უკრაინაში, საქართველოს საელჩოსთან მომხდარი ინციდენტის მონაწილე სამსახურიდან დაითხოვეს
უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე საელჩოს თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "საქართველოს საელჩო უკრაინაში სინანულს გამოთქვამს დღეს კიევში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ გამართულ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც საელჩოში შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე დაცვის თანამშრომელმა ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეებსა და ფოტორეპორტიორს".
"საქართველოს საელჩო უკრაინაში ბოდიშს უხდის აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და უკრაინის საზოგადოებას მომხდარის გამო" – ნათქვამია ოფიციალური თბილისის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "Комментарии"-ს ჟურნალისტი ცემა. როგორც "ГолосUA" იუწყება, ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა განაცხადა, რომელიც კიევში ქალთა მოძრაობა "FEMEN"-ის აქციას იღებდა.
მისივე თქმით, აქტივისტები საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით ფოტოგრაფების დაკავების წინააღმდეგ თეატრალიზებულ აქციას მართავდნენ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საელჩოსთან ბუტაფორული ფოტოაპარატებით და პლაკატით "No Photo - No Democracy" მივიდნენ.
როგორც ჟურნალისტი ყვება, ამ დროს საელჩოს შენობიდან მამაკაცი გამოვიდა და ყოველგვარი წარდგენის გარეშე აქტივისტების დაშლა დაიწყო, შემდეგ კი ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისგან გადაღების შეწყვეტა მოითხოვა.
ჟურნალისტების აღშფოთების შემდეგ მამაკაცმა "Комментарии"-ს ფოტოკორესპონდენტს თავში ჩაარტყა.
ამ დროისთვის დაზარალებული ფოტოკორესპონდენტი საავადმყოფოში გამოკვლევისთვის იმყოფება. იგი აცხადებს, რომ თავი ძალიან სტკივა და ეჭვობს, რომ შესაძლოა, ტვინის შერყევა აქვს.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს ინფორმაცია უკვე მიეწოდათ.
კომენტარი