ილია II: მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული
სხვისი ცოდვების გამოსწორების გამო მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მოერემ დღეს, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები ბოროტებას საკუთარ თავში ვერ ხედავენ და ცდილობენ, სხვები გამოასწორონ, სინამდვილეში კი, ადამიანმა გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს.
უწმინდესი საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული. ყველა ერთმანეთს განიკითხავს და მიაჩნია, რომ სხვა არის დამნაშავე. ეს სიკეთისკენ არ მიგვიყვანს.
"ეს სიკეთისაკენ არ მიგვიყვანს. მე მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ხალხს, იფიქრონ გაჭირვებულ ადამიანებზე, ადამიანების დასაქმებაზე, განათლებაზე, ვიფიქროთ ობლებზე და გაჭირვებულ ადამიანებზე და ეს ყველაფერი შეცვლის ადამიანებს. ისინი, ვინც ბოროტებას აკეთებს, სიკეთეს გააკეთებს. ეკლესიამ უნდა აჩვენოს ამ სიკეთის კეთების მაგალითი", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეძლებს როგორღაც იმოქმედოს ხალხზე და ბოროტება სიკეთით გადაიქცეს.
"უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიკეთით უნდა დავფაროთ ის ნაწილი, რომელიც სხვებს აქვთ. მოციქული ამბობს: "ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ასევე აღასრულეთ სჯული ქრისტესი". ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იფიქროთ ხალხზე. უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება. თითქმის მთელი საქართველო სასამართლოდ იქცა, ხოლო პრესას, ტელევიზიას, მედიას ბევრი რამ ექნებათ კეთილი საქართველოში და ნახეთ, აჩვენეთ ეს სიკეთე ხალხს, თორემ ნებისმიერ დროს, მოსახლეობას უფრო მეტად ცუდი ესმის ვინ დააკავეს და რომ უნდა დაისაჯოს", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა ქადაგებისას, რომ დედამიწაზე ყველაფერი იცვლება, მაგრამ უცვლელი არის ერთი ჭეშმარიტება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. არსებობს ჭეშმარიტი სარწმუნოება და არსებობს სარწმუნოება, არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ მეორე ადამიანი ღვთის ქმნილებაა და არსებობს ადამიანი, რომელიც ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებს, ასევე არსებობს სამშობლო და არსებობს კოსმოპოლიტიზმი.
პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ხვალ სვეტიცხოვლობაა, დღეს საღამოს სვეტიცხოველში ლოცვა 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო ხვალ - წირვა დილით 10:00 საათზე. დღესასწაულთან დაკავშირებით დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.
კომენტარი