სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებულ მეზღვაურებზე: „საქართველოს დასაკარგი ხალხი არ ჰყავს...“

„სომალელი მეკობრეების 16–თვიან ტყვეობაში მყოფი 15 ქართველი მეზღვაურის გათავისუფლება იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების დაცვა შეუძლია“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 იანვარს.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის ყურეში, სომალის სანაპიროებთან დაატყვევეს.

თავის სატელევიზიო განცხადებაში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლებაზე ყოველდღიურად მუშაობდა. მისი თქმით, „ჩვენი მეგობრებიც“ ეუბნებოდნენ საქართველოს უარი ეთქვა მეზღვაურების გათავისუფლების მცდელობაზე, რადგანაც ამ პრობლემის მოგვარება საქართველოს შესაძლებლობებს აღემატებოდა.

„ერთი წამით არ ჩამოგვიშვია ხელი და ერთი წამით არ შევგუებივართ ამ სიტუაციას“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებდა მეზღვაურთა გასათავისუფლებად და ხშირად ამას უჩუმრად აკეთებდა, ისე რომ დატყვევებულთა ოჯახებმაც კი არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. „გასაგები იყო კრიტიკა, მათ შორის ოჯახების მხრიდანაც, მაგრამ ვერ ვეუბნებოდით რას ვაკეთებდით იმიტომ, რომ, რომ გვეთქვა, საერთოდ ჩაიშლებოდა ეს ყველაფერი“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სააკაშვილმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გიორგი კარბელაშვილს მეზღვაურთა გათავისუფლების კურირება დაავალა. სააკაშვილმა შეაქო კარბელაშვილი და განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რეგიონში რამდენჯერმე ჩავიდა და იქ კონტაქტების დამყარებას შეეცადა.

„საქართველოს დასაკარგი ხალხი არ ჰყავს. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის გადარჩენისთვის იბრძოლებს ბოლომდე. ამაზე მაღალი ამბიცია და ამაზე მაღალი ამოცანა, თუ არა თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვა... ნამდვილად არ გაგვაჩნია. მინდა მივულოცო ოჯახებს, რომელთაც უბრუნდებათ თავიანთი საყვარელი ხალხი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კარბელაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა ტელეფონით, რომ მეზღვაურთა გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების ხანგრძლივი და ინტენსიური ძალისხმევის შედეგია, რაც, მისი თქმით, ასევე მოიცავდა რამდენიმე არასაჯარო შეხვედრას და მოლაპარაკებებს, რომელშიც იგი თავად მონაწილეობდა. მან ასევე განაცხადა დაკონკრეტების გარეშე, რომ დაახლოებით 6 თვის წინ საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო ოპერაციის განხორციელებაც კი შესთავაზეს, თუმცა ამაზე უარი ითქვა, რადგანაც ამგვარი ვარიანტი დატყვევებული მეზღვაურების უსაფრთხოებისთვის რისკს შეიცავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100