სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ყენია მადრიდის რეალში გადასვლაზე ოცნებობს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გერმანული „შალკეს“ ნახევარმცველი, 19 წლის ლევან ყენია ახლა ტრავმირებულია. ყენია ვერც კლუბს ეხმარება და ვერც თემურ ქეცბაიას პირველ მატჩში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ქეცბაიას დებიუტი 3 მარტს ეროვნულ სტადიონზე ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა. ლევან ყენიას გერმანიაში შევეხმიანეთ და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ...
„დრონი.ჯი“: ჯერ ჯანმრთელობაზე გკითხავ - როგორ გრძნობ თავს?
ლევან ყენია: ნორმალურად, ალბათ დაახლოებით სამ კვირაში დავიწყებ ვარჯიშს. მართალია, ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ არა უშავს. მთავარია, ბოლომდე გამოვჯანმრთელდე.
- ამ ტრავმის გამო 3 მარტს საქართველოს ნაკრებსაც დააკლდები?
- სამწუხაროდ ასეა და ძალიან მწყდება გული. ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იმედი მაქვს, მომდევნო მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები.
- რას ფიქრობ თემურ ქეცბაიას ახალ გუნდზე?
- როგორც ვიცი, ბევრი ძლიერი ფეხბურთელი უბრუნდება ნაკრებს და მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.
- რახან ამ თემას შევეხეთ: არგენტინელი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი რატომღაც ბევრ გამოცდილ ფეხბურთელს არ იწვევდა ნაკრებში. როგორ ფიქრობ, რა მიზეზებით იყო გამოწვეული მისი ასეთი უცნაური გადაწყვეტილება?
- ვერ გეტყვით. კუპერის ნაკრებში კი ვთამაშობდი, მაგრამ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის რა პრობლემები იყო, ნამდვილად არ ვიცი. მე ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვარ, რომელიც მოედანზე გამოდის და თავის საქმეს აკეთებს. მწვრთნელის კომპეტენციაში არ ვერევი და ჩემი აზრით, ასეც უნდა იყოს.
- ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ხორვატიასთან, საბერძნეთთან, ლატვიასთან, ისრაელთან და მალტასთან ერთად მოვხვდით. რა აზრის ხარ მეტოქეებზე?
- განსაკუთრებულად ვერცერთს ვერ გამოვარჩევ. საერთოდ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. მთავარი შრომა და მონდომებაა.
- „შალკეს“ მწვრთნელ ფელიქს მაგათზე ლეგენდები დადის. მართლა ასეთი მკაცრია?
- კი, მართლა ძალიან მკაცრია და ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს ნებისმიერი ფეხბურთელისგან. ერთი წამით მოდუნებაც კი შეიძლება ძვირად დაგიჯდეს და მთელი სეზონი სკამზე ჯდომაში გაგატარებინოს.
- აქამდე „შალკეში“ ლევან კობიაშვილთან ერთად თამაშობდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ის ბერლინის „ჰერტაში“ გადავიდა...
- ძალიან დამწყდა გული, კობიაშვილი რომ ჩემთან ერთად არ არის, მაგრამ რას ვიზამთ. ასე იყო საჭირო მისთვის.
- და ხომ არ ემუქრება „შალკეს“ საერთოდ უქართველოდ დარჩენა?
- არ ვიცი.
- რუსულ „ზენიტში“ შენმა შესაძლო გადასვლამ საქართველოში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია...
- ამ თემაზე წინასწარ ლაპარაკს არ ვაპირებ. თუმცა გამორიცხვითაც არაფერს გამოვრიცხავ...
- ყველაზე მეტად რისი მიღწევა გსურს ფეხბურთში?
- ოცნება ბევრი მაქვს, უახლოესი მიზანი კი ალბათ მაინც ჩემპიონთა ლიგის მოგება.
- ამისთვის უფრო ძლიერ კლუბში მოხვედრაა საჭირო. საინტერესოა, რომელ კლუბში თამაშზე ოცნებობ?
- ჩემი უსაყვარლესი კლუბი მადრიდის „რეალია“. იმედი მაქვს, ამ ოცნებას როდესმე ავიხდენ.
- ფეხბურთის გარდა სხვა რა გიტაცებს?
- მანქანები! ესაა ჩემი სისუსტე. ძალიან მინდა, ბევრი მანქანა მყავდეს.
- და ერთიც: თუ საიდუმლო არ არის, რას ნიშნავს შენს სხეულზე მოხატული სვირინგები?
- არანაირი საიდუმლო: ხელებზე დედაჩემის და მამაჩემის სახელები მაწერია, ხოლო ტანზე, უბრალოდ, ნახატებია.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100