სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არა მგონია ამერიკაში ვინმეს ინკუბატორში ქართველი პრეზიდენტის გამოსაჩეკი კვერცხები ჰქონდეს ჩადებული“

პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდნენ. ოპოზიციური პარტიები არჩევნებისთვის განსაკუთრებული ჰიპერაქტიულობით ემზადებიან, თუმცა პარალელურად არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ.

„დრონი. ჯი“ დაინტერესდა რა იყო ოპოზიციის ასეთი განცხადებების რეალური მიზეზიც და მიზანიც. ამ კითხვით ექსპერტ სოსო ცინცაძეს მივმართეთ, რომელმაც ოპოზიციის განცხადებებს სხვა ახსნა ვერ მოუძებნა, გარდა იმისა, რომ მათი მოქმედება პოლიტიკურ მაზოხიზმად შეაფასა.

„დრონი. ჯი“: ოპოზიცია მუდმივად საუბრობს, რომ არჩევნები გაყალბდება, მიუხედავად ამისა არჩევნებში მონაწილეობას მაინც იღებს, რატომ?

სოსო ცინცაძე: ოპოზიცია ასე იმიტომ საუბრობს, რომ წაგების შემთხვევაში თავი გაიმართლოს. ოპოზიცია ასეთი საუბრებით თავს იზღვევს.

სანახევრო ბოიკოტი არ არსებობს. თუ ბოიკოტი და უნდობლობა იყო, მაშინ ასპროცენტიანი უნდობლობა უნდა გამოცხადებულიყო. როცა ამბობ, რომ გაყალბდება და არჩევენებში მაინც იღებ მონაწილეობას, ეს მაზოხიზმია.

ამით რა უნდათ დაამტკიცონ, რომ ჯალათებთან გვაქვს საქმეო? ოცდაათი წელია თეორიულად ვსწავლობ პოლიტიკას და ასეთი რამ არ გამიგია. წინასწარ ამბობენ რომ შანსები არ გვაქვს, რადგან გაყალბებულიაო, მეორე მხრივ კი აცხადებენ თუ ხალხი მოვა არჩევნებზე ჩვენ ასი პროცენტით გავიმარჯვებთო. მაშინ ვის უცხადებენ უნდობლობას, ხაალხს?

გამოდის, რომ არ ენდობიან ელექტორატს. არ სჯერათ, რომ ყველა მოვა არჩევნებზე. პოლიტიკურ ალოგიზმთან გვაქვს საქმე. ეს პოლიტიკა არაა, სხვა რაღაცაა, რაც მე არ ვიცი.

- არჩევნების შემდეგ სიტუაციის გამწვავებას ხომ არ ელოდებით? გარე ძალები ხომ არ მოახდენენ მდგომარეობის დესტაბილიზაციას?

- არანაირად არ ველი სიტუაციის დაძაბვას, რადგან თვითონ ოპოზიციის წყალობით საპროტესტო მუხტი არაა ასული დუღილის წერტილამდე. რომ გვპირდებოდნენ გრიგალს, ქარიშხალს და ცუნამს ეს არ მოხდება. მაქსიმუმ ისაა, რომ სულ წვიმებია ქალაქში. გარე ძალებით მასობრივი უწესრიგობები ხდება მაშინ, როცა თვითონ ელექტორატია მზად ამისთვის. ახლა კი ხალხი არაა მზად, რაც ოპოზიციის უდავო დამსახურებაა. ოპოზიციამ ერთი წელი დაკარგა, გასული აპრილიდან ოცდაათ მაისამდე. ერთი წელის დაკარგვა პოლიტიკაში კი ჯერ არავის შერჩენია.

- არჩევნების როგორ შედეგებს ელოდებით? როგორ გადანაწილდება სკამები?

- გიგი უგულავას დღესვე შეუძლია საზეიმო ბანკეტი შეუკვეთოს რესტორანში, რადგან რეიტინგი აქვს. საკრებულო კი უფრო წარმომადგენლობითი იქნება, ვიდრე ადრე იყო. ერთი რამ კარგი გაკეთდა, რადგან საკრებულოსადმი მოსახლეობის ინტერესი გაიზარდა. თუ დღეს ვიღაცამ არ იცის საკრებულოს თავმჯდომარის გვარი, ხუთი წლის შემდეგ ასე აღარ იქნება. ოპოზიციური პარტიები საკრებულოში მრავლად იქნებიან წარმოდგენილნი.
- ძირითადად რომელი პარტიები?

- რამდენიმე მძიმე წონიანი ოპოზიციური პარტია იქნება საკრებულოში. იქნებიან. „ქრისტიან-დემოკრატები“ და ალასანიას პარტია. რამდენიმე მარგინალი პარტია, რომლის არსებობა და სახელი ზეპირად მათაც აღარ ახსოვთ, მათი საკრებულოში შესვლა, საეჭვოა.
- მედვედევის განცხადებით რუსეთი მეორე მსოფლიო ომის მაშტაბის კონფლიქტისთვის მზად უნდა იყოს...

- რუსი პრეზიდენტის და პოლიტიკოსისგან სხვა განცხადება არცაა მოსალოდნელი. ის ხომ ცივილიზებური ქვეყნის პრეზიდენტი არაა? რაც რუსეთმა ოცდამეერთე საუკუნეში გააკეთა, იმას მეცხრამეტე საუკუნეში აკეთებდნენ. ეს განცხადება შესაძლებელია საშინაო მოხმარებისთვისაც იყო გაკეთებული, რათა ხალხი დაარწმუნონ, რომ ალყაში არიან.

მედვედევმა, რომ თქვას არავითარი ომი აღარ იქნებაო, მაშინ ყველას გაუკვირდება მილიონიანი არმია რაღათ უნდათ ტექნიკის და საჰაერო ტექნიკის ერაში. მედვედევმა თქვა ის, რაც რუს პოლიტიკოსს უნდა ეთქვა. მოსალოდნელიც იყო.

- ოპოზიცია მუდმივად საუბრობს საქართველოში ბიშკეკის მოვლენების შესაძლო განმეორებაზე...

- მაგის არანაირი შანსი არაა. ვინც ამას ამბობს ის შეუგნებლად შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს. პოლიტ კორექტულობა, რომ დავივიწყოთ, ის რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ბიშკეკში გააკეთა, ბარბაროსობა და ველურობა, ამას ქართველი ადამიანი არასდროს გააკეთებს. ამ შემთხვევაში ხალხის ისტორიას და კულტურასაც აქვს მნიშვნელობა.

ჩვენ თუ ყირგიზეთს და ტაჯიკეთს საერთო კულტურის დონით ვერ ვუსწრებთ აღარ ყოფილა ჩვენი საშველი. ბიშკეკი და მსაგავსი არეულობები საქართველოში გამორიცხულია განმეორდეს. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამას.

- ოპოზიცია ბოლო პერიოდი ალაპარაკდა, რომ ამერიკა სააკაშვილის შემცვლელს ამზადებსო...

- არა მგონია ამერიკაში ვინმეს ინკუბატორში ქართველი პრეზიდენტის გამოსაჩეკი კვერცხები ჰქონდეს ჩადებული, რომ ვინმე გამოიჩეკოს. მე, ამას გამოვრიცხავ, მაგრამ ცხადია, რომ ამერიკა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აკვირდება. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. ამიტომ, ბუნებრივია, ამერიკა სწავლობს შემდგომში მხარს ვის დაუჭერს, განსხვავებული ამპლიტუდით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100