სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლომ საქართველოს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი გაათავისუფლა

2013 წლის 13 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი კერესელიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრალდებული გიორგი კერესელიძე პირადი თავდებობით სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. - აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კერესელიძეს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფო კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, დაზარალებული პირადი ღირსების შეურაცხყოფით (საქართველოს სსკ-ის 333 მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტები).

ბრალდებულის სათანადო ქცევაზე პასუხისმგებლობა იკისრეს და პირად თავდებად დაუდგნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფროსი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები.

სასამართლომ ასევე, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები , რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი და ორი მცირეწლოვანი შვილი, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის, სამშობლოსათვის თავდადებისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის და ”გენერალ კვინიტაძის” სახელობის მედლებით და მიიჩნია რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან საქმეზე შემხებლობის მქონე მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 1 აპრილს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100