"მაინც ავაშენებთ!!!"- მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი ბრალის წარდგენის შემდეგ
"მაინც ავაშენებთ!!!" — ეს არის თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენაზე. ამის შესახებ ხაზარაძემ Facebook-ზე დაწერა და ანაკლიის პორტის შესახებ ინფორმაცია გააზიარა.
თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წარუდგინა. ისინი დღეს, 24 ივნისს დაიბარეს პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით. პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზეც. ჯერჯერობით უცნობია, აღმკვეთი ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს პროკურატურა.
"გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება", — განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს ფულის გათეთრებას ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კომენტარი