სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ეს იმისთვის კეთდება, რომ გოგონას საწოლში კაცი არ დასჭირდეს“ - ყვარელში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა გამოვლინდა

საქართველოში, კერძოდ, ყვარლის რაიონის ეთნიკური ხუნძებით დასახლებულ რამდენიმე სოფელში ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა გამოვლინდა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ (IWPR) აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ გოგონების შემთხვევაში წინადაცვეთის პროცედურა სახლში ტარდება. კანს მაკრატლით ჭრიან და ჭრილობას ხანდახან სუფთა სპირტით წმენდენ. რესპოდენტების განმარტებით, წინადაცვეთის შემდეგ ქალები ნაკლებად ტემპერამენტიანები არიან და სექსუალური ლტოლვა არ აქვთ.

სტატიის ქართულ თარგმანს უცვლელად გთავაზობთ. ამ თემაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრი უკვე მუშაობს და ვრცელ ინფორმაციას მოგაწვდით.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, ეთნიკური ხუნძების (ავარიელები) თემის წარმომადგენელი ასობით გოგონა იძულებულია ქალის გენიტალიების დასახიჩრების ოპერაცია გადაიტანოს.

მას შემდეგ, რაც ამის შესახებ გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ ყვარლის რაიონის სოფლებში თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურში, სადაც ხუნძების დიდი თემი ცხოვრობს და ბავშვობაში გოგონების წინადაცვეთა ხდება, გამოიძიებას დაიწყებს.

„ჩვენ მუსლიმები ვართ. რამადანის დროს ვმარხულობთ. ვიცავთ ჩვენს ისლამურ ჩვეულებებს. წინადაცვეთა ასევე ჩვენი ჩვეულებაა. ამის გარეშე არ შეგვიძლია“ - ამბობს ნაიდა, ქალი სოფელ სარუსოდან. მისი სახელი, ამ სტატიაში მოხსენიებული სოფლის სხვა მკვიდრების მსგავსად, შეცვლილია.

საქართველოს კონსტიტუცია ყველა ადამიანის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების გარანტია, მაგრამ ის ასევე იცავს ჯანსაღი ცხოვრების უფლებას. იგივეს განამტკიცებს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენცია, რომელსაც საქართველოა მიერთებული.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს“ უთხრეს, რომ მათ აქამდე ამ პრაქტიკის შესახებ არაფერი იცოდნენ და რომ არც ადგილობრივი არასამთავრობო და არც ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები არ იტყობინებოდნენ, რომ ქალის გენიტალიების დასახიჩრება ქვეყნის მასშტაბით სადმე ხდებოდა.

ქართველებმა ზოგადად ძალიან ცოტა რამ იციან კავკასიის მკვიდრი ეთნიკური ჯგუფის ხუნძების (იგივე ავარიელები) შესახებ, რომლებიც ისტორიულად დაღესტნის მთიან ნაწილში ცხოვრობდნენ. მეზობელი საქართველოს ყვარლის რაიონთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების შედეგად, მე-18 საუკუნეში ხუნძების ნაწილი იქ დასახლდა და მათი დაახლოებით 3 000 შთამომავალი დღესაც იქ ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ხუნძები თავიანთი სამშობლოდან შორს, საქართველოს განაპირა რეგიონში ცხოვრობენ, მათ მტკიცედ შემოინახეს საკუთარი კულტურა და ტრადიციები, მათ შორის ხუნძური ენა, სამზარეულო, საქორწინო და სამგლოვიარო რიტუალები და რელიგიური ჩვეულებები. როგორც წესი, ხუნძები ოჯახურ კავშირებს მხოლოდ საკუთარ თემში ამყარებენ.

ამინა მაგომედოვა, სარუსოს მკვიდრი, წინადაცვეთის პროცედურას ბოლო 20 წელია ატარებს. არ ახსოვს, რამდენი გოგონა გაჭრა, მაგრამ, მისი თქმით, მათი რიცხვი ძალიან ბევრია.

