სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალური ქსელების ძალა: საუდის არაბეთში ქალები „ამბოხდნენ“

საუდის არაბეთელმა ქალებმა, პროტესტის ნიშნად, ღიად დაიწყეს ავტომობილების ტარება. ამით მათ დემონსტრაციულად დაარღვიეს ოფიციალური აკრძალვა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ამ ულტრაკონსერვატიულ სახელმწიფოში არსებობს.

ინტერნეტის და სოციალური ქსელების ძალა კი კიდევ ერთხელ გამოჩნდა. როგორც ირკვევა, საპროტესტო აქცია სწორედ ამ უკანასკნელის მეშვეობით იქნა ორგანიზებული. არაბი ქალები „ფეისბუქზე“ და „ტვიტერზე“ აქტიურად ანთავსებდნენ საკუთარ, საჭესთან გადაღებულ ფოტოებს და ავტომფლობელ, მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელს ქვეყანაში, ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობისა და შეურიგებლობისაკენ მოუწოდებდნენ.

მათ მიერ „ფეისბუქზე“ გახსნილი გვერდის, „Women2Drive“- ის მიხედვით, საპროტესტო აქცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საუდის არაბეთის ოფიციოზი საკუთარ ბრძანებას უკან არ წაიღებს. აღსანიშნავია, რომ მაისში ქვეყნის მოქალაქე ერთ-ერთი ქალბატონი პოლიციამ მას შემდეგ დააპატიმრა, რაც მან ინტერნეტში ვიდეო გაავრცელა, თუ როგორ ატარებს მანქანას.

მანალ შერიფს მაშინ მეტად კურიოზული ბრალდებები წაუყენეს, კერძოდ, ის რომ იგი უცხოეთში საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და არასწორ საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს. ქალბატონი ათის დღის შემდეგ, მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს, რაც მან პირობა დადო, რომ საჭესთან ცხოვრებაში აღარ დაჯდება.

ინტერნეტ-აქტივისტების რიცხვი კი, ამჯერად, იმდენად დიდია, რომ ხელისუფლებისთვის მათი დაპატიმრება შეუძლებელი ხდება. „ამბოხებული“ ქალბატონები მიტინგების და დემონსტრაციების ჩატარებას არ აპირებენ, რადგან ეს საუდის არაბეთში კანონით აკრძალულია. ისინი, უბრალოდ, სთხოვენ ქალებს, რომ მანქანის ტარების მოწმობა უცხოეთში აიღონ და თავის ქვეყანაში ჩვეულებრივად დასხდნენ საჭესთან, ანუ დააიგნორონ ახალი კანონი.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო ქალბატონებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც საუდის არაბეთში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მსახურობენ, მსგავსი აკრძალვა არ შეხებათ და ისინი თავისუფლად გადაადგილებას ჩვეულებრივად შეძლებენ. ეს ფაქტი ადგილობრივ ქალბატონებში პროტესტის გრძნობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100