ჟურნალისტებმა წყნეთში ერთმანეთს ესროლეს
როგორც ჩანს, ჟურნალისტებს მობეზრდათ ერთფეროვნება და ერთ კვირადღესაც გადაწყვიტეს, ერთმანეთისთვის ესროლათ. გადაწყვიტეს და აასრულეს კიდეც: წყნეთში შეიკრიბნენ და ერთმანეთს ტყვიები დაახალეს. რასაკვირველია, არც ტყვიები იყო ნამდვილი და არც იარაღი. ნამდვილი მხოლოდ ტყე იყო წყნეთში, სადაც მას–მედიის წარმომადგენლებს „პეინტბოლ–კლუბმა“ და მისმა ხელმძღვანელობამ უმასპინძლა. 11 ტელევიზიის და ზოგადად, მედიის წარმომადგენელი ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ.
მონაწილე გუნდები კენჭისყრამ დააწყვილა. ერთმანეთთან დაპირისპირება ოლიმპიური სისტემით დაიწყო: წაგებული გუნდი ტურნირს ეთიშებოდა. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე სამი გუნდი მოხვდა“ „აი ტვ“, „რუსთავი–2“ და „პალიტრა.ტვ“. ყველაზე ხანგრძლივი და დაძაბული „აი.ტვ“–სა და „რუსთავი2“ შორის გამართული ფინალი აღმოჩნდა: „პეინტბოლის“ წესების თანახმად, თითო საღებავიანი ტყვიის მოხვედრის შემთხვევაში მოთამაშე საასპარეზო ტერიტორიას ტოვებს, რადგან იგი პარალიზებულად ითვლება. ფინალურ შეხვედრაში „რუსთავი–2“ კაპიტანი, დავით ქაშიაშვილი და „აი.ტვ“–ს კაპიტანი, ლელა მამულაშვილი ერთი–ერთზე დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ და საბოლოოდ, ლელა მამულაშვილმა გაიმარჯვა.
საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებული „აი.ტვ“ გახდა. მეორე ადგილზე „პალიტრა.ტვ“ გავიდა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „რუსთავი–2“ დაამარცხა.
ტურნირი „აი–ტვ“–ს მიერ იყო ორგანიზებული. მისი სპონსორები „იოლი“ და „რონიკო“, ხოლო მხარდამჭერი „ნატახტარი“ გახლდნენ. გამარჯვებულებსა და ტურნირის მონაწილეებს ფასიანი და სამახსოვრო პრიზები გადეცათ.
„პეინტბოლი“ ნახევრადავტომატური პნევმატური იარაღით საღებავებიანი ტყვიების სროლის შეჯიბრია. კვირას ჩატარებულ ტურნირში თითო გუნდი 5 წევრით იყო წარმოდგენილი. როგორც „პეინტბოლ–კლუბის“ დირექტორმა, ირაკლი ანდრონიკაშვილმა აღნიშნა, „პეინტბოლი“ საბრძოლო მომზადების სტიმულაციას ემსახურება.
სპორტის ეს სახეობა 60–იან წლებში იქცა სპორტად – მანამდე საკვები ჟელატინისგან დამზადებულ ბურთულებს, რომლებშიც საღებავები ესხა, ტყისმჭრელები მოსაჭრელი ხეების მოსანიშნად იყენებდნენ.
როგორც ლეგენდა გვამცნობს, ერთ დღეს ტყისმჭრელებმა გადაწყვიტეს, ეს ტყვიები ერთმანეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, ორ გუნდა გაიყვნენ და ტყეში გაიფანტნენ. „მოკლულის“ გამოცნობა ძნელი არ იყო: ჟელატინის ტყვიები სკდებოდა და ტანსაცმელზე საღებავის კვალს ტოვებდა. მალე ეს საქმიანობა თავისუფალ დროს ტყისმჭრელთა საყვარელ გასართობად იქცა, მოგვიანებით კი სხვებმაც „დაამუღამეს“: მალე იგი ძალიან პოპულარული გახდა. საქართველოში „პეინტბოლ–კლუბი“ რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა.
„დრონი.ჯი“ გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც „პეინტბოლის“ ტურნირთან დაკავშირებით „პიკ.ტვ“–მ მოამზადა.
კომენტარი