სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნოღაიდელი არის ჩვეულებრივი ქურდი“

„დრონი.ჯი“ აგრძელებს ქართველ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამების შეგროვებას. ამჯერად „სამიზნე“ ზურაბ ნოღაიდელია.
ნოდარ ჯავახიშვილი: „ზურაბ ნოღაიდელის მთელი ცოდნა ფინანსებში იმით გამოიხატება, რომ მან დაამკვიდრა ტერმინი „სეკვესტრი“ და სოციალურად დაუცველი ფენები სასიკვდილოდ გაიმეტა“.

თემურ შაშიაშვილი: „ნოღაიდელს კაპიკი ვერ გავაგდებინე ქუთაისის, საერთოდ, იმერეთის რეაბილიტაციისთვის. რეაბილიტაციას ვინღა ჩივის, ქუთაისში ერთი ქარხანა ვერ აღვადგენინე, რომ ხალხი დასაქმდეს. მამაცხონებულო, საკუთარ ფულს გთხოვ, რომ არ იძლევი? აკი სახელმწიფო ფულს გედავები სახელმწიფო პროექტებისთვის, მომეცი, რა! რა ვიცი, სახლში კარგად ეზიდება და ყოველ წელს რამდენიმე მილიონი ემატება მაგის ქონებას“.

ნიკო ორველაშვილი: „ნოღაიდელი ბუნებით არის ძალიან ძუნწი, საშინლად ხელმომჭირნე. ვიდრე ქობულეთში ზურაბ ჟვანია იპოვიდა და კაცად აქცევდა, ალბათ, სიგარეტსაც არ ყიდულობდა და სიგარეტს ღერებით მათხოვრობდა, ხელფასს კი მუთაქაში ინახავდა“.

გუბაზ სანიკიძე: „ნოღაიდელის მთელი უბედურება ის არის, რომ მისთვის ფული და სიმდიდრეა ბედნიერება. მეცოდება ასეთი ადამიანები, ნოღაიდელიც ცოდოა, ძალიან ცოდო – ეს ადამიანურად. თუ სახელმწიფოებრივად მივუდგები ამ კაცს და მის მიერ განვლილ გზას სახელმწიფო სამსახურში, ნოღაიდელი არის კრიმინალი და ის ციხეში უნდა იჯდეს“.

შალვა ნათელაშვილი: „რას მედავება ნოღაიდელი, არ ვიცი? კბილებს რომ დაკრეჭს, აბა, კარგად დააკვირდით, არა ჰგავს ვირს? ჰგავს კი არა, ზუსტი ასლია“.

გოგა ხაინდრავა: „ნოღაიდელი არის ჩვეულებრივი ბიუჯეტიჭამია წურბელა, თვითონ მილიონები იშოვა და ხალხი ფეხებზე ჰკიდია. მაგ მილიონებს მოვა დრო, უკან მოიტანს ბიუჯეტში და ციხეც არ ასცდება“.

სალომე ზურაბიშვილი: „რომელი ზურაბ ნოღაიდელი გავიხადო პოლიტიკურ პარტნიორად, 7 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა რომ გამოაცხადა? ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად რომ გაიქცა? ან რა ჰქონდა მასთან მოსალაპარაკებელი? რა უნდა ქნას ნოღაიდელმა, რუსეთის ჯარებს მაგისი ხათრით გაიყვანენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან? მეტი არ არის ჩემი მტერი. ნოღაიდელი ვის თამაშს თამაშობს, ჯერ ეს არის გასარკვევი“.

რევაზ მიშველაძე: „ძუნწიაო, ნოღაიდელზე იძახიან, მაგრამ არც მთლად ეგრეა საქმე. როცა კულტურის სფეროების დაფინანსებაზე მიდგება საქმე, მაშინ წაიძუნწებს, თორემ საკუთარ სამინისტროს არაფერს აკლებს და ოჯახში ისე ეზიდება სახელმწიფო ფულს, თვალს არ ახამხამებს, თანაც მილიონებს, არადა, თურმე ქობულეთიდან თბილისში რომ ჩამოვიდა პირველად, ავტობუსის ფული მეზობლისგან უსესხია. ის თუმანი დღესაც არ გაუსტუმრებია. ძუნწი კი არა, კაი ვირეშმაკაა, ვინც არ იცნობს“.

კობა დავითაშვილი: „ნოღაიდელს ადამიანური თვისებებიდან მხოლოდ ერთადერთი შემორჩა – სიხარბე, დანარჩენი დაკარგა“.
კახა კუკავა: „ნოღაიდელს აკანკალებს ფულის ხსენებაზე, ბიუჯეტის ფულს ისე ჭამს, თითქოს სამემკვიდრეო ქონებააო. მაგას მალე მოუწევს ამ ნაპარავი მილიონების ხალხისთვის დაბრუნება და ციხის ხეხვა“.

