შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 116 კგ ჰეროინი გაანადგურა
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, 2013 წლის ივლისში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ახალციხის ტერიტორიაზე, ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოსული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 116 კგ ჰეროინი, ასევე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ამოღებული 360 აბი „სუბუტექსი“, 4,57 გრ მეტადონი, 322 გრ ჰეროინი, 0,282 გრ კოკაინი, 19 კგ 500 გრ მარიხუანა და 15 კგ კანაფი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.
შს სამინისტრო 3 თვეში ერთხელ ანადგურებს ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, რომლებზეც სასამართლოს შესაბამისი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ნარკოტიკების განადგურების პროცესს მთავარი პროკურატურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომენტარი