როგორ იბადება წარმოდგენა, რომ ღმერთი არ არის
... ადამიანი ურწმუნო იმიტომ ხდება, რომ ეს მისი ერთადერთი თავდაცვაა სინდისის წინაშე. მე მახსენდება პარიზში ერთი ჭკვიანი და განათლებული მღვდლის ნაამბობი. ოდესღაც ის "უღმერთო" იყო, ანუ, ღმერთი არ სწამდა და თავის თავს ძალიან კულტურულ, და განათლებულ ადამიანად თვლიდა საიმისოდ, რომ თუნდაც ეფიქრა იმაზე, რატომ მორწმუნე არ ვარო.
ის ერთ მღვდელს ესაუბრა. სოფლის მღვდელმა, რომელიც რუსეთიდან ემიგრაციაში მოხვდა და არავითარი განსაკუთრებული განათლება არ გააჩნდა, დიდხანს უსმინა და მას ორი რამ უთხრა: "ჯერ ერთი, საშა, არც ისე მნიშვნელოვანია, რომ შენ ღმერთი არ გწამს - მისთვის ეს არაფერი, შესანიშნავი ის არის, რომ მას შენი სწამს... და მეორეც, - შენ კი, საშა, წადი სახლში და დაფიქრდი, რა მომენტში და რატომ დაკარგე რწმენა, რა მომენტში დაგჭირდა, რომ ღმერთი არ ყოფილიყო..."
საშა შინ დაბრუნდა და დაიწყო ფიქრი. საკითხის ასე დაყენებამ საგონებელში ჩააგდო: იგი მოელოდა მისიონერის დარიგებას ან მითითებას, ეკითხა ტრაქტატები; ამის მაგივრად - წადი და დაფიქრდი, გაარკვიეო... და ის, როგორც შემდეგ თვითონ მიამბობდა, მიზეზებს თავდაპირველად თავის განათლებაში, პარიზში, ღვთისმეტყველების ინსტიტუტში ეძებდა, შემდეგ რევოლუციამდელ რუსეთის უნივერსიტეტში, მერე კიდევ სადღაც და ვერაფრით მიაგნო. ასე მივიდა იმ ასაკამდე, როცა 6 წლის იყო.
რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა. საუცხოო ბიჭუნა იყო, ყოველკვირა ეკლესიაში დადიოდა და ძალიან ღვთისმოსავ ბავშვად ითვლებოდა. მიდიოდა, პირჯვარს იწერდა, შუა ეკლესიაში წინ დგებოდა და ლოცულობდა. ყოველ კვირას მას ერთ კაპიკს აძლევდნენ, რომელიც ბრმა მათხოვრისთვის ქუდში უნდა ჩაედო. ის დებდა და ეკლესიაში მიდიოდა იმ გრძნობით, რომ კეთილი საქმე ჩაიდინა, სიყვარული და ყურადღება გამოხატა და ახლა შეუძლია ღმერთთან სუფთა სინდისით მივიდეს...
ერთხელ, შობის წინ, როცა დედასთან ერთად ქალაქში სეირნობდა, ნახა, რომ მაღაზიაში შესანიშნავი ხის რაში იყიდებოდა ექვს კაპიკად. დედას სთხოვა, მიყიდეო, მაგრამ მან უარი უთხრა. ძალიან დაწყდა გული. შემდეგ კვირას, როცა ეკლესიაში მიდიოდა და მათხოვარს მიუახლოვდა, მან გაიფიქრა, რომ თუ ექვსჯერ არ მისცემდა მათხოვარს ამ კაპიკს, ცხენის ყიდვას შეძლებდა - და კაპიკი არ მისცა. ის ასე ოთხჯერ მოიქცა, მეხუთედ კი იფიქრა: თუ მისგან ერთ კაპიკს აიღებდა, ცხენის ყიდვას ერთი კვირით ადრე შეძლებდა... და ბრმას კაპიკი მოპარა.
ამის შემდეგ ის ტაძარში შევიდა და მიხვდა, რომ წინ დგომა აღარ შეუძლია: ვაითუ, ღმერთმა შემამჩნიოსო და სადღაც, კუთხეში დადგა. შინ დაბრუნებულმა ძიძამ ეს უამბო მშობლებს, რომლებიც აღტაცებაში მოვიდნენ: აქამდე ის პატარა იყო და ღმერთის წინ დგებოდა, ახლა კი თავის თავს ჩაუღრმავდა,მისი ცხოვრება ღმერთში დაფარული ხდება და მოფარებულ ადგილს ეძებს, რათა ღვთის წინაშე განჭვრეტით დადგეს... ოპტიმისტი დედა ჰყავდა, საშა კი გრძნობდა, რომ საქმე ძალიან ცუდადაა და რომ ღმერთს უნდა დაემალოს.
და უცბად, უნივერსიტეტიდან მისი უფროსი ძმა დაბრუნდა, რომელმაც იქ უღმერთოდ ზერელე ცოდნა შეიძინა და დაუწყო მტკიცება, - ღმერთი არ არისო. და საშამ მითხრა: "მე ამას ჩავეჭიდე. თუ ღმერთი არ არის, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე ეს კაპიკი მოვიპარე და ხუთი - არ ჩავდე..." - და აქედან დაიწყო მასში "უღმერთობა": მოძღვრება იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის, მან აღიქვა, როგორც ერთადერთი ხსნა სინდისის ქენჯნის წინააღმდეგ…
კომენტარი