„ქართული ოცნების“ კადრებს მილიარდერის ძმა იწუნებს – მორიგი დაწუნებული მამუკა არეშიძეა
„ქართული ოცნების“ კოალიციური კულუარებიდან ახალმა ინფორმაციამ გაჟონა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილისეული „ოჯახური პოლიტიკის“ შესახებ არსებულ თეორიას: გაზეთ „ქრონიკის“ ცნობით, რეგიონული მოწყობისა და ეროვნული უმცირესობების ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამჯერად ბიძინა ივანიშვილის ძმას, ოდიკოს არ მოუვიდა თვალში და მათ შორის კონფლიქტიც მოხდა, რასაც მამუკა არეშიძის „ჩამოლაბორანტება“ მოჰყვა.
დაუდგენელია, რა გახდა ივანიშვილის ძმასა და მამუკა არეშიძეს შორის დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ მამუკა არეშიძე ამ თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი აღარ არის: მისი ჯგუფი ორად გაიყო და მამუკა არეშიძე რეგიონული მოწყობიდან ეროვნული უმცირესობის საკითხებზე „გადაამისამართეს“.
დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, პრაქტიკულად, დაადასტურა მამუკა არეშიძის „ჩამოლაბორანტების“ ფაქტი, თუმცა, დაამატა, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა და მამუკა არეშიძე „ქართული ოცნებიდან“ არ მიდის.
თვითონ მამუკა არეშიძის პოზიცია ამ საკითხზე, ჯერჯერობით, უცნობია, ივანიშვილის გუნდიდან მის შესაძლო წამოსვლაზე კი მინიშნებები გუშინ „ქართული ოცნებიდან“ სკანდალურად წასულმა ნანა დევდარიანმაც გააკეთა, როცა „რეალ.ტვ“–ს გადაცემაში „პოლიტიკური კვირა“ „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა რყევებზე ისაუბრა.
კომენტარი