სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ დგას მუქარის შემცველი ზარების უკან? - "ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული

"ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია გახვეული - გაშიფრულია გინების ქოლცენტრების თაღლითური სქემა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მუქარის შემცველი ზარები აზერბაიჯანელი პენსიონერების ნომრებიდან შესდიოდათ.

OCCRP-ისა და "აი ფაქტისა" ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ნომრები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს ღამეები ჯოჯოხეთად უქციეს, აზერბაიჯანში მცხოვრებ მოხუცებს ეკუთვნით. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს სამოცზე მეტი ნომერი, ინფორმაციის გადამოწმებით კი უფრო მეტად გაღრმავდა ეჭვი, რომ თაღლითური ქსელის უკან სახელმწიფო დგას. ეს საქმეები კი ამ დრომდე ქართულ საგამოძიებო სამსახურებს დაპაუზებული აქვთ.

რამდენიმემ, ვინც ქართულ და აზერბაიჯანულ ნომრებზე გამომძიებელ ჟურნალისტებს უპასუხა, კითხვის შემდეგ სწრაფად გათიშა, ხოლო დანარჩენები გაოცებულები იყვნენ, მათი ნომრებიდან განხორციელებული ზარების შესახებ რომ გაიგეს.

ეს ნომერი ორი დღის წინ ვიყიდე… არა, მსგავს რაღაცებთან შეხება არ მაქვს. მე ვარ ადამიანი, რომელიც სახლიდან არასდროს გადის“, - უთხრა OCCRP-ს აკანკალებული ხმით ერთმა აზერბაიჯანელმა ქალმა, რომლის ნომრიდანაც საქართველოში რეკავდნენ.

ამ ზარების ზოგიერთ მსხვერპლს მტკიცედ სჯერა, რომ სატელეფონო მუქარის უკან ხელისუფლება დგას და მათ ზარების განსახორციელებლად სატელეფონო სისტემით მანიპულირებას მიმართეს.

საინტერესოა, რომ ათობით აზერბაიჯანული ნომერი იწყებოდა “005”, “004” ან “006” ინდექსით. სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რომელსაც ეს ნომრები ეკუთვნის, ამ ინდექსით ისინი გასაყიდად არასდროს გამოუტანია.

OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” კითხვაზე აზერბაიჯანის უმსხვილესმა კორპორატიულმა სატელეკომუნიკაციო სერვისმა Bakcell-მა განაცხადა, რომ მათ ჩაატარეს გამოძიება ქართველ ოპერატორებთან ერთად და დაადგინეს, რომ ზარები განხორციელდა „თაღლითური მეთოდით“, რომელიც CLI spoofing-ის სახელითაა ცნობილი და რომელზეც მათ კონტროლი არ აქვთ.

CLI Spoofing-სას ზარის განმახორციელებელი განზრახ აყალბებს იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენი ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება, რათა შენიღბოს მისი ვინაობა. სწორედ ამ ტექნიკის დახმარებით ხორციელდებოდა ზარები ხან ჰაიტიდან, ხან უკრაინიდან და ხანაც აზერბაიჯანიდან.

გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ზარები საქართველოში მიწოდებული იყო შუამავალი კომპანიების მეშვეობით და არ იყო შექმნილი bakcell-ის მიერ. ამჟამად ქართულ ოპერატორებთან და შუამავალ კომპანიებთან ერთად მიმდინარეობს ზარებზე გამოძიება“, – წერს bakcell-ის მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი ნიზამი ალიევი ჟურნალისტებისთვის გამოგზავნილ პასუხში.

დაზარალებულები და ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს აჩენს სერიოზულ კითხვებს ამ სქემაში საქართველოს მთავრობის შესაძლო ჩართულობის ან მხარდაჭერის შესახებ.

საქართველოს მთავრობამ არ უპასუხა OCCRP-ისა და "აი, ფაქტის" კითხვებს და არც საჯაროდ გამოუხატავს პოზიცია ანონიმურ ზარებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ელშად ჰაჯიევმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “მათ ინფორმაცია არ აქვთ” ამ ზარების შესახებ.

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას, თუმცა, ასეთ მეთოდებს – არა.

ერთ-ერთი, ვისაც აზერბაიჯანული ნომრიდან დაურეკეს აქტივისტი ნინა ტუღუშია. მასთან შესულ ზარებს შორის აზერბაიჯანის მოქალაქე, 84 წლის კაპიტოლინა სერგეიევნას ნომერიცაა.

აზერბაიჯანის მოქალაქეს ჟურნალისტები დაუკავშირდნენ, კაპიტოლინამ მათ უთხრა, რომ მობილურის ნომრის ერთადერთი მომხმარებელი იყო და საქართველოში არავისთან დაურეკავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100