სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიმირ პუტინმა მოვლენების პროვოცირებაში ვაშინგტონი დაადანაშაულა

"სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს პუტინი პირველად გამოეხმაურა არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს და მოვლენების პროვოცირებაში ვაშინგტონი დაადანაშაულა. კერძოდ, რუსეთის პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადების ტონი გააკრიტიკა.

„პირველი, რაც სახელმწიფო მდივანმა გააკეთა, ის იყო, რომ არჩევნების არასამართლიანად ჩატარებაზე დასვა აქცენტი და ეს მაშინ, როცა დამკვირვებელთა საბოლოო მონაცემები არ ჰქონდა მიღებული. ეს იყო გარკვეული სიგნალი, რომელიც მიიღეს აქ და დაიწყეს მოქმედება“, - თქვა რუსეთის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთში არავის სურს, მოვლენები იმ სცენარით განვითარდეს, როგორც უკრაინასა და ყირგიზეტში, ამიტომ, ვინც დაარღვევს კანონს, მკაცრად უნდა დაისაჯოს, სხვა შემთხვევაში კი მოსახლეობას აზრის გამოხატვის საშუალება უნდა მიეცეს.

ამასობაში მოსკოვში დაკავებულ 300 დემონსტრანტს დღეს კიდევ 200 დაემატა. მათი ძირითადი ნაწილი ტრიუმფალურ მოედანზე აიყვანეს. 10 და 11 დეკემბერს რუსეთის მრავალ ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. ტრიუმფალურ მოედანზე, სადაც მიტინგის ჩატარების სანქცია ოპოზიციას უკვე აქვს, ხელისუფლებამ მოულოდნელად წყალგაყვანილობის სისტემის შეკეთება წამოიწყო.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს მას მოედნის გადასაკეტად დასჭირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ხალხმრავალი მიტინგის გამართვაზე ოპოზიცია უარს არ ამბობს და აცხადებს, რომ თავყრილობა მაინც ჩატარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100