სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ლევან მ. ბორჯომში აიყვანეს.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ლევან მ. ბორჯომში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. თავდამსხმელები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდის შიდა ზედაპირიდან აღებული და დანაშაულის ჩადენის იარაღის – ჩაქუჩის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილების დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ლევან მ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, ჩაქუჩზე არსებული ადამიანის სისხლის გენეტიკური პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი ალექსი პეტრიაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია.

ლევან მ-ს თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).

შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეომა სტაბილურია. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში დაკითხეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100