სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: რუსეთთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან ვიწყებთ

„დიდი (1) ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის“ შემდეგ, ზუსტად ერთი თვის ტავზე რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი რუსეთთან ურთიერთობის „ახალი ფურცლიდან“ დაწყებას აანონსებს.

რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის დაწყება ახალი ფურცლიდან იმ ქვეყანას ეხება, რომლის პრემიერიც ივანიშვილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა და არა მის პირად დამოკიდებულებას რუსეთთან - ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება სულაც არ გულისხმობს იმას, რომ მილიარდერი რუსეთში დაგროვილ ქონებაზე უარს იტყვის და მის დაგროვებას ხელახლა დაიწყებს.

ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს სახელმწიფო კანცელარიაში ჩატარებულ ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნის სურვილია.

"ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი დღევანდელი განცხადების შემდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება. ვფიქრობ, რომ ორივე ქვეყნის განწყობაა ასეთი. მიმაჩნია, რომ რუსეთის მხრიდანაც დიდი სურვილი უნდა არსებობდეს, რომ დღევანდელი სიტუაცია, ის რიტორიკა, რაც იყო, გუშინდელი დღის არის, ჩვენ დღეიდან უკვე ახალი ფურცლით ვიწყებთ ურთიერთობას", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ორივე ქვეყნის მხრიდან ამის ნება რომც იყოს, ეს სწრაფად ვერ მოხდება.

" ეს არ იქნება ადვილი პროცესი, თქვენ იცით, რომ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოებია გახსნილი. რეალურია, რომ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები დალაგდეს და უფრო შორი ნაბიჯი იქნება, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს. ეს კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ძალიან ახლო კავშირშია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხები ანალიტიკოსს ზურაბ აბაშიძეს ჩააბარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100