ქურციკიძემ პროკურატურას საპროცესო გარიგება სთხოვა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ზურა ქურციკიძე დღეს დამატებით დაიკითხა. დაკითხვის დროს ქურციკიძემ პროკურატურის წარმომადგენლებს თავად შესთავაზა, რომ მასთან საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ.
„გამოძიებას დამატებითი კითხვები ჰქონდა ზურასთან. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ თავად შესთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. რაზეც პროკურატურამ განცხადების დაწერა მოსთხოვა. ამ განცხადებას განიხილავენ და ალბათ ამის შემდეგ შესთავაზებენ პირობებს,“– განაცხადა „ტრიბუნა.ge“–სთან საუბრისას ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 7 ივლისს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე – „პრაიმ ტაიმის“ ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ალიას“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი აბდალაძე, „ევროპის ფოტოსააგენტოს“ კორესპონდენტი ზურა ქურციკიძე და „ასოშეიტედ პრესის“ ფოტოკორესპონდენტი შახ აივაზოვი დააკავეს. მათგან აივაზოვი მოდულის შენობიდანვე გაათავისუფლეს, ნათია გედენიძე კი – 10–ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ.
დაკავებულებს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დროისთვის სამართალდამცავების ინფორმაციით, აღიარებითი ჩვენება სამივე დაკავებულმა ფოტოგრაფმა მისცა.
ჟურნალისტები და დაკავებულთა ადვოკატები აღიარებით ჩვენებს სარწმუნოდ არ მიიჩნევენ. მედია პროტესტის გაგრძელებას აპირებს, ადვოკატებმა კი საკუთარი შენიშვნები ოქმებში დააფიქსირეს და სასამართლო პროცესებს ელიან.
კომენტარი