სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბოლო ხმაზე კიოდა ქალი ვიღაცის გვამი მაჩვენესო" - თბილისის სამშობიაროდან ახალშობილი გაყიდეს

თბილისის სამშობიაროდან ახალშობილი გაყიდეს . ამის შესახებ გაზეთი ვერსია წერს და იმ ქალის ჩვენებას აქვეყნებს, რომელსაც შვილი გაუყიდეს:
„საერთოდ არ მეხებოდა ეგ საქმე, მაგრამ ჩემთან, განყოფილებაში, ახალგაზრდა კაცი მოვიდა, მამაჩემი მამაშენთან მუშაობდა, კოლმეურნეობაში ორივე მექანიზატორი იყო და დამეხმარეო. ვერ გავიხსენე, მაგრამ ისეთი სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა, მოვუსმინე. როგორც ამტკიცებდა, მისმა ცოლმა იმშობიარა, ბიჭი გააჩინა და ექიმებმა შვილი მოპარეს. ცოდვა გამხელილი სჯობსო და, მეც პატარა მყავდა და ბავშვის გამო მთელი სამყაროს წინააღმდეგ წავიდოდი. ამიტომაც სამშობიაროში არაოფიციალურად გავყევი და მცირე მოკვლევა ჩავატარე“, - იხსენებს ექიმების ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან საქმეს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ბატონი თენგიზი.
სამშობიაროში ყველაფერი წესრიგში იყო. ექიმმა დაადასტურა, რომ ბავშვი დაიბადა, მეორე დღეს კი „ჩაქრა“, ანუ გარდაიცვალა ისე, რომ ვერაფერი უშველეს. ასეთი მილიონში ერთი ხდება, მაგრამ ხდებაო. ყველა ჩანაწერი, ყველა საბუთი წესრიგში იყო. გარდაცვილი ჩვილის სხეული დედამ ნახა, ტირილი დაიწყო, გული წაუვიდა და ექიმთა ვარაუდით, რაც ახლა მას სჭირდა, სწორედ დედობრივი ინსტიქტი იყო, ანუ ვერ შეეგუა შვილის გარდაცვალებას. ბატონი თენგიზი განყოფილებაში სუფთა სინდისით დაბრუნდა, მაგრამ მეორე დღეს უკვე ქალი დაადგა სამსახურში.
„ჩემს ქმარს ორი რამ სჭირს - ბარძაყზე ტყლიპი, წითელი ფორმის და ფეხის ცერა თითები უცნაურად აპრეხილი აქვს, სიარულშიც კი უშლის ხელს. როცა ბავშვი დაიბადა, დავინახე, რომ ფეხზე ტყლიპი მასაც ჰქონდა და ცერა თითებიც აპრეხილი იყო. ბებიაქალს გაეცინა კიდეც, რა სასაცილო თითები აქვსო. აი, იმ ბავშვს, ვისი სხეულიც მაჩვენს, არც ტყლიპი ჰქონდა და არც - უცნაური ცერა თითები. ამიტომ ვამბობ, ჩემი შვილი გაყიდეს, მე კი ვიღაცის გვამი მაჩვენეს-მეთქი“, - ბოლო ხმაზე კიოდა ქალი.
ბატონი თენგიზი ამჯერად ბებიაქალს ესტუმრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბავშვს ცერა თითები, მართლაც, აპრეხილი ჰქონდა, მაგრამ ტყლიპი ვერ გაიხსენა. გარდაცვლილი ბავშვის ამოთხრის უფლებას მხოლოდ ცერა თითების შესამოწმებლად სამართალდამცავებს არავინ მისცემდა. ესეც არ იყოს, არსებობდა ალბათობა, რომ სხეული სპეციალური ხსნარით დაამუშავეს და ის უკვე ხრწნის პროცესში იქნებოდა. ჩვილს კი, ძვლების ნაცვლად, პრაქტიკულად ხრტილები აქვს...