„მუსლიმები გოგონებისა და ბიჭების წინადაცვეთას ახდენენ. მე მხოლოდ გოგონებისას ვაკეთებ“, - ამბობს მაგომედოვა.

როდესაც ბიჭების წინადაცვეთა სრულდება, რაიონულ საავადმყოფოში მიჰყავთ, სადაც ოპერაციას ქირურგი ატარებს.

გოგონების შემთხვევაში პროცედურა სახლში ტარდება. კანს მაკრატლით ჭრიან და ჭრილობას ხანდახან სუფთა სპირტით წმენდენ.

„კლიტორის წვერზე შავი წერტილია, რომელიც უნდა მოიჭრას. ეს ისაა, რაც დედამთილმა მასწავლა. ის ამ საქმეში გამოცდილი იყო და ეს სოფელში ყველასთვის ჰქონდა გაკეთებული. მაგრამ მე ამას უცხოებისთვის არ ვაკეთებ, არამედ მხოლოდ მათთვის, ვისაც ვიცნობ“, - ამბობს ის.

ბიჭებთან უფრო რთულია. ამიტომ არის, რომ ეს საქმე ექიმმა უნდა გააკეთოს. გოგონების შემთხვევაში მხოლოდ გაჭრა ხდება. დიახ, სისხლი მოდის, მაგრამ ეს საშინელებაა არაა. შეუძლიათ მაშინვე ჩაიცვან საცვლები და წავიდნენ“, - განცხადა მაგომედოვამ.

აგვისტოში, არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლებრივი ინიციატივა რუსეთისთვის“ მიერ გამოქვეყნდა ანგარიში, რომელმაც გამოააშკარავა, რომ დაღესტანში, ათობით ათასმა ხუნძმა ქალმა და გოგონამ კლიტორის დასახიჩრება გადაიტანა.

ნადია, რომელიც სოფელ სარუსოდანაა, აცხადებს, რომ ამ საკითხზე მედიაში არსებულმა გამოხმაურებამ გააბრაზა.

„მტკივნეული იყო „ფეისბუქში“ კომენტარების კითხვა“, ამბობს ის, „ზოგი დაგვცინოდა, ზოგი მასხრად გვიგდებდა. ვპასუხობდი, სასაცილოდ კი ნუ ხდიდნენ ჩვენს ჩვეულებებს, არამედ საკუთარი დაეცვათ. ჩვენ მუსლიმები ვართ და ვცხოვრობთ მუსლიმური ჩვეულებების მიხედვით. ამის არ მცხვენია, ვინარჩუნებ ჩემს რწმენას“.

დაღესტანში წინადაცვეთის პრაქტიკის წარმომავლობა უცნობია, განმარტავს საიდა სირადიუდინოვა, ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი და პოლიტიკური მეცნიერებისა და ეთნიკური პოლიტიკის დოქტურანტურის სტუდენტი საჯარო სამსახურის ჩრდილოკავკასიურ აკადემიაში, დონის როსტოვში, რუსეთში.

„ეთნოგრაფი იური კარპოვი ქალთა წინადაცვეთას წინაისლამურ ჩვეულებებს მიაწერს… მაგრამ ეს მხოლოდ მისი ჰიპოთეზაა. შეცდომა იქნებოდა მხოლოდ მისი გათვალისწინება. არ არსებობს ზუსტი წყარო, რომელიც ახსნიდა როგორ წარმოიშვა ქალთა წინადაცვეთა დაღესტანში. ეს ტრადიცია საქართველოში ხუნძებმა წაიღეს, რომლებიც იქ დასახლდნენ“, - ამბობს ის.

ორგანიზაციის მკვლევარების თანახმად, დაღესტანში ქალის გენიტალიების დასახიჩრების ერთი სტანდარტი დადგენილი არ არის.

„გენიტალიების ოპერაციების ვარიანტები და ფორმები დამოკიდებულია იმ ქალის გამოცდილებაზე, რომელიც ოპერაციას ატარებს, ასევე იმ ქალის სურვილზე, ვისაც გოგონა საოპერაციოდ მოჰყავს და რაიონზეც კი, სადაც ოპერაცია ტარდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაიის მიერ ქალის გენიტალიის დასახიჩრების ოთხი ტიპიდან დაღესტანში სამი გვხვდება. ესენია ჩაჭრა და სისხლის გამოშვება, კლიტორის ნაწილის მოცილება და კლიტორისა და მცირე სასქესო ბაგეების ამოკვეთა.

