არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული სამი პირი - მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან - თ.ჯ.-სა და ნ.ი.-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
კომენტარი