სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველაფერი დამავწყდა... წავედი, გავიცანი, შემიყვარდა, გარდაიცვალა, განვიცადე დავასაფლავე და დავბრუნდი" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ლაშა გურგენიძესთან

უნიჭიერესი და უსიმპათიურესი მსახიობი ლაშა გურგენიძე საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი და საყვარელი ადამიანი გახდა. ის ორი თეატრის მსახიობია, ამასთან მას არაჩვეულებრივად აკეთებს სხვადასხვა პეროდიებს, რითაც საზოგადოებაში ფურორი მოახდინა. ლაშას ფოტოგრაფიის ნიჭიც აღმოაჩნდა, რის შესახებაც სავარაუდოდ ძალიან ცოტამ იცის.

დრონი.ჯი შეხვდა უნიჭიერეს მსახიობს და ჩაწერა მასთან ინტერვიუ.

- დრონი.ჯი-ს მკითხველს უკეთ რომ გავაცნოთ შენი თავი, მოგვიყევი, ვინ არის ლაშა გურგენიძე?

- მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. მომწონდა ძალიან კლოუნები, თუ რამხელა სევდასა და ტკივლის ატარებდნენ და გროტესკში როგორ გამოხატავდნენ თავის ტკივლის, რაზეც ხალხს ეცინებოდა. ჩემებს სიგიჟემდე უნდოდათ, სტომატოლოგი ვყოფილვიყავი. ჩავაბარე, დავამთავრე და როდესაც პირველად კბილის გაკეთება დავიწყე, იმ დღესვე ვთქვი, რომ მე მსახიობობა მინდოდა. ავიღე ჩემი საბუთები ისე, რომ არავის ვუთხარი და გავედი გამოცდებზე. პირველ ტურში ლექსი დამავიწყდა, იგავ-არაკი შემეშალა, ცეკვით ვერ ვცეკვავდი, სიმღერაშიც უნიჭო ვარ. შალუტაშვილი იყო ჩემი პედაგოგი და მკითხა: რატომ მოხვედი შვილო, რა გინდა თეატრალურშიო. უცებ ისეთი უხერხულობა ვიგრძენი, დავიბენი და ვუთხარი - რა ვიცი, შემოვიარე, მაინტერესებდა აქ რა ხდებოდა-მეთქი (იცინის). კაი, ხო და წადი ახლაო. კარში გმოვდიოდი და თამილა ლაშხიშვილმა (როგორ მიყვარს ცხონებული, ერთ-ერთი უძლიერესი მეტყველების პედაგოგი იყო) მკითხა, პროზას რას კითხულობო, მეთქი ტერენტი გრანელის „სიკვდილის შემდეგ“. გიჟდებოდა თამილა ტერენტიზე და გიორგის სთხოვა - „ხომ იცი როგორ მიყვარს ტერენტი, უბრალოდ ჩემი ხათრით წავაკითხოთო.“

დავჯექი და ვთქვი, ჩემი ბოლო შანსია მეთქი, სკამი ორ მეტრში დავუდგი თამილას და დავიწყე. „მოვკვდები ღამის, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა...“ აბსოლუტურად ყველაფერი დამავიწყდა. წავედი, ტერენტი გავიცანი, შემიყვარდა, გარდაიცვალა, განვიცადე, დავასაფლავე და დავბრუნდი გამოცდაზე. ამ ყველაფერზე ცრემლიც კი მომადგა. ერთმანეთს უცნაურად გადახედეს და ასე მივიღე შანსი მეორე ტურში მონაწილეობის. სამი დღე იყო დარჩენილი და ძალიან ვეცადე. მოკლედ: ამიყვანეს და თქვეს პირველი კურსი შევხედოთო თუ გაიზრდება მაშინ დავტოვოთ თუ არა და გავუშვათო. პირველ კურსზეც, მეორეზეც და მესამეზეც უმაღლესი ქულა დამიწერეს და ყველაზე მეტადაც ვუყვარდი. გულით მოვინოდმე, არც ერთ ლექციას ვაცდენდი , ჩავაბარე ფასიანზე და ჩემით ვიხდიდი. ფასაინზე ვინც ხვდება, მას სტიპენდია არ აქვს. დამინიშნეს ქართუს სტიპენდიაც, საქართველოს ბანკმაც თავისი სტიპენდია დამინიშნა და სწავლის 70% გადასახადი რექტორმაც მომაჭრა, მხოლოდ 500 ლარის გადახდა მიწევდა. დავამთავრე წარჩინებით, წითელ დიპლომზე. გიორგი შალუტაშვიმა გამიწია რეკომენდაცია გრიბოედოვში, ორ კვირაში დაიწყო „მექანიკური ფორთოხალის“ დადგმა, სადაც მთავარ როლზე ამიყვანეს და ასე ჩავჯექაი თავისუფალი თეატრის შტატშიც.