სარუსოში სრულდება ჩაჭრა, რასაც სისხლდენა უნდა მოჰყვეს, განსხვავებით თივისა და ჩანთლიყურისა, სადაც კლიტორის წვერს ჭრიან.

„პატარა ნაწილია, მარცვლის მსგავსი. ოპერაციის შემდეგ მას აგდებენ“, - ამბობს სოფელ თივის მცხოვრები.

ნაიდას ბიძაშვილს, ზარიფათს სამი ქალიშვილი ჰყავს. მათგან ორმა უფროსმა გენიტალიის დასახიჩრების იპერაცია უკვე გადაიტანა. ზარიფათი წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისმა დედამთილმა დაიჟინა, თუმცა კი ბოლოს ეს გადაწყვეტილება ინანა.

როცა დავინახე, როგორ ტიროდნენ ისინი, ვინანე რაც ჩავიდინე. რისთვის? ნუთუ ამის გარეშე მუსლიმები არ იქნებოდნენ“, - განაცხადა გოგონების ბებიამ.

„მხოლოდ სოფელის ხალხს ენდომებოდა გაეგო, რატომ არ გავუკეთეთ გოგონებს წინადაცვეთა“ , აგრძელებს მუსლიმათი. „მათ თქვეს, „ეს უნდა გაკეთდეს, ჩვენ მუსლიმები ვართ“. მაგრამ თუ არ გავაკეთებდი, ვინერვიულებდი, რომ მათ წინადაცვეთა არ აქვთ და ჭეშმარიტი მუსლიმები არ არიან“.

რელიგიური მიზეზების გარდა, ხუნძები ამბობენ, რომ გენიტალიების დასახიჩრება ქალის პიროვნებას ცვლის.

ამბობენ, რომ წინადაცვეთის შემდეგ ქალი ნაკლებად ტემპერამენტიანია და არ აქვს სექსუალური ურთიერთობა“, - ამბობს სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი.

ყველაფრის მიუხედავად, ზოგიერთი ოჯახი ამ ტრადიციის დაცვაზე უარს ამბობს.

ეს იმისთვის კეთდება, რომ გოგონას საწოლში კაცი არ დასჭირდეს“, ამბობს თივში მცხოვრები იმანიათი. „მაგრამ თუ ოჯახური ცხოვრების ინტერესი არ არსებობს, რა სახის ქორწინება შეიძლება არსებობდეს? მხოლოდ ერთად ცხოვრება? არა, წინადაცვეთას ჩემს ქალიშვილს არ ჩავუტარებ“.

იმანიათის ოჯახი მახაჩკალაში, დაღესტნის დედაქალაქში ცხოვრობდა, რამდენიმე წლის წინ კი თივში გადმოვიდნენ. ის ამტკიცებს, რომ ქალთა წინადაცვეთას ისლამთან მცირე კავშირი აქვს.

„ერთი მუფთის თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალის გარყვნილება არ იყოს. მაგრამ კაცია ის, ვინც პირველ ნაბიჯს დგამს გარყვნილებისკენ. ქალი, სუსტი სქესი, ემორჩილება მას. არსებობს ღვთის წიგნი - ყურანი, რომელიც არ ამბობს, რომ გოგონა ვალდებულია წინადაცვეთილი იყოს“, - ამბობს იმნაიათი.

მართლაც, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი, იასინ ალიევი, ასევე აღნიშნავს, რომ ამგვარი ვალდებულების შესახებ ყურანში არაფერი წერია.

ქალის გენიტალიების დასახიჩრება ან მოკვეთა ადგილობრივ ავარებში შეზღუდულია. ამ პრაქტიკისგან თავს იკავებენ ქართველი მუსლიმები სხვა ეთნიკური ჯგუფებიდან.