ნიკო ორველაშვილი: „ნოღაიდელი ყველაზე სამარცხვინო პერსონაა ამ მთავრობაში. არა, ღმერთს არცერთი არ უქნია, მაგრამ ნოღაიდელზეა ნათქვამი – ტყემლის ხეზე ზის და ჭერმის კურკებს ისვრისო. ფინანსების გაგებაში არ არის, მაგას ერთი მაღაზია რომ ჩააბარო, ერთ კვირაში გააკოტრებს, როგორ შეიძლება ქვეყნის ხაზინა ანდო? თან თავხედია, კაცი, იპარავს და მერე იფიცებს, არ მომიპარიაო. არადა, შიმშილისგან კუჭის წყლული ჰქონდა, თბილისში რომ ჩამოიყვანა ჟვანიამ, ახლა მილიონები აქვს. ბიუჯეტიდან მოიპარა ეგ მილიონები, აბა რა ჯანდაბაა“.
გია ხუხაშვილი: „ვიდრე ნოღაიდელს არ მოაცილებენ, მანამდე აზრი არა აქვს საქართველოს ფინანსური სისტემის რეანიმაციაზე ლაპარაკს. ნოღაიდელის ხელშია ყველა ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტი და მისი და მისი თანაგუნდელების ბიზნესს როგორც აწყობს, ისე მართავს ყველაფერს. მალე ისე იზამს, ლარის ნაცვლად კუპონი შეგვრჩება ხელთ“.

რომან გოცირიძე: „ნოღაიდელმა იმდენი იცის ფინანსებისა, რამდენიც მე – აერონავიგაციისა. თუმცა ნოღაიდელის შესახებ მე რაღაც-რაღაცები მაინც ვიცი“.

ლევან ბერძენიშვილი: „ჩემდა სამწუხაროდ, ჩემს მშობლიურ და ულამაზეს კუთხეში ნოღაიდელისთანა პრიმიტივები გამოერევიან ხოლმე. ნოღაიდელშია თავმოყრილი ყველა უარყოფითი თვისება, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. გამორჩეულია მისი სიხარბე, პატრონყმური მორჩილება, როცა ხალხის გაჭირვებასა და სოციალური პროექტების დაფინანსებაზეა ლაპარაკი, ამბობენ, ნოღაიდელს დუჟი მოსდის, როცა ბრაზდებაო“.

დავით ბერძენიშვილი: „ნოღაიდელმა შეჭამა ქვეყანა და ქობულეთში კილომეტრი ასფალტის დასაგები ფული ვერ გაიმეტა. საერთოდ, პატარა კაცების კომპლექსია, როცა თანამდებობას და ფულს იშოვიან, წარსულის გახსენება აღარ უნდათ, იმ წარსულისა, რომელიც შეახსენებს მათ, რომ ისინიც „ჩვეულებრივი მოკვდავნი“ იყვნენ. ერთი ხელი სამოსი ჰქონდათ და მთელი წელი ზამთარში გაყიდული მანდარინით გაჰქონდათ თავი“.

გია ცაგარეიშვილი: „ნოღაიდელი არის ქვეყნის სირცხვილი, რომელსაც ძალიან მალე მოიცილებს ეს ქვეყანა, მალე ჩამოირეცხავს“.

გია თორთლაძე: „კორუმპირებული კი არა, ნოღაიდელი არის ჩვეულებრივი ქურდი. ვიღაცა ვიღაცის სახლიდან იპარავს, ეს ბიუჯეტიდან იპარავს და სახლში ეზიდება“.

კოკა გუნცაძე: „ნოღაიდელი ჩვეულებრივი კრიმინალია. ყელაფერთან ერთად, ყველაზე უსუსური და უსახური მინისტრიც“.

კახა შარტავა: „ნოღაიდელის პოლიტიკა არის კოლაბორაციონისტული პოლიტიკა, საქართველოს ხარჯზე რუსეთისთვის დივიდენდების გაცემა და პირადი კეთილდღეობის მოწყობა, რაც ნოღაიდელისა და მისი პარტიისთვის რუსეთის მხრიდან ხელისუფლებაში მოსვლაში ხელშეწყობით გამოიხატება. ეს კი ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. მიუღებელია ნოღაიდელი თავისი პოლიტიკითა და წარსულით. ის არის დამნაშავე, ჯერ აგოს პასუხი ძველ ცოდვებზე და მერე ვილაპარაკოთ“.

სოსო ცისკარიშვილი: „ნოღაიდელი ყველაფერს აკეთებს, რათა დაანგრიოს ქართული ეკონომიკა. ჯერ რა გვაქვს და იმასაც ანგრევს. ყველაფერს აკეთებს ქართველი ბიზნესმენების ჩასაძირად უცხოელთა აღზევების ხარჯზე, მისი გეგმაა, ქართველი ხალხი უცხოელთა ხელის მსახურებად იქცნენ“.

