ანსამბლი „მიჟე ნარის“ სამი თაობა სოლო კონცერტზე გიწვევთ
შაბათს, 16 აპრილს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლენტეხის რაიონის ჩოლური თემის ანსამბლის „მიჟე ნარის“ სოლო კონცერტი გაიმართება.
მნიშვნელოვანია, რომ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს და ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებს ანსამბლის სამივე თაობა. ღონისძიება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგნიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
მიჟე ნარი სვანური სიტყვაა და მზის შუქს, მზის ნათელს ნიშნავს. ანსამბლი „მიჟე ნარი“ დაარსდა 1996 წელს ჩოლურის თემის უხუცესების ინიციატივით, სოფლებში არსებული ფოლკლორული ნიმუშების გადარჩენის მიზნით. ანსამბლს თავიდანვე სათავეში ჩაუდგა ცნობილი თვითნასწავლი კომპოზიტორის იოსებ მუკბანიანის ძმისშვილი ჯუმბერ მუკბანიანი. ჯუმბერ მუკბანიანს შარშან, 15 მაისს 85 წელი შეუსრულდა და უკვე 20 წელია, რაც ანსამბლს ხელმძღვანელობს.
ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფესტივალში, ხოლო 2008 -2010 წლებში ქობულეთის საერთაშორისო სიმღერისა და ცეკვის ფესტივალზე პირველი ადგილი და სახელმწიფო ლაურიატის წოდება დაიმსახურა.
კომენტარი