სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუდონჰესი და ჰიდროენერგეტიკის განვითარება ქვეყნის მომავალია

ხანგრძლივი კამათის, პოლემიკისა და სჯა-ბაასის შემდეგ, ხუდონჰესის თემა თითქოს დაღვინდა, მომწიფდა და საზოგადოებაში საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინი გაჩნდა. საინტერესოა, რომ ბოლო დროს, ხუდონჰესის აშენების საჭიროებაზე არგუმენტებმა იმატა. საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამ პროექტის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ღირებულებებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ მეტი დადებითი ტენდენცია შეიტანა საზოგადოებასთან ურთიერთობების პროცესში, გაზარდა მათი ჩართულობის დონე _ მთავრობისთვის პრიორიტეტული გახდა მოსახლეობის უფლებების დაცვა და მათი აზრის გათვალისწინება. როდესაც ხაიშის მაცხოვრებლებმა გააპროტესტესტეს მიწის აზომვითი სამუშაოები, რომელიც საქართველოს მთავრობის თხოვნით უნდა შეესრულებინა ინვესტორს საკუთრების რეგისტრაციის მიზნით, რაც მათი უფლებების დასაცავად იყო მიმართული, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მიწის აზომვითი სამუშაოები დროებით შეაჩერა. ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, მსჯელობისთვის ყველა დაინტერესებულ პირთან. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტიც ფაქტობრივად მზად არის და უახლოეს მომავალში ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება ექნება გაეცნოს მას. ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ეკოლოგები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები მთელი ამ ხნის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში ხუდონის გარშემო.

ეკონომიკის ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ხუდონჰესი და ჰიდროენერგეტიკის განვითარება ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება. ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ ხუდონჰესის აშენება არა მხოლოდ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის და ენერგოუსაფრთხოების გარანტი გახდება, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია, რომელიც ჭარბი იქნება ზაფხულის პერიოდში ექსპორტზე გავა და ქვეყანა ამით საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს მიიღებს. ეს თემა პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილება და კეთდება აქცენტი იმაზე, რომ ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენება შეამცირებს საქართველოს ენერგოდამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებზე, არავისთვის დასამალი არ არის რომ საქართველოს დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნებიდან მოწოდებულ ენერგიაშემცველებზე თითქმის 73%-ია, რაც საგანგაშო პარამეტრია. საკუთარი, ჰიდრორესურსების ათვისების პერსპექტივა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს რუსეთის ახალ ენერგოდოქტრინის ფონზე, სადაც ხაზგასმულია, რომ უახლოეს წლებში განვითარებული ქვეყნების ბაზრის მოცულობა შემცირდება და ამიტომ, უნდა მოხდეს განვითარებადი ქვეყნების რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების გაზრდა.

და რატომ მაინც ჰიდროენერგეტიკა?

საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა. ჰიდროენერგეტიკის განვითარება არა მარტო უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ იძლევა მეზობელ ქვეყნებში (თურქეთი, ირანი, ერაყი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) ჰიდროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას.

ჰიდროენერგეტიკის განვითარება შეამცირებს როგორც საქართველოს დამოკიდებულებას მის ფარგლებს გარეთ არსებულ ენერგიის წყაროებზე, ასევე ხარჯებს ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო ბუნებრივი გაზის იმპორტზე.

მზარდ მსოფლიოში, როდესაც გამძაფრებულია კონკურენცია და ყველაფრისთვის მუხლჩაუხრელი ბრძოლაა საჭირო, საქართველოში, ხშირად გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ ინვესტორები ჩვენთან შემოსვლისათვის იბრძვიან, რეალობა კი სხვაგვარია: ქვეყანამ, სახელმწიფომ უნდა „იბრძოლოს“ საინვესტიციო კლიმატის უზრუნველსაყოფად რათა დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ ინვესტორები. უკანასკნელი ტენდენციები ცხადყოფს, რომ ჰიდროენერგეტიკა ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი სექტორია, ხოლო ამ მიმართულებით უცხოური კაპიტალის დაბანდება, ჩვენი ქვეყნის განვითარების და გაძლიერების საფუძველი უნდა გახდეს. ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს შანსი! ეკონომისტები ძალიან მარტივად და გასაგებად ასაბუთებენ ხუდონჰესისა და სხვა ჰესების აშენების აუცილებლობას _ მათი მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად განვითარდება უახლოეს პერიოდში და დამატებითი სიმძლავრეები საძებნელი გაგვიხდება. ეკონომიკის ექსპერტების გათვლებით, ეკონომიკის 5 %-იანი ზრდის შემთხვევაშიც კი დაახლოებით 20 წლის შემდეგ, საქართველოს 30 მილიარდი კილოვატსაათი ენერგია დასჭირდება, რასაც მცირე სიმძლავრის სადგურები ვერ დააკმაყოფილებენ, ეს კი პრობლემას შექმნის არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ სამომხმარებლო სექტორშიც. ენერგეტიკოსები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ჰიდროენერგეტიკას ალტერნატივა არ აქვს და ქარის, მზის და ბიოენერგია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაუწევს კონკურენციას ჰიდროენერგეტიკას. საინტერესოა ეკოლოგების მოსაზრებებიც იმის თაობაზე, რომ აუცილებელია ხუდონზე დაუმთავრებელი, დაუკონსერვებელი მშენებლობის დასრულება, რომელიც გარემოს უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე მისი აშენება და ბოლომდე მიყვანა. უხეში გათვლებით, მხოლოდ დაკონსერვების სამუშაოებს 200 მილიონი დოლარი სჭირდება და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს. სამაგიეროდ კი ბიუჯეტი განუხორციელებელი პროექტიდან ვერაფერს მიიღებს. Pპროექტის განხორციელებისას კი ქვეყანაში 6 წლის განმავლობაში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვა, რაც გამოიწვევს მშპ-ს 1 %-ით ზრდას, საშემოსავლო გადასახადი მშენებლობის 72 თვის (6 წლის) განმავლობაში იქნება 27 მილიონი დოლარი.ხოლო ექსპლუატაციის პირველი 20 წლის განმავლობაში - 9,6 მილიონი დოლარი. ქონების გადასახადი პირველი ოცი წლის განმავლობაში იქნება 137 მილიონი დოლარი. მოგების გადასახადი პირველი ოცი წლის განმავლობაში იქნება 410 მილიონი დოლარი.

ენგურჰესის და ვარდნილ ჰესების მიერ ხუდონჰესის შექმნის ხარჯზე დამატებითი გამომუშავება წელიწადში დაახლოებით 475 მილიონი კვტსთ იქნება საშუალოდ და ამ ენერგიის საბაზრო ღირებულება პირველი ოცი წლის განმავლობაში ჯამურად იქნება 1350 მილიონი დოლარი.

გარკვეული კითხვები არსებობდა სვანეთის ტერიტორიის სეისმომედეგობასთან დაკავშირებით, თუმცა ხუდონჰესის მშენებლობის ტერიტორიის სეისმური საშიშროების დეტალურმა შესწავლამ ეს ეჭვებიც გააქარწყლა. გარდა ამისა, კაშხლის პროექტირებისას სეისმური დატვირთვა შესაძლებელზე ორჯერ უფრო მეტია გათვალისწინებული. ბოლო დროს, ხუდონჰესის მოწინააღმდეგეები, ძირითადად ორი თემით აპელირებენ: მათი თქმით, ჰესის მშენებლობით საქართველო-რუსეთის საზღვარი მოშიშვლდება, რაც ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას დაასუსტებს და რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს განადგურება ემუქრება. როგორც თავდაცვის, ასევე კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული პასუხებიდან ირკვევა, რომ ორივე არგუმენტი უსაფუძვლოა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გარდა, რომელიც განახლებული და სრულიად სახეცვლილია, დატბორვის ზონაში არ ხვდება ისტორიულ-არქიტექტურული არც ერთი სხვა ობიექტი. თავდაცვის სამინისტროს შეფასებით კი ხუდონის მშენებლობა ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს არ შეასუსტებს.

პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე ხუდონჰესის თემის განხილვაში თითქმის მთელი საზოგადოებაა ჩართული. თუმცა, როგორც ყველა ჯანსაღ პროცესში, ამ შემთხვევაშიც არსებობს კულმინაციური ეტაპის მოლოდინი. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომელმაც როგორც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ადეკვატური, ეფექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100