სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცხოური მედია „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ტყუილებზე წერს

„მზის ჩასვლა“ საქართველოში. სტატიას ამ სათაურით უკრაინული მედია ავრცელებს. ჟურნალისტ იულია ლატინინას ვრცელ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს მდგომარეობა ბოლო სამი თვის განმავლობაში.

Droni.ge უკრაინული გამოცემა “Обозреватель”-ის მიერ 2013 წლის 27 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ.

„სამთვენახევრის წინ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომლის ლიდერიც მილიარდერი ბორის ივანიშვილი გახლავთ. არჩევნებამდე ივანიშვილი ხალხს ფასების შემცირებასა და პენსიების გაზდას პირდებოდა. მის დაპირებებში ფიგურირებდა საკრედიტო განაკვეთის დაწევა, სოფლის მეურნეობის სფეროში 1 მილიარდი აშშ დოლარის ჩადება და უფასო სამედიცინო მომსახურება. „ამ გეგმის განხორციელებას ჩვენი გამარჯვებისთანავე დავიწყებთ“-აცხადებდა ივანიშვილი, მაგრამ უკვე სამი თვე გავიდა და თუ ბენზინზე ფასის დაწევას არ ჩავთვლით მილიარდერს არცერთი დაპირება არ შეუსრულებია. უფრო მეტიც დაპირებების შესრულებისკენ ნაბიჯები არც კი გადადგმულა.

გარდა ამისა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარების სფეროში 1 მილიარდის ჩადების პირობაც დადო, თუმცა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ მას არასწორად გაუგეს.

ქართულმა ოცნებამ ქართველ ერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პირობაც მისცა. ხალხს განუმარტეს, რომ რუსეთთან ცუდი ურთიერთობა „დაწყევლილი სააკაშვილის“ ბრალი იყო, „ჩვენ მოვალთ, ვიტყვით „გამარჯობა“ და ყველაფერს დაგვიბრუნებენ.“-ამბობდა ქართული ოცნება. მართლაც მოვიდნენ, გამოუშვეს ციხეებიდან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობისთვის დაკავებული პირები, გაეროში რუსეთის სასარგებლოდაც მისცეს ხმა პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოსთვის არავის არაფერი დაუბრუნებია.

ოპოზიცია სააკაშვილს ყოველთვის დიქტატორს ეძახდა, ივანიშვილი კი ხალხს ნამდვილი დემოკრატიის ჩვენებასა და ევროპის გაოცებას პირდებოდა. და აი რა მოხდა არჩევნების დასრულებისთანავე: „ნაციონალები“ წყნარად წავიდნენ ხელისუფლებიდან, მეოცნებეების „ბოევიკებმა“ კი სერიოზული ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყეს იმ საარჩევნო უბნებზე სადაც ხმის მიცემა მათ სასარგებლოდ არ დასრულდა. ერთ-ერთი ასეთი „ბოევიკი“ ლუკა კურტანიძე „საბრძოლო დამსახურებისთვის“ პოლიციის აკადემიის პრორექტორადაც დაინიშნა.

ივანიშვილი კორუმპირებული მინისტრების დაპატიმრებასა და ელიტარულ კორუფციასთან ბრძოლასაც გეგმავდა. მინისტრები მართლაც დააპატიმრეს მაგრამ პრობლემა ის გახლავთ რომ კორუფციაში ბრალი ვერცერთს ვერ დასდეს.

მოკლედ რომ ვთქვათ თანამედროვე საქართველო უნიკალური ქვეყანაა, იქ ყოფილ მაღალჩინოსნებს აპატიმრებენ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ მოვალეობებს ასრულებდნენ.

მაგალითისთვის საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი დააპატიმრეს იმისათვის, რომ მან ოფიცრები სამხედრო წესების შეუსრულებლობისთვის დასაჯა.

ყოფილი მინისტრის გოგა ხაჩიძის სახლის ჩხრეკის შემდეგ კი მთელმა ქვეყანამ ნახა, როგორ ღარიბულად იყო მოწყობილი ექსმინისტრის სახლი, სადაც ერთ ოთახში 6 საწოლი იდგა. მაშინ როდესაც ახლადდანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თავის ჩინოვნიკებს 3 თვის განმავლობაში 500 ათასი დოლარის ოდენობის პრემიები და ბონუსები დაუიგა.

ოჯახური და ნათესაური კავშირებიც აქტუალური გახდა ახალ საქართველოში. ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ერთი თანაკურსელი თბილისის პროკურორად დანიშნა, მეორე კი ქვემო ქართლის. საკუთარ მამას სოფლის გამგებლის სკამი არგუნა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წარსულში ის ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო.

ივანიშვილი კი აცხადებს, რომ ტყუილისა და ძალადობის სისტემა დანგრეულია.

ქართული ოცნების კრეატიულობა უსაზღვროა, მაგრამ უსაზღვროდ კრეატიული ახალი ხელისუფლება მაინც ვერ ახერხებს ძველი ხელისუფლების კორუმპირებულობის დამადასტურებელი საბუთების პოვნას.

მართალია კორუფცია ვერც ელიტარული იპოვეს და ვერც ჩვეულებრივი, მაგრამ მათ ხომ უსაზღვრო კრეატივი გააჩნიათ, ხოდა გადაწყვიტეს ჩრდილი სააკაშვილის ხელისუფლების დემოკრატიულ იმიჯს მიაყენონ. ხოდა აი ისიც ქართული ოცნების ახალი კრეატივი: ნაციონალების დემოკრატია სინამდვილეში მოჩვენებითი იყო, განაცხადეს მეოცნებეებმა და საზოგადოებას ახალი ფარული ვიდეოჩანაწერები წარუდგინეს. ციხის კადრების შემდეგ ხალხმა სექსუალური უმცირებობების მაკომპრომატირებელი ვიდეომასალა იხილა. ამ ისტორიაში კი ყველაზე საოცარი ის ფაქტორი გახლავთ, რომ უცნობია ვინ, ვის და რატომ აშანტაჟებდა. თუ მართლაც იღებდა ამ კადრებს სამხედრო პოლიცია, რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვის და რატომ აშანტაჟებდნენ?

ყველა ზემოაღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით ივანიშვილის რეიტინგის დაცემა ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ.... ღარიბ ქვეყანაში ძალაუფლების შესანარჩუნება და ქვეყნის განვითარება ერთიდაიგივე გზით არ მიიღწევა.

ღარიბ ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნებისთვის: უნდა დაპირდე ხალხს, რომ ხეები ფუნთუშებს მოისხამს, უნდა გყავდეს პრივილეგირებული მომხრეების ჯგუფი, რომელსაც ფულითა და დაპირებებით მოისყიდი, მტრები კი უნდა დახოცო ან ციხეში ჩასვა.

ღარიბი ქვეყნის გამდიდრებისთვის კი საჭიროა, რომ: ხალხს შრომის საშუალება მისცე, უნდა გაანადგურო პრივილეგიები, პირველ რიგში საკუთარი მომხრეებისთვის, უნდა აიტანო ოპოზიცია.

როგორც ხედავთ ეს 2 გზა ერთმანეთისგან განსხვავდება“ - წერს ჟურნალისტი იულია ლატინინა საქართველოს შესახებ მომზადებულ ვრცელ სტატიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100