სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იერუსალიმში აღმოჩენილი სამარხი, შესაძლოა, მაცხოვრის აღმოჩნდეს... (+ფოტო)

იერუსალიმის უახლესმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ, შესაძლოა ქრისტიანობის საფუძვლებზე მოახდინოს გავლენა და ძირეულად შეცვალოს ისინი.

კინომატოგრაფმა და მოყვარულმა არქეოლოგმა სიმჰა ჯაკობოვიჩმა, რომელსაც იცნობენ მეტსახელით „შიშველი არქეოლოგი“, 28 თებერვალს პრესკონფერენცია მოაწყო და ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით დათარიღებული სარკოფაგების ფოტოსურათები წარმოადგინა. როგორც ვარაუდობენ, საუბარია ისტორიაში ყველაზე ადრეულ ქრისტიანულ სამარხზე.

ქვის სარკოფაგები აღმოჩენილია გათხრების დროს, რომელიც იერუსალიმში, არმონ ა-ნაცივის რაიონში ჩატარდა. არქეოლოგებს გათხრების დროს ეხმარებოდა „შარლოტის“ უნივერსიტეტის რელიგიის ისტორიკოსი ჯეიმს თაბორი, რომელიც ჯაკობოვიჩის აღმოჩენებისა და დასკვნების მგზნებარე მხარდამჭერია.

ერთ-ერთ სარკოფაგზე თევზია გამოსახული, რომელსაც ლაყუჩებში ადამიანის თავი აქვს გაჩრილი. თაბორის ვერსიით, საუბარია იონა წინასწარმეტყველზე. თევზი უძველეს ქრისტიანულ სიმბოლოდ ითვლება, ხოლო ბერძნული სიტყვა „იხტის“ ადრექრისტიანულ ერაში გაშიფრეს, როგორც „იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი“. ებრაულ სარკოფაგებსა და ნამარხებში თევზის გამოსახულება, როგორც წესი, არ არსებობდა.

კიდევ უფრო საინტერესო გრაფიტებს მეორე სარკოფაგზე მიაკვლიეს. ესაა წარწერა: „უფალო, აღსდექ, აღსდექ!“. ჯაკობოვიჩისა და თაბორის აზრით, ეს წარწერა ქრისტეს აღდგომაზე მიანიშნებს, თუმცა, არც იმის დავიწყება ღირს, რომ იმ დროს მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობა ფარისევლებსა და ესეებსაც სჯეროდათ.

ორთოდოქსების წინააღმდეგობის გამო არქეოლოგებსა და გათხრების მონაწილე სხვა პროფესიის პირებს არ მიეცათ წიაღიდან სარკოფაგების ამოღების საშუალება - ფოტოების გადაღება მათ რობოტის საშუალებით მოუწიათ. უკვე დადგენილია, რომ სამარხი ეკუთვნის პერიოდს, რომელიც წინ უსწრებს იუდეველთა აჯანყებას პირველი საუკუნის 70 წელს. იმდენად, რამდენადაც ქრისტიანობის მიმდევრები იმ დროს მართლაც თითებზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, არ გამორიცხავენ, რომ სარკოფაგთაგან ერთი, შესაძლოა, ქრისტეს მოციქულთაგან ერთ-ერთს ეკუთვნოდეს, თუმცა თავად ჯაკობოვიჩი კიდევ უფრო შორს მიდის.

ის დარწმუნებულია, რომ ახალი აღმოჩენა მხოლოდ ადასტურებს მის თეორიას, რომელიც მან 2007 წელს წარმოადგინა და რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია: მაშინ ჯაკობოვიჩმა განაცხადა, რომ იერუსალიმში აღმოაჩინა იესო ქრისტესა და მარია მაგდალინელის სარკოფაგები. სხვათა შორის, ჯაკობოვიჩი კიდევ ერთი უცნაური ახირებითაც გამოირჩევა: მას მიაჩნია, რომ მარია მაგდალინელი ქრისტიანობის ფუძემდებლის ცოლი იყო...

ჯაკობოვიჩის განცხადებით, ორივე სარკოფაგი მიწის სწორედ იმ მონაკვეთზე იმყოფება, რომელიც იოსებ არიმათიელს ეკუთვნოდა (იოსებ არიმათიელი, როგორც ცნობილია, იესოს ფარული მოწაფე იყო. სწორედ მან გამოითხოვა მაცხოვრის ცხედარი პილატესგან და სამარხში დაასვენა.-ლ.ბ.). ჯაკობოვიჩი მიიჩნევს, რომ ახალი აღმოჩენა საბოლოოდ ადასტურებს ყველა მის ვერსიას.

აღსანიშნავია, რომ იმ არქეოლოგებმაც კი, რომლებიც ჯაკობოვიჩის ადრინდელ თეორიებსა და გათხრების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებდნენ და დილეტანტურს უწოდებდნენ, მის ახალ აღმოჩენას უკვე უწოდეს სენსაცია და იმედი გამოთქვეს, რომ მას ჯაკობოვიჩი მისთვის დამახასიათებელი ფსევდომეცნიერული თეორიების წამოყენებით არ ჩააფლავებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100