სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „ბიუჯეტი რომელიმე მილიარდერის ფულით არ გაზრდილა, როგორც ეს ბევრს ჰგონია...“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეგიონებიდან შეკრებილ 250 ახალგაზრდას შეხვდა, რომლებიც ახალგაზრდული პარლამენტის წევრები არიან. ახალგაზრდები მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ოვაციით შეეგებნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მათდამი მიმართვა ხუმრობით დაიწყო:

„აი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორე პარლამენტს მივმართავ და მინდა ვთქვა, რომ ამ პარლამენტში უფრო კარგად შემხვდნენ, ვიდრე პირველში. ალბათ, ის დახვედრა ქუთაისის კლიმატის ბრალი იყო...“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ახალგაზრდული პარლამენტიდან „დიდ“ პარლამენტში გადასვლა ძალიან გაადვილდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრის ასაკის ქვედა ზღვარი 21 წელი გახდა.

„თქვენ ალბათ მოგისმენიათ, რომ ამას ბევრი აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ 21 წლის ასაკში ახალგაზრდას არა აქვს გამოცდილება, რაც მართლაც ასეა. მისი გამოცდილება ნამდვილად ვერ შეედრება ჩემი ან უფროსი ასაკის ადამიანების გამოცდილებას და ეს, შესაძლოა, ნაკლადაც ჩაითვალოს, მაგრამ იმ შემთვევაში, თუ შედარებად გამოვიყენებთ ცუდი გამოცდილების ადამიანს, ეს ღირსებაა“, - თქვა პრეზიდენტმა.

ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ აღუთქვა სრული მხარდაჭერა: „მე მზად ვარ მათთან ერთად ვითანამშრომლო, რადგან საქართველო დგას გზაჯვარედინის წინაშე“, - თქვა მან.

„საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების ხავერდოვანი, მშვიდობიანი გადაბარება. სრული სისულელეა ხმები, რომელიც ალბათ, თქვენც გსმენიათ, თითქოსდა სააკაშვილს ამერიკელებმა დაურეკეს და იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო - მინდა გითხრათ, რომ ამერიკელები ჩვენზე მეტად იყვნენ გაოცებულები არჩევნების შედეგებით. ახლა კი ის დროა, რომ გამარჯვებული ძალა შეუდგეს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას. ამის ნაცვლად გვესმის ბრალდებები, თითქოს ჩვენ სახლში წავიღეთ, ჯიბეში ჩავიდეთ ფული... როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, საქართველოს ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 500 მილიონი, ახლა კი თითქმის 8 მილიარდამდე ადის. თუ ჩვენ სახლში მიგვქონდა ფული, ეს თანხა საიდან გაჩნდა ბიუჯეტში? ვინმე მდიდარმა გამოგვიგზავნა ან რომელიმე მილიარდერმა მოგვცა, როგორც ეს ბევრს ჰგონია? ნურას უკაცრავად! ეს არის დაუღალავი შრომის, საგადასახადო სისტემის მოწესრიგების შედეგი. სწორედ ამ ბიუჯეტის შედეგია ის შენობებიც, რომლებიც თქვენც მოგწონთ და რომლებსაც დანგრევას უპირებენ “.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დროს აგორებული დაპატიმრებების ტალღა შემაშფოთებელია:

„დაპატიმრებათა ტალღამ ბევრი ჩვენი უცხოელი მოკავშირე და ადგილობრივი მოსახლეობა შეაფოთა, თუმცა, არიან მოსახლეობაში არიან ისეთებიც, რომლებსაც გაუხარდათ და დაპატიმრებათა გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ოფიციალური პირების მხრიდან საჯარო და პირად საუბრებში ისეთი გზავნილები დაფიქსირდა, რომლებიც ნამდვილად შემაშფოთებელია. სიტუაცია იმდენად კომიკურია, რომ „ვერისუბნის მელოდიების“ ცნობილ ეპიზოდს ჰგავს - „თეთრია თუ შავია, ყველა დაჭერია“ . პროკურორმა თქვა, რომ არ არსებობს ყოფილი ხელისუფლების არცერთი თანამდებობის პირი, რომელიც არ არის დასაჭერთა სიაში, ეს კი ფრიად შემაშფოთებელი განცხადებაა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ისტორიაში რობესპიერის მაგალითი გაიხსენა, რომელმაც მასობრივი დაპატიმრებები და სიკვდილით დასჯა დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც პარლამენტს გამოუცხადა, რომ მისი სრული შემადგენლობა სიკვდილით დასჯას იმსახურებდა, თავი მოჰკვეთეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100