ეს სიყვარულია - არტემ ეფიმოვი საქართველოსა და რუსეთის შესახებ
„ლენტა.რუ“-მ არტემ ეფიმოვის მორიგი წერილი გამოაქვეყნა, ამჯერად საქართველოსა და რუსეთის შესახებ. „დრონი.ჯი“ სწორედ ამ წერილის თარგმანს გთავაზობთ.
„სადაც უნდა ვყოფილიყავით: რუსეთში, მოსკოვში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ჯადოსნური სიტყვა „საქართველო“ ყველგან თან გვდევდა. ადამიანები, რომლებიც იქ არასდროს ყოფილან და რომლებიც, ალბათ, ვერასდროს შეძლებენ იქ ჩასვლას, საქართველოზე აღტაცებით საუბრობდნენ. ისინი საუბრობდნენ ქართველებზე, როგორც ზეადამიანებზე, როგორც დიდ მსმელებზე, დიდ მოცეკვავეებზე, დიდ მუსიკოსებზე, მშრომელებსა და საყვარლებზე.
ისინი ასევე ჰყვებოდნენ კავკასიაში, შავ ზღვასთან გაშლილ ქვეყანაზე, როგორც მეორე სამოთხეზე. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ასეც კი მოგვეჩვენა: რუსების უმრავლესობას იმედი აქვს, რომ თუკი კარგი, სიკეთით სავსე ცხოვრებით იცხოვრებენ, სიკვდილის შემდეგ არა ზეცაში, არამედ საქართველოში მოხვდებიან“. - ეს სიტყვები ნობელის პრემიის ლაურეატს, ამერიკელ მწერალს ჯონ სტაინბეკს ეკუთვნის და იგი 1947 წელს, სსრ კავშირში მოგზაურობის შემდეგ „რუსულ დღიურში“ ჩაწერა.
სხვათა შორის, არც მე გავაპროტესტებდი ასეთ სიკვდილისშემდგომ სიცოცხლეს, შემიძლია დავწერო მთელი დასტა, რომელიც ქართული, გამორჩეულად ჯადოსნური კერძებისა და ღვინოებისგან შედგება: ხინკალი და რქაწითელი, ხაჭაპური და წინანდალი, ჩაშუშული და საფერავი... ჭაჭა, რომელსაც არა აქვს "პახმელია", მაგრამ თუ მაინცდამაინც - ისაუზმებ ჩიხირთმით და გამოხვალ. ამას დამატებული სითბო, მტევნებით დახუნძლული ვერანდა, მთის ჰავა, თბილისის გოგირდის აბანოები და ეს სულისშემძვრელი აქცენტი, რომელიც, მომკალით და, ძალიანაც მომწონს.
აი, ხომ ამბობენ, რომ რუსი ჟურნალისტი საქართველოში ვერ იმუშავებს? მეც ვადასტურებ - ვერ იმუშავებს: ისე სწრაფად გაყრიან საჭმელ-სასმელს, რომ დიქტოფონის ამოღებასაც კი ვერ ასწრებ.
თავდაპირველად უხერხულად ვგრძნობდი თავს: ეს ხომ ის ქვეყანა იყო, რომელსაც სამი წლის წინ ჩემი ქვეყანა ეომა. მე უფრო იმას ველოდებოდი, რომ ძალიან აგდებულად დამელაპარაკებოდნენ რუსულად, რომ ჩემში უცხოს, მტერს დაინახავდნენ. ეს გასაგები იქნებოდა. ჩემთვის, მოსკოვში მცხოვრებისთვის, ომი სადღაც, ძალიან შორს იყო. აი, თბილისიდან გორამდე კი, სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის ნაწილები შევიდნენ, სულ რაღაც ერთი საათის გზაა. მაშინ მთელი ქვეყანა ფრონტისპირა ზონა იყო. ქართველებისთვის კი ყველაფერი უფრო სასტიკად გამოიყურებოდა.
პირველივე დღეს ჩემს თავს იდიოტი ვუწოდე იმის დაჯერების გამო, რომ საქართველო ჩვენი მტერია. მგონი, არსად, არცერთ სიტუაციაში არ მიგრძვნია თავი ასე შინაურად.
