სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ სტურუა: "ვეფხისტყაოსანი" იდიოტიზმია

სათაურში ბრჭყალები არ გამომრჩენია, რადგან რობერტ სტურუას უშუალოდ ეს ფრაზა ამ სახით არ უთქვამს. მაგრამ სტატიას 2003 წლის 15 თებერვალს, გაზეთ „24 საათში“, რობერტ სტურუასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუზე ვაგებ და, იმედია, თვით ყველაზე კირკიტა მკითხველიც კი ვერ შემედავება, რომ სათაურში გამოტანილი ფრაზა „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ სწორედ ამ უდიდეს რეჟისორს ეკუთვნის. აი, ციტატაც (ხაზგასმა ჩვენია.-ავტ.):

„ბავშვობაში მამაჩემი მიკითხავდა ,,ვეფხისტყაოსანს". ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ სიუჟეტი ვიცოდი. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ამდენად, დაკომპლექსებული გახლდით. როცა მოგვიანებით, ქართულად წავიკითხე, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა.

მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნე-ჩვეულებებზე, რადგანაც ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების სიმდაბლეზე, რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას.

მოვიგონე პერსონაჟი, კაცი, რომელიც ვერ იტანს ამ წიგნს, მაგრამ ნაწარმოებს დგამს იმისათვის, რომ აუხსნას ქართველებს ეს იდიოტიზმი.

არ შეიძლება, დაიჯერო, რომ ეს არის შენი ენციკლოპედია, რომელიც გამოხატავს ქართულ სულს... არანაირ ქართულ სულს არ გამოხატავს, რადგან ლაპარაკია მხოლოდ იდეალებზე, რომანტიზმზე და არც ერთი სიტყვა არაა სიმართლისა.

პერსონაჟი, რომელიც ყველაფერს აბითურებს, ცინიკოსი კი არ არის, მეცნიერია, რომელიც შეწუხებულია იმით, თუ რატომ ითვლება ეს წიგნი ქართული პოეზიის, აზროვნებისა და ფილოსოფიის ერთადერთ შედევრად.

დასაწყისში ასეთი ეპიზოდია: წიგნი უჭირავს ხელში და ამბობს: აქ არის ქართული სული? მოისვრის და დაიფანტება ფურცლები. ნებისმიერი მაყურებელი ჩავარდება შოკში. ის კი განაგრძობს: ასეთი ბუტაფორია 7 ცალი მაქვს ყუთში, გადასაყრელად."

რა თქმა უნდა, რობერტ სტურუას, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს, უფლება აქვს, „ვეფხისტყაოსანი“ არ მოსწონდეს და მას „ჰამლეტი“ ერჩივნოს, მაგრამ მოდით, ასე დავსვათ კითხვა: თუკი რობერტ სტურუას აქვს უფლება, იდიოტიზმი უწოდოს ქართველთა მთავარ პოემას და ამით შეურაცხყოფა მიაყენოს ყველას, ვისაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ამ პოემისა და მისი ავტორისადმი, რატომ არ შეიძლება მისი კრიტიკა ქსენოფობიური გამონათქვამების გამო? თუკი რობერტ სტურუა ზემოთმოყვანილი ციტატის გამო ჯვარცმას გადარჩა, რატომ უნდა ვაცვათ ჯვარს ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ რობერტ სტურუას სპექტაკლები „სირობაა?“

რატომ არის რობერტ სტურუა ხელშეუხებელი და რატომ არის მისგან „ვეფხისტყაოსნის“ ხელყოფა დაშვებული? მით უმეტეს, რომ არავინ დაობს რობერტ სტურუას დიდი რეჟისორობაზე, არავინ აყენებს ეჭვქვეშ მის ნიჭს... რას ვერჩით იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ, დიდი რეჟისორისგან ქსენოფობიური ფრაზები მოისმინონ?

ის ფაქტი, რომ რობერტ სტურუას მიერ ლონდონში დადგმული „ჰამლეტი“ 50 ყველა დროის საუკეთესო „ჰამლეტის“ რიცხვში შედის, ხელშეუხებლობის არგუმენტად არ გამოდგება - ამ ლოგიკით, ბერლინის კედლის დამანგრეველი, მთელ მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკოსი დღეს ისევ პრეზიდენტად უნდა გვყავდეს...

ესე იგი, არსებობს რაღაც, რაც არ გეპატიება, მიუხედავად შენი ნიჭისა და მით უფროც კი - რადგან რობერტ სტურუა ხარ...

ამ დღეებში რობერტ სტურუაზე, მის ფრაზებზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. მის მიმართ დამოკიდებულებას რობერტ სტურუა ბოლოს უცხოეთიდან, „ფეისბუქის“ მეშვეობით შეეხმიანა და „ფეისბუქ-ინტერვიუ ერთ-ერთ გაზეთს მისცა:

"ბარემ კედელზე მიმაყენონ და დამხვრიტონ, ყველა მოისვენებს“, - ცოტათი გულგატეხილი და კრიტიკის გამო ცოტა გაბრაზებული ჩანს დიდი რეჟისორი „უმადურ“ ქართველებზე, მაგრამ რატომღაც ავიწყდება, რომ ქართველი ხალხისგან საყოველთაო სიყვარულის მისაღებად რაღაც უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ძალიან მაგარი „ჰამლეტის“ დადგმაა, თუნდაც ეს „ჰამლეტი“ მსოფლიოს ორმოცდაათი საუკეთესო „ჰამლეტიდან“ ერთ-ერთი იყოს...

სტატიას კი ჩემი კოლეგის, სოფო ქავთარაძის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიის („რობერტ სტურუა - საბჭოთა ავტორიტარული ეპოქის ნაცრისფერი შთამომავალი“ – წაიკითხეთ აქ) უბრალოდ, ყველა წინადადებას ვიზიარებ და ინტერპრეტირებით არ გადაგღლით:

„საბჭოთა კავშირს, ერთი ძირითადი მახასიათებელი გააჩნდა: პრივილეგირებული ფენა, რომელიც ქმნიდა ავტორიტარიზმის იდეოლოგიას და, შესაბამისად, ხელშეუხებელ კასტას წარმოადგენდა. ამ უკანასკნელთ ყველაფრის უფლება ჰქონდათ, მათ ტალანტსა და შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა კი ყველაზე დიდი, მომაკვდინებელი ცოდვა იყო, რის შემდეგაც საზოგადოების ნაწილს თუ მის კონკრეტულ წევრს, დაბალი ფენის, განუვითარებლის, „ლუზერის“ იარლიყი გარანტირებული ჰქონდა.

რობერტ სტურუა დარწმუნებულია, რომ „ზანგები“, ფერადკანიანები მასზე უკან დგანან კულტურით და ამიტომ არ უნდა უყვარდეს. ლუი ამსტრონგი კულტურაში ან ნელსონ მანდელა პოლიტიკაში მის მიერ შემუშავებულ პარამეტრებს, როგორც ჩანს, ვერ აკმაყოფილებს. რეჟისორი საკუთარ, ამ კუთხით ფრიად პრიმიტიულ, საზოგადოების ერთი ნაწილის ვიწრო თვალსაწიერის „მსოფლმხედველობას“ კაცობრიობის ბუნებრივ მდგომარეობად აცხადებს, დარწმუნებულია რა იმაში, რომ სხვა ერის ადამიანების სიძულვილი ყოველი ჩვენგანის ბუნებაში დევს.

ვინ არის სტურუა? იდეური ნაციონალ–სოციალისტი? სამყაროს წინააღმდეგ ამხედრებული მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანი, რომელიც სტანდარტებს არ ცნობს? ვინც რობერტ სტურუას ბიოგრაფიას იცნობს, დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ რეჟისორს ეს თვისებები არ ახასიათებს და არც კონფორმიზმია მისთვის უცხო ხილი.

სტურუა, ამ დამოკიდებულებებით, უფრო წარსულში, დროსა და სივრცეში ჩარჩენილ საშუალოსტატისტიკურ საბჭოთა მოქალაქეს ჰგავს, რომლის აზროვნების გაქანებაც „სომეხია, მაგრამ კარგი ბიჭიას“ პრინციპს ვერ სცდება.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100