2008 წელს სააკაშვილის სალიკვიდაციო „გრუ“-ს ჯგუფმა ბოლო წამს მიიღო ბრძანება: „შეჩერდით!“
„სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოსა და საჰაერო-სადესანტო ჯარების სპეციალური პოლკის რამდენიმე ჯგუფი, უკვე თბილისთან ახლოს იმყოფებოდა და ქართველი ლიდერის დაკავების შესახებ ბრძანებას ელოდა“ - ჰყვება ანონიმი რუსი ოფიცერი.
2008-ში, რუსეთი სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა - ამის შესახებ ერთ-ერთი სკანდალური რუსული ინტერნეტ-საიტი, საჰაერო-სადესანტო ჯარების სპეციალური ჯგუფის ოფიცერზე დაყრდნობით წერს.
პუბლიკაციაში ვადებსა და თარიღებზე არ საუბრობენ, თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული „სპეცოპერაცია“, სწორედ 2008 წელს იგეგმებოდა, რადგანაც საუბარი 2010 წელსაა ჩაწერილი და რესპონდენტი „ორი წლის წინანდელ ამბებზე“ საუბრობს.
მისი თქმით, სააკაშვილის მოტაცების ან ლიკვიდაციისათვის წარგზავნილ სპეციალურ ჯგუფებს, სრული ინფორმაცია ჰქონდათ, „სად, როდის და როგორი დაცვის თანხლებით იმყოფებოდა „ობიექტი“. ამოცანა ასეთი იყო: შეძლებისდაგვარად, მოგვეტაცებინა ან ლიკვიდირება მოგვეხდინა მისი. ამასთან, უნდა ჩაგვეტარებინა, სამუშაოები, ასე ვთქვათ, ყურადღების გადატანისათვის, რათა არ არსებულიყო პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ მომხდართან რუსი სამხედროები იყვნენ კავშირში“.
ოფიცრის მონაყოლით, ჯგუფები კერძო სახლებში, თბილისის გარეუბნებში განთავსდნენ. „გრუ“-ს ოპერმუშაკები, ტექნიკური საშუალებებით ადევნებდნენ თვალს მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას. თუმცა, უკანასკნელ მომენტში, „როცა ყველაფერი მზად იყო, რათა ადგილზე მივსულიყავით და დავალება სისრულეში მოგვეყვანა, მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება - „შეჩერდით“.
ჯგუფები მალულად გავიდნენ ქალაქიდან და დროებითი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ - „გრუ“-შნიკები „სამხრეთ ოსეთს", საჰაერო-სადესანტო ჯარების სპეცჯგუფები კი - გუდაუთის ბაზას აფხაზეთში“.
იმისათვის, რომ რუსი ოფიცრის მონათხრობმა მკითხველი არ აღაშფოთოს, ინტერნეტ-გამოცემას „თანამედროვე ისტორიის მაგალითები“ მოყავს, როცა ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს ლიდერის განადგურების გეგმას ადგენდა. და იქვე დასძენს, რომ იგივე რუსი მედესანტეები და სამხედრო დაზვერვის სპეცჯგუფები, 1994 წლის დეკემბერში, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჩეჩნეთის საკითხის, პრაქტიკულად, უსისხლოდ გადაწყვეტას სთავაზობდნენ… მაგრამ, როგორც ჩანს, კრემლს სისხლიანი ოპერაცია სურდა და განახორციელა კიდეც ის.
ოფიცერი ჰყვება, რომ „ჯოხარ დუდაევის ირგვლივ მუდმივად იმყოფებოდნენ ჩვენი აგენტები. მათი მეშვეობით რეალიზება მოხდა დეზინფორმაციული სქემისა, რომ, თითქოსდა, დუდაევის ოპონენტი რუსლან ლაბაზანოვი ტყვედ ბარდებოდა, რაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, ან სოფელ ძველ ატაგში ან გორაგორსკში. დუდაევი აუცილებლად პირადად წავიდოდა იქ, თუმცა, მრავალრიცხოვანი დაცვის თანხლებით. მისი ლიკვიდაცია გზაში უნდა მომხდარიყო. სპეცრაზმი უკვე მზად იყო მოზდოკიდან ადგილისკენ დაძრულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ ჩეჩნეთი საჯაროდ უნდა გაემათრახებინათ და არა ჩუმად. შედეგი ცნობილია“ - ამბობს ანონიმი ოფიცერი.
რაც შეეხება საქართველოს, პუბლიკაციის ავტორი, რომელიც სხვათა შორის, წერილს გვარს და სახელს არ აწერს, ამბობს, რომ „თუ ბოლომდე გულახდილები ვიქნებით, სპეცრაზმის ჯგუფები ერთადერთი რუსი სამხედრო მოსამსახურეები არ იყვნენ, რომლებიც მზად იყვნენ შოთა რუსთაველის პროსპექტზე გაესეირნათ. სატანკო და სახმელეთო ფორმირებებში, მაშინ ოფიცრები პირდაპირ ამბობდნენ, რომ შემდეგი გაჩერება თბილისია. სატანკო კოლონები ქალაქიდან ზუსტად 3 საათის სავალზე იდგნენ. საქართველოს დედაქალაქის რუკები დარიგებული იყო, ჩატარებული იყო დამატებით ინსტრუქტაჟები და განსაზღვრული იყო ეკიპაჟების სამხედრო განლაგება“...
კომენტარი