„ზოგიერთი ერი ამას საკუთარი ტრადიციების მიხედვით აკეთებს, მაგრამ არა ისლამურ კანონზე დაყრდნობით… შესაძლოა გოგონების წინადაცვეთას რაიმე კავშირი აქვს ხუნძების ეროვნულ ჩვეულებასთან, ეს სხვა საქმეა“, - ამბობს ალიევი.

„ყურანი არ ამბობს, რომ წინადაცვეთა ვალდებულებაა“, - განმარტავს ის. „მუსლიმად გახდომისთვის, შეგიძლია თქვა შაჰადა [რწმენის დადასტურება: „არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი მისი შუამავალია“] და მიჰყვე ისლამის მცნებებს. წინადაცვეთა ამისთვის აუცილებელი არ არის“.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმის გარდა, არსებობს ქალის გენიტალიების დასახიჩრებასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური რისკებიც.

იმ შემთხვევაში, თუ წინადაცვეთის პროცედურა სტერილურ გარემოში არ ჩატარდა, ყოველთვის არის სხვადასხვა დაავადების რისკი, მათ შორისაა ჩირქოვანი ინფექცია, ტეტანუსი, ჰეპატიტი, სისხლის მოწამვლა. ინსტრუმენტის სპირტით დამუშავება არ იძლება სტერილურობის რაიმე გარანტიას და არ იცავს სერიოზული დაავადებებისგან“, - ამბობს პაატა იმნაძე.

გინეკოლოგი და რადიოლოგი ნინო დათოშვილი სხვა პრობლემებსაც ჩამოთვლის.

კლიტორის მოკვეთა ძალიან სახიფათოა. ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს. მაგალითად, შესაძლოა იყოს სისხლდენა, ნაწიბუროვანი ჰიპერტროფია ან გართულება მკურნალობის პროცესში. ასევე არსებობს ინფექციის შესაძლებლობაც და შემდეგ შეიძლება დაჩირქება დაიწყოს. ნებისმიერი ოპერაცია, პატარა და უმნიშვნელოც კი სპეციალურ კაბინეტში სტერილურ პირობებში უნდა ჩატარდეს“, - ამბობს დათოშვილი.

მაგომედოვა, რომელიც გოგონებს სარუსოში ჭრის, ამბობს, რომ ასეთი რისკები გაზვიადებულია.

ოპერაციამდე ალაჰისკენ ვბრუნდები და ხუნძურ ენაზე ვთხოვ, ყველაფერი კარგად დასრულდეს. მრავალი წლის განმავლობაში, სოფელში არ ყოფილა წინადაცვეთის შემდეგ სისხლის მოწამვლის შედეგად გოგონას გარდაცვალების შემთხვევა“, - აცხადებს მაგომედოვა.

ამის მიუხედავად გაეროს ორგანიზაციები ნათლად განმარტავენ, რომ ქალის გენიტალიების მოკვეთა არის ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ არ იცოდნენ, თუ ქვეყანაში ქალებისთვის გენიტალიის მოკვეთა ხდებოდა.

საქართველოს ჯანდავის სამინისტროში „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს“ განუცხადეს, რომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე ქალთა წინადაცვეთის შესახებ პირველად გაიგეს.

„არ ვიცით, თუ აქ მსგავსი რამ ხდება“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა. „ამის შესახებ ინფორმაცია კახეთში მომუშავე ჩვენს არცერთ დეპარტამენტს არ მოუწოდებია. თუ ვინმე დახმარებისთვის მოგვაკითხავს, ალბათ შესაძლებელი იქნება შემოწმება. მაგრამ აქამდე, არანაირი საჩივარი არ მიგვიღია“.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს“ განცხადა, რომ გამოძიებას დაიწყებენ.

„თქვენი ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშებში გადავამოწმეთ, მაგრამ ამგვარი ფაქტები არსადაა ნახსენები. მაგრამ, ამის მიუხედავად, სახალხო დამცველმა გამოთქვა მზადყოფნა ყვარლის რაიონის თქვენს მიერ დასახელებულ სოფლებში განახორციელოს მონიტორინგი და მოგვაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100