სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკანონო სახერხები ხუდონჰესის წინააღმდეგ

"სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში 2006-2012 წლები სულ უკანონოდ 237 748 კუბური მეტრი ხე-ტყე მოიჭრა. ექსპერტების გათვლებით კი, წელიწადში უკანონოდ საშუალოდ 1,5 მილიონ კუბური მეტრზე მეტი მერქნული შეშა იჭრება. როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ციფრები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ხე-ტყის უკანონო ჭრა მასიურად მიმდინარეობს და იმაზე საუბარი, თითქოს ჰესების, ამ შემთხვევაში კი ხუდონჰესის მშენებლობით ჰექტრობით ტყე გაიჩეხება და ის ბუნებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ცოტა არასერიოზულია." _ აცხადებს ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში თემურ კანდელაკი.

ექსპერტების განცხადებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ხუდონჰესის აშენებას აპროტესტებს, სწორედ იმ კერძო მესაკუთრეების გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც მათ რამდენიმე თვის წინ გაავრცელეს, მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, სულ რეგისტრირებულია 15 მრგვალი მორის გადამამუშავებელი სახერხი საამქრო. დადგენილი წესით, გაუქმებული იქნა 3 სახერხი საამქრო.

რაც შეეხება ინფორმაციას 2013 წელს გამოვლენილი უკანონო სახერხების შესახებ მესტიის რაიონის სოფ. ხაიშში, უახლესი მონაცემები ასეთია:

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში გამოვლენილია 7 უკანონო, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დაურეგისტრირებელი სახერხი.

სამართალდამრღვევებზე შედგენილია 7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასკ-ის 1283-ე მუხლის მესამე ნაწილით. ერთ სამართალდამრღვევზე მასალები ასევე გადაგზავნილია პროკურატურაში.

სახერხებზე აღმოჩენილია სხვადასხვა ჯიშის 37,0 მ3 უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. გარემოსათვის მიყენებული ზიანის საერთო თანხამ შეადგინა 3 486,70 ლარი."

მარტივი არითმეტიკით, რეგისტრირებულ 15 სახერხს 7 უკანონო სახერხს თუ მივუმატებთ, გამოდის, რომ მარტო ხაიშში 22 სახერხია, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს იმისას, რომ მათი მეპატრონეების დაინტერესება საკუთარი ბიზნესის განვითარებაა და ინტერესიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.

"კომუნისტების პერიოდში ხუდონჰესის მშენებლობის ზოლში 350 ჰექტარი ტყე უკვე გაიჩეხა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად იჩეხება ტყე და ეს არა მარტო ხაიშში, არამედ მთელს სვანეთში ხდება. რა გავლენას მოახდენს ჰესი ტყეზე, რა თქმა უნდა, ამას დამატებითი შესწავლა სჭირდება. თუ ჰესის მშენებლობა გადაწყვეტილია, სვანეთში სატყეო მეურნეობა სპეციალურ რეჟიმზე უნდა გადავიდეს. უნდა შეჩერდეს როგორც კანონიერი, ასევე უკანონო ჭრები. არ შეიძლება სატყეო მეურნეობა მიუშვა და ტყეები მოიჭრას იქ, სადაც ჰესი უნდა აშენდეს." _ აცხადებს თემურ კანდელაკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100