სამშაბათს, 16 აპრილს, 12:00 საათზე, ვიწვევთ პრესის წარმომადგენელებს „თედექს–თბილისის“ გამართვასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე დასასწრებად.
სამშაბათს, 16 აპრილს, 12:00 საათზე, ვიწვევთ პრესის წარმომადგენელებს „თედექს–თბილისის“ გამართვასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე დასასწრებად. პრესკონფერენცია გაიმართება საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, გაგარინის ქუჩა 29ა–ში (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან).
პრესკონფერენციის მომხსენებლები: მერი გაბაშვილი, ბრიან მაქკოტერი და დებორა ფეირლემბი, ექსკლუზიურად პრესის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას წლევანდელი „თედექს–თბილისის“ მზადების პროცესის, მიზნების, პროგრამისა და საორგანიზაციო ჯგუფის სამომავლო გეგმების შესახებ. ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაწერონ ინდივიდუალური ინტერვიუ მომხსენებლებთან, „თედექს–თბილისის“ საზოგადოებისთვის ცნობილ გამომსვლელებთან და სპონსორებთან.
„თედექს–თბილისი“ საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. წელს ღონისძიება გაიმართება 20 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლევანდელი ღონისძიების თემაა „გზაჯვარედინი“. გამომსვლელები შეეხებიან ისეთ საკითხებს როგორიცაა რელიგია, ხელოვნება და პოლიტიკა. გამომსვლელებს შორის არიან ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები საქართველოდან და საზღვარგარეთიდან.
„თედექს-თბილისი“ (TEDxTbilisi), „თედექსის“ (TEDx) გლობალური კონფერენციებისა და ღონისძიებების ქსელის წევრია. საკუთრივ ფორმატი „თედექსი“, „თედის“ (TED) საერთაშორისო კონფერენციის ნებართვით, ადგილობრივ დონეზე ორგანიზებული ღონისძიებაა. „თედი“ კი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისია სხვადასხვა სფეროში აღმოცენებული განსაკუთრებული და შთამაგონებელი იდეების გავრცელება. თედის პირველი, 4 დღიანი კონფერენცია 26 წლის წინ, კალიფორნიაში შედგა. დროთა განმავლობაში „თედი“ მთელ მსოფლიოში პოპულარულ და ცნობად ფორუმად იქცა, რომელიც კრეატიული ინიციატივების, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და არაორდინარული იდეების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ მიზნისთვის, „თედი“ მსოფლიოს მოწინავე მოაზროვნეებსა და საზოგადო მოღვაწეებს იწვევს. „თედის“ კონფერენციების მონაწილეთა შორის არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა: ბილ გეითსი, სტივ ჯობსი, ჯეინ გუდალი, ელიზაბეთ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ბენუა მანდელბროთი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონიო-იუეალა, ისაბელ ალენდე და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი.
დამატებითი ინფორმაციისთვის „თედექს–თბილისის“ შესახებ ეწვიეთ: www.tedxtbilisi.com ხოლო „თედის“ შესახებ ინფორმაციისთვის: www.ted.com; ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „თედექს–თბილისის“ ორგანიზატორებს მეილზე: [email protected]
კონტაქტი მედიისთვის: ხათუნა კაკაბაძე 599 206 246
კომენტარი