სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი კონგრესმენი ქალებს ინტიმურ ფოტოებს უგზავნიდა

ამერიკელი კონგრესმენი ენტონი უინერი გამოტყდა იმაში, რომ ინტერნეტის საშუალებით ქალბატონებს საკუთარ ფოტოებს უგზავნიდა, სადაც მისი სხეულის ინტიმური ადგილები იყო გამოსახული. უცნაური გართობის მოყვარული პოლიტიკოსი მორალურმა ამერიკელებმა ამ უზნეობაში სულ ახლახანს გამოიჭირეს. მიუხედავად, კონგრესმენისათვის ამგვარი შეფერებელი საქციელისა, ინტერნეტ–ფლირტის მოყვარული კანომდებელი, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

სკანდალი კი გასულ კვირას დაიწყო. მაშინ უინერის სახელით მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დარეგისტრირებულ რამდენიმე ქალბატონს ტრუსებში გამოწყობილი მამაკაცის სხეულის ნაწილის ფოტოები მიუვიდათ. კონგრესმენის მჩატე საქციელით გაკვირვებულმა ქალებმა საიდუმლოს შენახვით თავი არ შეიწუხეს და ამბავი ნახევარ ამერიკას მოსდეს. უინერსთვის ზოგიერთი ქართველი „ფეისბუქელის“ სტრატეგია უცხო არ ყოფილა და მტკიცედ და წარბშეუხრელად განაცხადა, რომ მას ექაუნთი გაუტეხეს. თუმცა, ფაქტების დადების და ჩიხში მოქცევის შემდეგ, გუშინ პრეს–კონფერენციაზე იძულებული გახდა სიმართლე ეღიარებინა.

შერცხვენილმა და გულაჩუყებულმა პოლიტიკოსმა ოჯახის წევრებს, ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და კოლეგებს ბოდიში თვალცრემლიანმა და აკანკალებული ხმით მოუხადა. „მათ შეუძლიათ იფიქრონ ჩემზე რაც სურთ, საამისო მიზეზი აქვთ, მაგრამ მე ჩემი ხალხისთვის 13 წელია ვშრომობ, პოლიტიკაში 20 წელია ვარ და იმედი მაქვს, ყველა გაიხსენებს ჩემს ერთგულებას“ – განაცხადა უინერმა და იქვე ამერიკელებისათვის არანაკლებ საინტერესო დეტალი დააზუსტა.

მისი თქმით, უხერხული ფოტოების გასაგზავნად, საკუთარ, სახლის კომპიუტერს იყენებდა და არა იმას, რომლის მუშაობისთვისაც ჩვეულებრივი ამერიკელი გადასადახის გადამხდელები იღწვიან. მაგრამ აშშ–ში უკვე ყველა ირწმუნება, რომ ეს ფაქტი კონგრესმენს კოლეგების რისხვისაგან ვერ დაიცავს. კონგრესში დემოკრატიული უმცირესობის წარმომადგენელი ნენსი პელოსი კოლეგის მკაცრი კრიტიკით „პარტიულ კრებაზე“ უკვე გამოვიდა და განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებული და დამწუხრებულია შექმნილი სიტუაციით.

მოკლედ, ვირტუალური რომანების გაბმის მცდელობა უიღბლო კონგრესმენს, შესაძლოა, თანამდებობის და ღირსების დაკარგვად დაუჯდეს. საამისო ფაქტები აშშ–ის უახლოეს ისტორიაში უკვე არსებობს. მაგალითად, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი კრის ლი, აშშ–ში პოპულარული ინტერნეტ–გაზეთის, „Craigslist“ – ის მეშვეობით ქალბატონისთვის გაგზავნილი განცხადების გამო, მიმდინარე წლის დასაწყისში, თანამდებობიდან გადააყენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100