მაგრამ უფრო საოცარი ამ ომზე ქართველების საუბარი იყო. ბოჰემაც, როგორც ამბობენ, უბრალო ხალხი - თბილისშიც და გორშიც მასზე ისე საუბრობდნენ, როგორც მონსტრზე, როგორც კატასტროფულ გაუგებრობაზე, რომელიც არამც და არამც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაინც მოხდა. და ყველა მარწმუნებდა, რომ უყვართ რუსეთი, უყვართ რუსები. ერთი გოგონა, რომელიც მთლად დამაჯერებლად ვერ საუბრობდა რუსულად, მეკითხებოდა, ხომ არ წამომიღია რომელიმე რუსული წიგნი - რაც, თურმე, თბილისში ასე აკლიათ. და თითქმის ყველა მეუბნებოდა, რომ უნდა რუსეთში მოხვედრა.
აქ მე ისევ უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. რუსული პასპორტის მქონე ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩადის, ვიზას ავტომატურად იღებს საზღვარზე. ამას სულ რამდენიმეწუთიანი პროცედურა სჭირდება. მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან ძნელია რუსეთში ვიზის მიღება იმ ადამიანისთვის, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს. პირადი დოკუმენტები უნდა ჩააბარო რუსეთის წარმომადგენლობაში (საელჩოს არარსებობის გამო, ეს შვეიცარიის საელჩოში უნდა გააკეთოთ), თანაც, ვიზას ყველას არ აძლევენ. მე გამახსენდა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცება, რომ სავიზო ურთიერთობებს რუსეთი ურთიერთგაგების ნიადაგზე წარმართავს. მაგალითად, შესანიშნავ ქართველ რეჟისორს, ალექსანდრე რეხვიაშვილს არ აძლევდნენ ვიზას სანკტ-პეტერბურგის კინოფორუმზე გასამგზავრებლად, სადაც მისი ფილმების რეტროსპექტივას უჩვენებდნენ. ვიზა მან მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც კინოფორუმის ორგანიზატორებმა ადმინისტრაციული რესურსი აამუშავეს. მაგრამ ჩემს თანამოსაუბრეებს ესეც კი დიდ გაუგებრობად მიაჩნდათ და არა კანონზომიერებად. პოლიტიკას ხომ არ ძალუძს გრძნობების ჩაკვლა.
...საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო დღეს მეგობრებთან ერთად ბაზარში წავედი. მეგობრები ბოსტნეულის საყიდლად წავიდნენ, მე კი ჩურჩხელის შესაძენად, სულ ცოტა ხნის წინ იყო გამოსათხოვარი ვახშამი, ამიტომ, მაინცდამაინც კარგად ვერ გამოვიყურებოდი.
-საიდან ხარ? - მკითხა ერთმა მოვაჭრემ.
-მოსკოვიდან - ვუპასუხე მე.
-ააა, ძმაო! - ახმაურდა ის. - შემოდი, დაჯექი ჩვენთან, ცივი კოლა გვაქვს, ვხედავ, გჭირდება...
თავაზიანი უარის თქმა დავაპირე, მაგრამ ცხადია, ეს შეუძლებელი იყო: შემიყვანეს დახლს იქეთ, დამისხეს ცივი კოლა (ძალინაც მიშველა) და თბილად გამომკითხეს, თუ რა ვნახე საქართველოში და რა ხდება მოსკოვში. აღმოჩნდა, რომ ერთი მოსკოვში სწავლობდა, მეორე სადღაც, ვოლგასთან იხდიდა სამხედრო სამსახურს, რომელიღაც - რუსეთში მუშაობდა 90-იან წლებში. ამ თბილ კამპანიაში გატარებული სულ რაღაც 15 წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საქართველო გონის დაკარგვამდე შემყვარებოდა.
... ვბრუნდები მოსკოვში. რა თქმა უნდა, ძირითად კითხვებს უცებ ვპასუხობ: „რა ხდება იქ? მართალია, რომ პოლიციელები ქრთამს სულ აღარ იღებენ? ფასები როგორია? ღვინო? რა პრობლემა არ შეგქმნია იმის გამო, რომ რუსი იყავი? რუსულად ნორმალურად დაგელაპარაკნენ?“. მე ვცდილობ, როგორმე გადმოვცე ის აღფრთოვანება, რაც ქვეყნის მიმართ ჩამომიყალიბდა და გავანეიტრალო ყველა ის სულელური, სატელევიზიო სტერეოტიპი.
და უცებ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა (უბრალო გოგონაა, გარეუბნიდან) არც აცია, არც აცხელა და მითხრა: „ტომა, როგორ შეგეძლო ასე არ მოქცევა? - ქართველები ხომ ჩვენი მტრები არიან!“
...და მე კიდევ ერთხელ ვიგრძენი თავი უხერხულად...
კომენტარი