პატრიარქის გარეშე არაფერი გამიკეთებია. მან თავად შემოგვითვალა... - რა მოხდა რუსთავის ციხეში, სადაც მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა
ეს არის იტორიული დღე - ამის შესახებ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომელმაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მეუფე ნიკოლოზის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ეზიარა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ზიარება ღირსეულად მიიღო, რადგან მან, გამოცხადებული შიმშილობით 40 დღე იმარხულა, ხოლო ზიარების წინ აღსარებაც ჩააბარა.
"მან მიიღო წმინდა ზიარება, მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ფიზიკურად ეს არის სულ პატარა ნამცეცი, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო"- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე განმარტებით, ზიარების სურვილი თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა, ხოლო მეუფემ ის პატრიარქის კურთხევით აზიარა.
"ცხოვრებაში არასოდეს პატრიარქის გარეშე არაფერი გამიკეთებია. მან თავად შემოგვითვალა, რომ ზიარება სურდა, მე როგორც კი ეს პატრიარქს ვუთხარი, მას ერთი წუთიც კი არ ჰქონია დაყოვნება და თქვა, რომ რადგან მას უნდა ზიარება, აუცილებლად უნდა ეზიაროს. პატრიარქმა, რა თქმა უნდა მოგვცა კურთხევა. ამის შემდეგ მე ვემზადებოდი ამისთვის და ეს იყო პატრიარქის კურთხევა. ეს იყო ღირსეული ზიარება, ის ყველა წესის დაცვით ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს" - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
კომენტარი