სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კაპანაძე: ენმ-ის 4 მთავარი შეცდომა...

„ნებისმიერი მინიშნება, ქვეტექსტი, განცხადება იმის შესახებ რომ მოქმედი ლიდერები ქართულ ოცნებას გაურიგდნენ, არის აშკარა ცილისწამება და 500 ათასი ამომრჩევლის შეურაცხყოფა.

ამავე დროს, გაუგებარია საქმეების გარჩევა მხარდამჭერთა თუნდაც რადიკალურ ნაწილთან, რადგან მათ შორის სწორედ ასეთი ამომრჩევლის წყალობით მიიღეს საპარლამენტო მანდატი იმ ლიდერებმა, რომლებმაც პოლიტსაბჭოს ცნობილ განცხადებას დაუჭირეს მხარი“, - აცხადებს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე და ენმ-ის 4 ძირითად შეცდომაზე ამახვილებს ყურადღებას.

droni.ge: რა შეცდომები დაუშვა ნაციონალურმა მოძრაობამ?

გიორგი კაპანაძე: ჩემი აზრით, ნაციონალურ მოძრაობაში, ძირითადად 4 მთავარი შეცდომა დაუშვეს.

1. ვერ შეძლეს მტკიცებულებების შეგროვება იმის შესახებ რომ არჩევნები გაყალბდა. არადა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ამის შესაძლებლობას იძლევა (გამონაკლისი იყო ლევან ვარშალომიძე, რომელმაც აჭარაში მომხდარი კონკრეტული ფაქტები წარმოადგინა).

ენმ-ის ლიდერები საუბრობდნენ არჩევნების შედეგების გაყალბებაზე. თუმცა, მათგან განსხვავებით, ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც დამკვირვებლები ჰყავდა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, აცხადებდა რომ არჩევნების შედეგები გამოხატავს ამომრჩეველთა ნებას.

ჩვენი ქვეყნის მთავარმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი, საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მიულოცა, თუმცა, ცხადია, არ გამორჩენია ძალადობის იზოლირებული ფაქტები, რომელიც არჩევნების საერთო შედეგს ვერ ცვლიდა.

2. მიუხედავად იმისა რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას ჰქონდა კარგი და რეალისტური წინასაარჩევნო პროგრამა და ახორციელებდა „კარდაკარის“ უნიკალურ პროექტს, ენმ-მ როგორც ჩანს, მაინც ვერ მოახერხა ნათლად, გასაგებად აეხსნა საკუთარი გეგმები და პირველ რიგში, ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ დაერწმუნებინა თავის უპირატესობაში.

ენმ არ აწარმოებდა საკმარის პიარსა და სარეკლამო კამპანიას, შესაძლოა მწირი ფინანსური რესურსების გამო. ამ თვალსაზრისით, მას შესამჩნევი და „ჩავარდნა“ ჰქონდა.

3. ნაციონალური მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, დავით ბაქრაძის ზოგადი განცხადებების მიუხედავად, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ვერ გააქარწყლა ამომრჩეველთა ნაწილის თუნდაც უსაფუძვლო შიში მოსალოდნელი ძალადობისა თუ შურისძიების თაობაზე, რაც ენმ-ს საშუალებას მისცემდა მიემხრო ქართული ოცნებისგან განხიბლული ამომრჩეველი.

4. ენმ-ის ლიდერებმა ვერც საკუთარი თავი მოამზადეს არჩევნების შემდგომი პერიოდისათვის და ვერც - თავიანთი მხარდამჭერები.

ენმ-ს არ ჰქონდა არანაირი სტრატეგია, გეგმა, თუ როგორ იმოქმედებდნენ არჩევნების შემდეგ. ვნახეთ სპონტანური აქცია ცესკოსთან, მოვისმინეთ მუქარაც, თუმცა, მას განვითარება არ მოჰყოლია...

რა თქმა უნდა, შეცდომებს ყველა უშვებს, პირველ რიგში კი ის, ვინც მოქმედებს. შეცდომებისგან ვერ იქნებოდა დაზღვეული ენმ-ის დღევანდელი მენეჯმენტიც, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იყო ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც დიდწილად არსებული შედეგი განაპირობა.

- არჩევნების შემდეგ მთავარ ოპოზიციურ ძალაში თავმჯდომარის ჩანაცვლების საკითხი დადგა. თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ ამის აუცილებლობა პირველმა გაახმოვანა...

- ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარეს, პირველ რიგში, სიმბოლური დატვირთვა აქვს.

მას შემდეგ , რაც მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, თავმჯდომარის პოზიცია ავტომატურად ვაკანტური გახდა, რადგან ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, ამა თუ იმ პარტიის ხელმძღვანელი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ იქნება.

თავის დროზე, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი არ განეხილა, რადგან გაითვალისწინეს ის ფაქტი რომ სააკაშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ არ იმყოფება საქართველოში...

ამიტომ, ჩემი აზრით, თავმჯდომარის არჩევა, დღეს უკვე მორალური საკითხია. თუ ენმ-ი თვლის რომ მორალურ ფაქტორთან შედარებით, უპირატესი პოლიტიკური კონიუნქტურაა, მაშინ, ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

ამავე დროს, ნებისმიერი მინიშნება, ქვეტექსტი, განცხადება იმის შესახებ რომ მოქმედი ლიდერები ქართულ ოცნებას გაურიგდნენ, არის აშკარა ცილისწამება და 500 ათასი ამომრჩევლის შეურაცხყოფა.

- მიუხედავად ამისა, თავმჯდომარის არჩევის საკითხმა ხმაურიანი დისკუსია გამოიწვია... პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც ფაქტობრივად, ისეთ ამომრჩეველს გაემიჯნა, რომელიც ლიდერთა ნაწილის ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობდა...

- რა თქმა უნდა, ძნელია აიტანო ცილისწამება და მინიშნება გარიგებაზე მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობს. ცინიზმია ხელისუფლებასთან გარიგება დააბრალო ადამიანს, რომელიც ციხეში ზის.

ამავე დროს, გაუგებარია საქმეების გარჩევა მხარდამჭერთა თუნდაც რადიკალურ ნაწილთან, რადგან იმ ამომრჩეველმა, რომელსაც ლიდერები ასე ხელაღებით გაემიჯნენ, ენმ-ს მისცა ხმა.

მათ შორის ასეთი ამომრჩევლის წყალობით მიიღეს საპარლამენტო მანდატი იმ ლიდერებმაც, რომლებმაც პოლიტსაბჭოს ცნობილ განცხადებას დაუჭირეს მხარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100