სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნინო მიქიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და მორიგი პროვოკაციაა“

კომპანია „არემჯი“ ჟურნალის ნინო მიქიაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

„არემჯი“ დღეს ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმაურება, თითქოს ყაჩაღიანის უბანზე უძველესი ნასახლარების და სამარხების ნგრევის პროცესი მიმდინარეობს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მორიგი პროვოკაცია.

ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოები, მაგრამ არა ყაჩაღიანის ბორცვზე, არამედ სრულიად სხვა ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი პირდაპირ ავალდებულებს კომპანიას და რასაც ე.წ. ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ეს ფაქტი ასევე დაადასტურეს „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრებმა, კერძოდ ი. მამალაძემ და ნ. ბურჭულაძემ, რომლებიც დღეს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. ისინი თავად გაეცნენ ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს და დარწმუნდნენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოები კანონიერად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არქეოლოგიური სამუშაოები კანონისა და წესების სრული დაცვით, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ ხორციელდება და ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია კვლევის საბოლოო ანგარიშს წარუდგენს შესაბამის უწყებებს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არქეოლოგიური კვლევების გაპროტესტება, საკითხში ჩახედული ნებისმიერი სპეციალისტისთვის გაუგებარი და მიუღებელია. ჩვენთვის კი მართლაც დაუჯერებელია, რომ ზემოთხსენებული განცხადების ავტორი ვერ არჩევდეს ერთმანეთისგან არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს ნგრევისაგან. მსგავსი დილეტანტებისა და არაპროფესიონალებისგან ამგვარი განცხადებები არასერიოზულია.

ზემოაღნიშნული შეგნებული დეზინფორმაცია, შეიძლება მხოლოდ იმ მოტივით აიხსნას, რომ განცხადების ავტორს სურს ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება იმის მტკიცებით, რომ თითქოს ჯერ კიდევ შესაძლებელია უკვე დიდი ხნის აღებული ობიექტის გადარჩენა და ამისთვის აუცილებელია სასამართლოს ძალით კომპანიის საქმიანობის შეჩერება. ასეთი ხრიკის გამოყენება ვფიქრობთ, რომ ნამდვილად არ ჯდება ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში და საჭიროებს პროფესიული კუთხით შეფასებას“, - აცხადებს "RMG ჯგუფის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ფარესაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100