სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია იგეგმება

დედაქალაქის მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია მოხდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.


როგორც მან საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, საზოგადოება ქალაქის თვითმმართველობას მუდმივად უნდა აკონტროლებდეს.


„ჩვენი მიზანია, რომ თბილისის მერია ქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე ეფექტიანად ზრუნავდეს, მოქალაქეებს სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ემსახურებოდეს. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული საკუთარი უბნის, რაიონის, ქალაქის განვითარებაში და ქალაქის თვითმმართველობას მუდმივად უნდა აკონტროლებდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, თბილისის მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტიანი სისტემების დანერგვა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია, კოორდინაციის გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდაა.


„მოხდება არქიტექტურის სამსახურის რებრენდინგი და ურბანული პოლიტიკის გაძლიერება. ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის ურბანული პოლიტიკა და რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარება. ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და გვინდა, ეს ცალკე სამსახურად ჩამოვაყალიბოთ. შესაბამისად, გვექნება სამსახური, რომელიც ურნაბული განვითარების პოლიტიკას გაატარებს“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.


მისივე განმარტებით, მოხდება ასევე, ზედამხედველობის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის სამსახურების ოპტიმიზაცია, მერიის სამსახურების კოორდინირებული მუშაობა და ეფექტიანობის ზრდა.


„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვით პოლიტიკასა და ბიუჯეტის შესრულების გაძლიერებულ მონიტორინგს.


„მერიის მომსახურება ყველა ადამიანისთვის მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ შევამცირებთ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქალაქეების განცხადებებზე პასუხის გაცემის დროს, აუცილებლად დავხვეწთ ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურების სერვისს. მერიაში დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს მერიის სერვისებზე 24 საათიანი წვდომა ჰქონდეთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ნებისმიერი მომსახურება, რათა დრო და ხარჯები დაზოგონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ასევე, ონლაინ სისტემების დანერგვა იქნება, რომლის განხორციელებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100