სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაზიანებული კაშხალი ნახევარ კიევს წალეკვით ემუქრება

უკრაინაში გადაუღებლად წვიმს. უკრაინული მედია დილიდან აქვეყნებს შემაშფოთებელ ცნობას, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის მოსახლეობაში გავრცელდა: segodnya.ua-ს ინფორმაციით, კიევთან ახლოს მდებარე ჰეს-ზე კაშხალი დაზიანდა და მისი საბოლოოდ გამოსვლა მწყობრიდან გამორიცხული არ არის, ეს კი, მინიმუმ, ნახევარი კიევის წალეკვას გამოიწვევს. გამოცემა წერს, რომ გადაუღებელი წვიმის გამო კიევის ზღვაში წყლის დონემ კატასტროფულად მოიმატა.

გვიან ღამით ამ ხმებს ისიც დაემატა, რომ ჰეს-ზე უკვე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შვებულებაში გასული თანამშრომლები სამსახურში სასწრაფო წესით, უკვე დღეს დილიდანვე დაიბარეს.

შვებულებასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა უკრაინულმა მედიამ „ცხელ კვალზე“ ვერ შეძლო, თუმცა, როგორც segodnya.ua იტყობინება, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კაშხალთან დაკავშირებით არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. „დნეპრთან მიმართებაში ყველაფერი რიგზეა, მეტიც - ჩვენი რესურსებით მზად ვართ, ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას გავუძლოთ“, - უთხრეს ჟურნალისტს პასუხისმგებელმა პირებმა. ამის მიუხედავად, გამოცემა წერს, რომ მოსახლეობა მაინც შეშფოთებულია, რადგან კიევის ჰეს-ი სსრკ-ს ეპოქაში, 30 წლის წინაა აგებული და ხმები იმის შესახებ, რომ კაშხალი დაზიანებულია, უკრაინის დედაქალაქში მანამდეც ვრცელდებოდა.

კიევზე უფრო რთული მდგომარეობაა უკრაინის ქალაქ ჩერკასკში. სამი დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ ქალაქი იმდენად დატბორა, რომ ცენტრალურ ქუჩებზეც კი მსუბუქი ავტომანქანები წყალმა თითქმის მთლიანად დაფარა. მოსახლეობა წყალდიდობისგან გადარჩენას სახლების სახურავებსა და მაღალ ძელსკამებზე აძრომით ცდილობს. გამორიცხული არ არის, დღეს ჩერკასკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, ხოლო ქალაქი სტიქიური უბედურების ზონად იქნას მიჩნეული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100