც. ხოლო, თუ ხელისუფლება რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალის „შევიწროვებას“ დააპირებს, სიტუაცია უკიდურესად უნდა გამწვავდეს. ბიძინამ კი, დახმარების ხელი უნდა სთხოვოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებულ რუს სამხედროებს - ისევე როგორც „შულავერის კომიტეტმა“ სთხოვა დახმარება ჩრდილოელ ძმას...

პუტინის ოცნება

1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებიდან (როცა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარა) მალევე - 1921 წელს, რუსეთის ნებითა და „დიდი“ სერგო ორჯონიკიძის ძალისხმევით, საქართველო „გააწითლეს“.

1921 წლის 25 თებერვალს, მიუხედავად ქართველ სამხედროთა გააფრთებული წინააღმდეგობისა, „წარმატებით დასრულდა საქართველოს გასაბჭოების გეგმა“.

„წითელმა საქართველომ“ საბჭოთა უღელი 70 წელი ზიდა. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლა-დაქუცმაცების შემდეგაც კი, კრემლში არის ადამიანი, რომლის პოლიტიკური საქმიანობის უმთავრესი მიზანი სსრკ-ს აღდგენაა. პუტინი არც მალავს, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო“.

პუტინის მსგავსად, საბჭოთა კავშირის სიკეთეებზე საუბრობს ივანიშვილიც. მან, ბოლო დღეების განმავლობაში, ორჯერ ახსენა საბჭოთა კავშირი და ორივეჯერ იგრძნობოდა ის დიდი ნოსტალგია საბჭოეთის მიმართ, რომელიც ბიძინასა და პუტინის რეალურ მიზანს, ოცნებას წარმოაჩენს.

პუტინის ოცნება საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება და მოდერნიზირებული საბჭოთა კავშირის აღდგენაა. ბიძინას ოცნება საქართველოს რუსულ სივრცეში შეყვანა დაისეთი სახელმწიფოს აშენებაა, რომელიც საბჭოთა კავშირივით მყარი იქნება“. ბიძინა არ მალავს, რომმოუწევსპუტინთან თანამშრომლობა. პუტინი ღიად ამბობს, რომ არ ითანამშრომლებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან.

ყველაფერი ნათელია - ვიცით ბიძინას და პუტინის ოცნება. ვიცით მათი მიზნები და ამოცანები. მეტ-ნაკლებად ცნობილია მათი ბრძოლის მეთოდებიც. ახლა მხოლოდ ერთი რამაა გასარკვევი - დაადგება თუ არა, ივანიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ქართველის - სერგო ორჯონიკიძის გაკაფულ გზას...

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100