რუსული ФСБ-ს ახალი გეგმა საქართველოსთან მიმართებაში
მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსული ФСБ საქართველოში ტერორისტების ძებნითაა დაკავებული. ეს თემა მათთვის იმდენად მომხიბვლელი და მნიშვნელოვანია, რომ თავად ФСБ-ს შეფი ალექსანდრე ბორტნიკივი აკეთებს განცხადებებს პანკისის ხეობაში ტერორისტების მომზადების შესახებ. ამის მიუხედავად, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ერთი ფოტოურათი ან ვიდეოკადრიც არ გამოქვეყნებულა მათი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად. მოძრაობა „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ელისო კილაძემ „დრონი.ჯი“-ს უთხრა, რომ ამ „ხარვეზის“ გამოსასწორებლად რუსულმა ФСБ-მ ახალი სცენარი შეიმუშავა: იგი აპირებს, ამ დღეებში გამოაქვეყნოს ერთ-ერთი ჩეჩენი ტერორისტის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ეხება თითქოსდა საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ მისთვის ტერორისტული აქტის შეკვეთას რუსეთის ტერიტორიაზე. „აქვე გეტყვით, რომ ეს ტერორისტი ФСБ-ს აგენტია და მსგავსი ტიპის აღიარება წარსულშიც გაუკეთებია, ერთ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით“, - თქვა ელისო კილაძემ. ამ და სხვა დეტალებზე დაწვრილებით საუბარს „ჩემი საქართველო“ ხვალ, 12 სთ-ზე, „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გეგმავს.
კომენტარი