სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკოლებში საატესტაციო გამოცდების შედეგები კატასტროფულია: 6.000 მოსწავლე ჩაიჭრა

საატესტაციო გამოცდებში 6.000-ზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეულ სკოლას გენერალური ინსპექცია შეამოწმებს. საუბარია იმ სასწავლო დაწესებულებებზე, სადაც მოსწავლეებმა საატესტაციო გამოცდებში განსაკუთრებით საგანგაშო შედეგები აჩვენეს. სკოლების შემოწმების ინიციატივით გენინსპექციას დიმიტრი შაშკინმა მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ სწავლის გაბალი დონის გარდა, შესაძლოა შესამოწმებელ საჯარო სკოლებში სხვა პრობლემებიც არსებობდეს.

გენინსპექციის ყურადღების ცენტრში, პირველ რიგში თბილისის 190-ე, 7-ე, 37-ე, 108-ე სკოლები მოექცევა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, განათლების სამინისტროს გენერალური ინპექცია მუშაობას უკვე დღეიდანვე შეუდგება და სკოლებში არსებულ ადმინისტრაციულ და დისციპლინარულ გადაცდენებს შეისწავლის. როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, გამორიცხული არ არის, რამდენიმე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვოს ან მათი სხვა წესით პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„ზემოთჩამოთვლილ სკოლებში განათლების შესახებ კანონთან ერთად ყველა მოსწავლის კონსტიტუციური უფლებაა დარღვეული - მიიღოს სრულყოფილი საშუალო განათლება, ამიტომაც, მათ საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით შევისწავლით“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

დიმიტრი შაშკინის უწყებაში ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია გამჭვირვალედ იმუშავებს და გამოვლენილი დარღვევების შესახებ საზოგადოებას ცნობებს ოპერატიულად მიაწვდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100