„შემეძლო, ხელები დამებანა და უარი მეთქვა, მაგრამ ინტუიციით ვგრძნობდი, დედა სიმართლეს ამბობდა, თან მთავარი ექიმი ჩემს ყოველ დანახვაზე საჭიროზე მეტად ნერვიულობდა. არ ნერვიულობენ ადამიანები, რომლებსაც სანერვიულო არაფერი აქვთ. ამიტომ, ამოვიღე მონაცემები და იმ დღეს აღნიშნულ სამშობიაროში 12-მა ქალმა იმშობიარა. აქედან ერთი, ანუ ჩემი ნაცნობის ჩვილი გარდაიცვალა, 11 გადარჩა და შინ გაწერეს. 11-დან 7 ბიჭი იყო და გადავიწყვიტე, ყველა მათგანი მომენახულებინა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
მესამე ვიზიტი გასტრონომის დირექტორის სახლში უნდა შემდგარიყო, მაგრამ სანქციისა და შესაბამისი საბუთების გარეშე, დირექტორმა გამომძიებელი სახლში არ შეუშვა. არადა, ცოლი წინააღმდეგი არ იყო, ბავშვი ეჩვენებინა. ამ არეულობაში ბატონმა თენგიზმა ახალგაზრდა გოგო შენიშნა, რომელიც დიასახლისს ახალშობილის მოვლაში ეხმარებოდა და მიხვდა, დამხმარე იყო, რომელსაც ფულიანი დირექტორი გასამრჯელოს უხდიდა. ამიტომ, საღამომდე მოიცადა და როცა გოგონა სახლიდან გამოვიდა, წინ გადაუდგა.
„საბუთი ვაჩვენე და ერთადერთი კითხვა დავუსვი - რა უცნაურობები ჰქონდა ბავშვს? მან მშვიდად თქვ,ა რომ არანაირი უცნაურობა არ აღენიშნებოდა, ბავშვი ძალიან საყვარელი და ჯანმრთელი იყო, თუმცა ფეხის ცერა თითებს უცნაურად მაღლა სწევდა, რაზეც ბევრს იცინოდნენ და მუხლს ზემოთ წითელი ტყლიპი ჰქონდა. ერთ საათში პროკურორის სანქცია ხელშ მეკავა და კარზე ვაკაკუნებსი. პარალელურად, განყოფილებაში სამშობიაროს მთავარი ექიმი და ყველა ის პირი მიიყვანეს, ვინც იმ საღამოს მორიგეობდა“,-იხენებს ბატონი თენგიზი.
ყველაზე მეტად გასტრონომის დირექტორის ცოლი იყო გაოცებული და როცა საქმის ვითარება აუხსნეს, მან იმ კაცის ფეხის თითების და ტყლიპის ნახვა მოისურვა, ვინც მამობაზე პრეტენზიას აცხადებდა. მისი ნახვის შემდეგ კი ჩუმად თქვა, ეს ჩემი შვილი არ ყოფილაო და ბავშვის ნამდვილ დედას მხოლოდ ის სთხოვა, უფლება მომეცი, პერიოდულად მოვიდე და ვნახოო.
„გასტრონომის დირექტორს შვილი 6 წელი არ ჰყავდა და ცოლი მოულოდნელად დაორსულდა. ბავშვი პათოლოგიებით დაიბადა და მალევე გარდაიცვალა. მან მითხრა, 10 ათას მანეთს გაძლევ, სხვა ბავშვი გამატანე, ცოლი ამას ვერ გადაიტანსო. ყველაზე უპატრონო და უმწეო ესენი ჩანდნენ და ამიტომ, მათი შვილი გავასაღეთ გარდაცვლილად. რას ვიფიქრებდი, თუ მშობიარემ ბავშვის დათვალიერება მოასწრო“, - ეს იყო მორიგე ექიმის ჩვენება.
სასამართლომ ექიმს 7 წელი მიუსაჯა, გასტრონომის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ციხეში არ ჩაუსვამთ, ოჯახში დაბრუნებული ახალშობილი კი დედობილმა მხოლოდ ერთხელ ინახულა და ისიც იმიტომ, რომ მისთვის ნაყიდი უამრავი ნივთი მიეტანა.
ვერსია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100