გოგი თოფაძე: „ნოღაიდელი არის უცხოური საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ყურმოჭრილი მონა. რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს. ახლა მას დავალებული აქვს ქართული, ეროვნული ბიზნესის გაკოტრება და უცხოური კრედიტების ათვისება, რათა ქვეყანა მაქსიმალურად იქნეს დამოკიდებული ამ ორგანიზაციებზე. მერე, ნოღაიდელი კი არა, გენიოსი რომ დასვა პრემიერად, ქვეყანა ისე იქნება დაკაბალებული, მათ უკითხავად ერთ თეთრს ვერ გახარჯავს ბიუჯეტიდან. ნოღაიდელი უცხოელებთან ერთად ანგრევს ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს. თუ ისედაც დანგრეულია, კაპიკს არ დებს შეგნებულად მათ ასაღორძინებლად. მთელი ქვეყანა იქცა უცხოური პროდუქციის მომხმარებლად და ეს არის კატასტროფა. აქამდე ნელ-ნელა მივდიოდით და ნოღაიდელს დიდი წილი უდევს ამაში“.

ზურაბ ტყემალაძე: „ნოღაიდელის ეკონომიკური პოლიტიკის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემები შეუქმნას ქართულ ბიზნესს კაბალური საგადასახადო კოდექსითა და სხვა, სახელმწიფო ბერკეტებით“.
სოსო შატბერაშვილი: „ქართველი გლეხი, საერთოდ, საშიმშილოდ და სამათხოვროდ გაიმეტეს და გაწირეს. სოფლის მეურნეობისთვის მიზერული თანხებია გამოყოფილი. ეს იმისთვის კეთდება, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას პროდუქცია და გენმოდიფიცირებული უცხოური ხილი და ბოსტნეული გავასაღოთ, ქართველი ხალხის ხარჯზე უცხოელები გამდიდრდნენ, ქართველი ხალხი კი დაავადდეს და ნელ-ნელა გადაგვარდეს. ამ პოლიტიკას ნოღაიდელი წარმატებით ახორციელებს, ის არის საქართველოს, ქართველი ხალხის მტერი“.

ნიკო ორველაშვილი: „ნოღაიდელს პურზე წასასმელი ტვინი არ გააჩნია და ქვეყნის ეკონომიკა როგორ უნდა მართოს ამ კაცმა? ახლა მე რომ დამნიშნონ სარაკეტო ჯარების სარდლად, ვივარგებ? არ ვივარგებ! არც ნოღაიდელისგან გამოვა პრემიერი, რაც არ უნდა მოიწადინონ“.

თინა ხიდაშელი: „როცა ქვეყნის პრემიერად გყავს 2-3 წელიწადში გამილიონერებული ზურაბ ნოღაიდელი, ცხადია, ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებული, იქ უკვე დამთავრდა ლაპარაკი“.

რეზო ამაშუკელი: „ეს ნოღაიდელი რას გავს, მართლა ვირივით რომ დაუკრეჭია კბილები... მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერებისთვის, რეჟისორებისთვის, მწერლებისთვის, მხატვრებისთვის კაპიკი არ ემეტება და პედერასტებს კარგად აფინანსებს“.

ელიზბარ ჯაველიძე: „ნოღაიდელი არის ქართული კულტურის მტერი“.

ნოდარ ნათაძე: „ზურაბ ნოღაიდელი იმდენად მარტივი და პრიმიტივია, რომ მასზე ლაპარაკით, მის სულელურ გამონათქვამებზე კომენტარებით არ მოვცდები, ეს დროის ფუჭად ხარჯვაა, მე კი დროს ძალინ ვუფრთხილდები“.

ირაკლი ბათიაშვილი: „ნოღაიდელი არ არის პოლიტიკოსი, ის, უბრალოდ, ჩინოვნიკია, სხვათა დავალების უნაკლოდ შემსრულებელი და ამ ფუნქციის მეტს მას არავინ მისცემს, თანაც ძალინ საეჭვო წარსულის კაცია“.
ირაკლი წერეთელი: „აფსუს, საქართველო, ზურაბ ნოღაიდელისთანა უვიცები რომ მოაჯდებიან ქეჩოზე!“

ბაჩუკი ქარდავა: „ნოღაიდელის პრორუსული პოლიტიკა არის დასაგმობი და მიუღებელი. არ შეიძლება დამპყრობელთან და ოკუპანტთან ჩახვიდე, ეახლო და მოლაპარაკებები გამართო, თან ქვეყნის დეოკუპაციაზე სიტყვა არ წამოგცდეს. თუმცა ნოღაიდელისგან ამას არც ველოდით, ნოღაიდელს საამისო ვაჟკაცობა სადა აქვს, პუტინთან საქართველოს დეკუპაციაზე თუნდაც ერთი სიტყვა დაასველოს?!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100