სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გადააგდებს“ თუ არა ალასანია „ქართულ აკადემიას“?

ჭადრაკის სასახლეში ირაკლი ალასანიას მისვლიდან ორიოდე დღეში „ალიანსის“ ლიდერმა ისევ გადაწყვიტა ნოღაიდელისგან გამიჯვნა და ისევ „რესპუბლიკელებთან“ და „მემარჯვენეებთან“ ერთად აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.
ნოღაიდელისა და მისი სატელიტი „კონსერვატორების“, „სახალხო პარტიის“ ინიცირებული პრაიმერი ალასანიას თვალში არ მოსდის და სოციოლოგიურ კვლევებზე საუბრობს.
ალასანია ირწმუნება, რომ ნოღაიდელს გაემიჯნა იმიტომ, რომ იდეოლოგიურად სხვადასხვა პოზიციებზე არიან, არადა ჭადრაკის სასახლეში პუტინისტებს იმედი გაუჩნდათ, ალასანია გადმოვიბირეთ და დიდი ოპოზიციური ერთობა შედგაო.
იმედგაცრუებულებმა ალასანიასგან კიდევ ერთი პოზიციური უკანდახევა უარყოფითად მიიღეს, მეტიც, ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად ირაკლი ალასანია ამჯერად ვერის პარკში კალათბურთის სასახლეში დაიბარეს. შეხვედრის ინიციატორები პოლიტიკური პარტიები არ ყოფილან, ამჯერად ეს საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ქართულმა აკადემიამ იტვირთეს.
ალასანიას მისვლამდე გაივსო დარბაზი, სხვადასხვა არასამთავრობოების რაიონული ორგანიზაციები ჰყავდათ დარაზმული დარბაზის შესავსებად. ყველა ალასანიას მისვლას ელოდა, „ალიანსის“ ლიდერიც გამოჩნდა თუ არა, მყისვე მოექცა ტელეკამერების ალყაში.
ალასანიამ შოუბიზნესის ვარსკვლავივით იკეკლუცა კამერების წინ, მაგრამ როცა ჰკითხეს, როგორ შეაფასებთ ნინო ბურჯანაძის ვიზიტს მოსკოვშიო, მაშინღა გაახსენდა, რომ შეხვედრაზე იყო მიწვეული და დარბაზი მას ელოდა, ახლა შეხვედრა იწყება და ამ საკითხზე მერე ვილაპარაკოთო, დაჰპირდა ჟურნალისტს.
ალასანიას მოსასმენად დარაზმულები იყვნენ დავით მაღრაძე, გოგა ხაინდრავა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, დიმა ჯაიანი, გელა ნიკოლეიშვილი, ნანა კაკაბაძე, მიხო ნანეიშვილი, დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი, ნინელი ჭანკვეტაძე, თემო გოცაძე, რომელიც შევარდნაძის ბლოკიდან იყრიდა კენჭს 2003 წლის არჩევნებზე, ჯანსუღ ჩარკვიანი, იგივე დონ კორლეონე, ახლა უკვე მთელი ოჯახით იყო წარმოდგენილი, მის სიძეს, ჯონი გიგანს გვერდს უმშვენებდა თაკო ჩარკვიანი.
ქართული აკადემიის სახელით ნუკრი ქანთარიამ მადლობა გადაუხადა ირაკლი ალასანიას შეხვედრაში მონაწილეობისთვის და იქვე ისიც განაცხადა, რომ კითხვები მარტივი არ იქნებოდა. ბოლო დროს ხომ საზოგადოება დააბნია ალასანიას აქეთ-იქით სირბილმა.
„საზოგადოებას აწუხებს კითხვები - არჩევნები არჩევნებისთვისაა, თუ შედეგისა და გამარჯვებისთვის. ერთიანი კანდიდატი საჭიროა, რაკი პარტიები ვერ თანხმდებიან, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს ერთიან კანდიდატზე, ლიდერზე. ლიდერი - ეს არის სიმტკიცე, სამშობლოს სიყვარული და პროფესიონალიზმი, თავგანწირვა და არა ანგარება“, - განაცხადა ქანთარიამ.
ალასანიას ტრიბუნაზე ასვლას დარბაზში ხმაურიანი ოვაციები და მქუხარე ტაში სტვენის თანხლებით მოჰყვა. ალასანიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულ აკადემიას“ და სხვა არასამთავრობოებს მადლობა გადაუხადა ამ ინიციატივისთვის, თქვა, რომ ეს დროული შეხვედრაა. მთელი საქართველო აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც დაიწყო ოპოზიციაში, ბევრიც გაბრაზდა, რომ ვერ ხერხდება ამ ერთობის ჩამოყალიბება, საზოგადოებამ გაიღვიძა (საზოგადოების გამღვიძებლის სტატუსს ლევან გაჩეჩილაძეც ხშირად იბრალებს), დაინახა ის შანსი, რაც მინელებული იყო, ამ მოძრაობას (ალასანია იმედია, თავის გაუთავებელ სირბილს აქეთ-იქით არ უწოდებს მოძრაობას) მოჰყვა იმედი.
„ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების არჩევნები“, - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ის არ მიდის პოლიტიკაში იმისთვის, რომ ეძებოს მტრები, არამედ იმისთვის, რომ მოძებნოს პარტნიორები (რაღა ნოღიდელს, ძიძიგურსა და დავითაშვილს პოულობ), მერე პოლიტიკოსობასა და ადამიანურობაზეც თქვა ორი სიტყვა. ადამიანები ვართ პოლიტიკოსები, მოქმედებს ჩვენზე წამოსული საყვედურები, სიცრუე, რაც არასოდეს გაგიკეთებია, იმას რომ გაბრალებენ, უნდა მოითმინო უფრო მეტი მიზნის მისაღწევად, ალასანიას აზრით, ხელისუფლებაში მოუმზადებელი არ უნდა მოვიდეს, ალასანია გამოტყდა, რომ ჭადრაკის სასახლეში ნოღაიდელის გვერდით დგომა ბევრმა მისმა მეგობარმა დადებითად შეაფასა, ზოგმა - რისკიან ნაბიჯად და შეცდომად. შენიშვნებს ვიღებ, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებელიაო, მაინც განაცხადა, ოპოზიციამ უნდა მოთოკოს თავისი ამბიციებიო, დასძინა.
შეკითხვები უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალასანია ამჯერად დაინდეს და კიდევ ერთი შანსი მისცეს.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძემ ამდენ დარბაზში თვალებანთებულ ახალგაზრდას ვერ გაუძლო, გული აუჩქარდა, მერე კი მიანიშნა „რესპუბლიკელებზე“ და „მემარჯვენეებზე“ - არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მზად არჩევნებისთვის, თუ მეტი, მთელი ქართველი ხალხია ერთიანი საქართველოს ლიდერის არჩევისთვის მზადო.
ვინც ხალხის ამ ნებას ვერ გაიგებს, ის პოლიტიკოსი არ არის, მისი (ალასანია ჰყავდა მხედველობაში) პიროვნული თვისებები მაფიქრებინებს, რომ მას აქვს ლიდერისYთვისებებიო, თქვა. ერთმა გამომსვლელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: მერად რომ აგირჩიონ, რამდენად ეფექტური იქნება აფხაზებთან ურთიერთობის დათბობაო, ალასანია, მერი რომ გახდება, პირდაპირ კავშირს დაამყარებს სოხუმთან, ცხინვალთან და თუ საჭიროა მოსკოვთანაც.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ირაკლი ალასანიას მხარს უჭერენ თემურ შაშიაშვილი, გუგული მაღრაძე და სალომე ზურაბიშვილი. დადგა „ნანატრი“ დრო, როცა ალასანიას კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ სათითაოდ კი არ გასცა პასუხი, ზოგადი გამოსვლით სცადა კითხვებზე ეპასუხა, ასე ის ორატორი იქცევა, ვისაც არ სურს კონკრეტული პასუხების გაცემა და თავისი ფარული მიზნების გამჟღავნება.
ალასანიასაც ეს დაემართა. შეხვედრის ბოლოს ზოგადად ისაუბრა ყველაფერზე და არაფერზე. მისი საგარეო ორიენტაცია გაურკვეველი დარჩა. ისევ და ისევ ალიანსთან ერთად გავდივარ არჩევნებზეო, თქვა, ჩემს პარტნიორებს დიდი გამოცდილება აქვთ და იმიტომო. ნოღაიდელი არ უხსენებია, მაგრამ იგულისხმა, ყველა პარტიას აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში, მაგრამ მე იდეოლოგიურად არ ვეთანხმები, განსხვავებები არსებობსო. ასევე განაცხადა, რომ 4 მარტიდან წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. საზოგადოებას კი მოუწოდა მხარი დაუჭირონ.
„ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენს ხმებს, ამ ქვეყანას რევოლუცია არ შეუძლია, ამ ქვეყანას უშველის რევოლუცია ჩვენს შეგნებაში. მშვიდობიანი არჩევნების მომხრე ვარ, ჩვენ აუცილებლად მშვიდობითა და სიყვარულით დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ცხინვალს“, - აცხადებს აქეთ-იქით მოხტუნავე ალასანია.
„ალიანსის“ ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეზეც ჰკითხეს, მისი შეფასებით ლევანს აქვს დიდი რესურსი ადამიანებთან ურთიერთობისა. ეს არჩევნები ახალი ბრძოლის ეტაპის დასაწყისი იქნება, ამ ბრძოლაში დამარცხებული იქნება ის, ვინც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა“, - ამბობს ლიდერი, რომელიც ბევრის შეფასებით „ალიანსის“ მონაა.
ამ შეხვედრის კულმინაციური მომენტი იყო ალასანიასთვის რაგბის ბურთის გადაცემა. ნუკრი ქანთარიამ ამ ბურთის გადაცემის დროს აღნიშნა, რომ ეს არის ბრძოლაში გამარჯვების სიმბოლო, არასამთავრობოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. მერობის კანდიდატად ირაკლი ალასანიას მხარდაჭერა სტვენისა და ყიჟინის ფონზე გამოიხატა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ალასანიამ ჟურნალისტს დაპირება არ შეუსრულა და ბურჯანაძეზე დასმულ შეკითხვას თავი აშკარად აარიდა (კიდევ ერთხელ გადათქვა თავისი სიტყვები).
პ.ს: ასე რომ, ჩვენმა მერყევმა გმირმა ამჯერად საზოგადოების რაღაც ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება კი შეძლო, თუმცა წინ კიდევ დიდი დროა. გამორიცხული არაა, რომ ალასანიამ, რომელსაც კვირაში „ცხრა პარასკევი“ აქვს, საზოგადოების ეს ნაწილი პირში ჩალაგამოვლებული დატოვოს.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100