ასე მოვხვდი ამ ორი თეატრის დასში. „ჩვენი პატარა ქალაქი“ - ეს სადიპლომო სპექტაკლი იყო, რომლითაც ინგლისში წავედით და შეფილდში ჩატარდა მსოფიო ფესტივალი. 220 ქვეყნიდან მხოლოდ 20 იღებდა მონაწილეობას, სადაც რუსეთი და საფრანგეთი ვერ მოხვდა. გავედით და 5 სპექტაკლი ვითამაშეთ. ექვსი მთავარი პრიზი იყო და სამი ავიღეთ ჩვენ. ერთი აიღო ლონდონის ლიცმა, ერთი აიღო შოტლანდიამ და ერთი - გერმანიამ.

- შენ მსახიობი ხარ ორ თეატრში. შეგიძლია გვითხრა, როგორია მსახიობის ერთი ჩვეულებრივი დღე?

- სამწუხაროდ ჩვეუებრივი დღე არ გვაქვს. ჩემთვის ჩვეულებრივი დღე შედგება: სპექტაკლისგან, რეპეტიციისგან, გახმოვანებისგან, მერე ისევ სპექტაკლისგან, შემდეგ ქასთინგზე გავარდნა, სინჯის ჩაწერა... მქონია დღეები, როცა ხუთი სპექტაკლი მითამაშია. დილიდან შუაღამემდე მაქვს აბსოლუტური საგიჟეთი. ხშირად ისე ხარ, რომ არავითარი ემოცია და ენერგია აღარ გაქვს, გამოფიტული ხარ, შესაბამისად ჩვეულებრივი დღე არ მაქვს (იცინის).

- უდაოდ ნიჭიერი მსახიობი ხარ, ძალიან პოპულარული ხარ შენი პაროდიებით. ვისზე გაკეთებულმა პაროდიამ დაიმსახურა ყველაზე დიდი მოწონება და თვითონ იმ ადამიანისგან რა კომენტარი მიიღე?

- ზოგადად, ცოტა გული მწყდება, რადგან მხოლოდ ამ კუთხით მიცნობენ, როდესაც ეს არის ჩემთვის “ც“, ანუ, ეს არ არის ჩემი პროფესია, ეს არის დამატებითი რაღაც, რითაც სიამოვნებას ვიღებ. ზურა ყიფშიძის პაროდია არის ყველაზე პოპულარული, თვითონ ზურასაც ძალიან მოსწონს. არ ვცდილობ პაროდია გავაკეთო, არ ვმეცადინეობ, უბრალოდ, თავისით მოდის ეს ყველაფერი.

- ძალიან ბევრ გოგონას მოსწონხარ. როგორი დამოკიდევუება გაქვს მათ მიმართ, ვინც შენთან გრძნობებს არ მალავენ?

- შენ უნდა დაიჭირო გარკვეულო დისტანცია. კი, ზოგს აქვს ის მომენტი, რომ მერე რა, რომ ცოლი ჰყავს, მე მაინც ვცდი... უნდა ეცადო მოზომილად, უხეშად არა, მაგრამ მოზომილად უჩვენო, რომ არ აქვს აზრი ამ ყველაფრის კეთებას. ზოგი პირდაპირ გახტება, ზოგი „ტონკად“, შორიდან გეფლირტავება. გაყვები, გაყვები... არ გაყვები და იქ გაჩერდება. მთავარია, შენ სადამდე მიუშვებ. როდესაც შენ ადამიანი გიყვარს და მისით ხარ სავსე, გარშემო ეს რაღაცეები არ გაწუხებს, ბუნებრივი ხდება ეს ყველაფერი და სასიამოვნოც კია.

- როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ძალიან ლამაზი მეუღლე გყავს. მოგვიყევი თქვენი პატარა ოჯახის შესახე.

- გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ექვს სამსახურში და ვედები ყველაფერს, დროც სამწუხაროდ ცოტა გვაქვს. თვითონაც მუშაობს - დიზაინერი და მხატვარია. ჩვენი ურთიერთობა სასწაულად თბილია, თაკო საოცრად თბილი და გამგებია, ცოტა რაღაცეებში ჯიუტიც არის, მაგრამ არა გამაღიზიანებად. მისი ის სიჯიუტეც მიყვარს. ძალიან მგრძნობიარეა, შიშველი ნერვივით არის. საერთოდ არაა ეჭვიანი, წამითაც არ აღიზიანებს ჩემთან მოსული შეტყობინებები ტექტსებით: „ვგიჟდები შენზე“, „სასწაულად მომწონხარ“... პირიქით, ბევრჯერ გამიცია მის თვალწინ პასუხი და მადლობა მითქვამს მათთვის, ბევრი თაკოსაც სწერს. ის არის ქალი, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კაცს მოეწონოს. ორივეს გვსიამოვნებს ეს ყუარდღება და აბსოლუტურად ჯანსაღი დამოკიდებულება გვაქვს. საოცრად მიყვარს, სიყვარული ხომ უსასრულოა, უსასრულოზე მეტად მიყვარს. რა თქმა უნდა, ირგვლივ უამრავი ლამაზი ქალია და ასეთ ქალებს რა დალევს, მაგრამ არის ერთი ლამაზი ქალი, რომელიც „ოთახში ჰაერზე მეტიცაა“ - ჭილაძის სიტყვებს დავესესხები, იმიტომ, რომ ჩემი სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ, რა არის საყვარელი.

- ალბათ, ძალიან ბევრი პერსონაჟი განგისახიერებია, ზოგი მოგწონდა, ზოგი - არა. თუ დაუტოვებია რაიმე კონკრეტული თვისება რომელიმე პერსონაჟს შენთვის?

- სიმართლე გითხრა, არ მიფიქრია ამზე. რაიმე თვისება ნაკლებად, უფრო მზრდის ყველა პერსონაჟი გონებრივადაც და ემოციურადაც. ვცდილობ, არ ვიყო ერთნაირი. ყველა პერსონაჟი ჩემში ცხოვრობს და იღვიძებს იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც სცენაზე ვდგები, შემდეგ გარეთ აღარ მომყვება.

- რთულია იყო მსახიობი?

- ძალიან! ძალიან შრომატევადია. ჩემი საყვარელი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის სიტყვებს მოვიშველიებ: „ის რასაც მივაღწიე, იყო 99% შრომა და 1% ალბათ შთაგონებაო“ - ამ სიტყვებში რამაზს არ ვეთანხმები იმ კუთხით, რომ ყველა პროცენტით ნიჭიერია და ღმერთისგან ასეთად - გენიოსად დაბადებული ადამიანი იყო. რამაზისნაირი ადამიანები ძალიან იშვიათად იბადებიან. ვეთანხმები იმაში, რომ შრომა არის ყველაფრის გადამწყვეტი ამ სფეროში და არა მხოლოდ.

- შენი სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრე...

- ახალი სპექტაკლი დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ - „პაემანი სამისთვის“. კომედიაა, რასაც ხშირად ითხოვს მაყურებელი და სამწუხაროდ, სიმცირე გვაქვს დღევანდელ თეატრებში. რეჟისორი გახლავთ თომა ათანელიშვილი, ნუგზარ ლორთქიფანიძის შვილიშვილია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვა. იგეგმება გასტროლები და გადაღებები მაქვს.

- ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი.

- დამღლელი და აუტანელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100