„მძინარე ცხინვალი“, შესაძლოა, ამაღამ სროლის ხმამ გააღვიძოს - სამოქალაქო ომამდე ერთი ნაბიჯია
უკვე მერამდენე დღეა, ცხინვალში ვითარება იძაბება, დღეს კი კულმინაციას მიაღწია. მას შემდეგ, რაც კოკოითის ძალოვნებმა ჯამბულატ თედეევისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ სს საქმე აღძრეს ე.წ. ცესკოზე ზეწოლის მცდელობის გამო, ხოლო ცხინვალში გავრცელდა ცნობა, რომ თედეევის მხრიდან დაკითხვაზე გამოუცხადებლობის გამო მას პროკურატურაში იძულებით, ბადრაგირების წესით მიიყვანდნენ, თედეევი მომხრეებთან ერთად საკუთარ სახლში გამაგრდა და იარაღიც მოიმარაგა.
საღამოს საათებში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ადგილობრივი და რუსული მედიის ინფორმაციით, ცხინვალი სავსეა შეიარაღებული დაჯგუფებებითა და ნიღბიანი ადამიანებით, რომლებიც ქუჩებში პატრულირებენ. თედეევის შტაბი კი იტყობინება, რომ სახლი, ფაქტობრივად, ძალოვნების ალყაშია მოქცეული. მასთან მიახლოებასაც კი ვერავინ ბედავს, რადგან ყველას იჭერენ.
ინტერნეტში უკვე გამოჩნდა განცხადებები, რომ „კოკოითს, რუსეთის მოქალაქეები მძევლებად ჰყავს აყვანილი, რადგან თედეევის სახლში ახლა ძირითადად სწორედ რუსეთის მოქალაქეები არიან თავშეყრილები.” ბლოკირებულია სატელეფონო კავშირიც.
პოლიტიკურ დაძაბულობას ვლადიკავკაზში სპეციალურად მოწყობილი პიკეტით გამოეხმაურნენ თედეევის მეგობრები და სპორტსმენები: ოლიმპიური ჩემპიონი არტურ თაიმაზოვი და ხაჯიმურად გაცალოვი, რომელსაც კოკოითმა ასევე აუკრძალა ცხინვალში გამოჩენა.
განცხადება გააკეთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა და უკრაინის რადას წევრმა ელბრუს თედეევმა, რომელიც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ცხინვალის დღევანდელ რეჟიმს „მუდმივად ხელთ ეპყრას ძალაუფლება.”
პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა კოკოითის რეჟიმის მიერ დაწესებულმა აკრძალვამ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლასთან დაკავშირებით. მართალია, ეს აკრძალვა უცხოელ და რუსეთის მოქალაქეებზე უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ ცხინვალის გაზეთები უკვე იტყობინებიან, რომ აკრძალვა იმ პირებზეც გავრცელდა, ვისაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ გაცემული ადგილობრივი პასპორტი ჰქონდა. ეს ადამიანები იძულებულნი გახდნენ უკან, ვლადიკავკაზში დაბრუნებულიყვნენ.
ბოლო 2 დღის მანძილზე კი კოკოითმა კიდევ ერთი მტერი შეიძინა. რუსეთის დუმის დეპუტატმა არსენ ფაძაევმა, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს თავისივე შუამავლობით შერიგებისკენ მოუწოდა, კოკოითის უკმეხ გამოხმაურებას „პასუხის პასუხი” უკვე გასცა. კოკოითმა ფაძაევის დახმარებაზე უარი განაცხადა და მას პროვოკატორი და თედეევის ინტერესების გამტარებელი უწოდა.
დუმის დეპუტატი აღშფოთებულია: „გამოდის, რომ კოკოითი მე პროვოკატორად მაცხადებს... ყველამ იცის რესპუბლიკაში, თუ რა დახმარება გაუწია თედეევმა ედუარდ კოკოევს გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ვის უწოდებს პრეზიდენტი „გასტროლიორებს, რომლებიც შიგადაშიგ შემოივლიან?” რატომ აღმოჩნდნენ ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენები პერსონა ნონ-გრატები? – მაგალითად, არტურ თაიმაზოვი, ხაჯიმურატ გაცალოვი, ბესიკ კუდუხოვი? შესაძლოა, კოკოითმა ისინიც პროვოკატორთა სიაში ჩაწერა. ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი კარგავს ქვეყანაში სიტუაციის კონტროლს და ცხინვალში პოლიტიკური კრიზისია - ეს კი კოკოითის გაუაზრებელი, არაადექვატური მოქმედებების შედეგია” – ამბობს ფაძაევი.
თავისი გულისნადები გაამხილა სეპარატისტული რეჟიმის ყოფილმა გენპროკურორმა ახსარ კოჩიევმა: „რესპუბლიკის სათავეში პრეზიდენტი-დამნაშავეა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ჯერ კიდევ გენპროკურორობის დროს მე გავაფრთხილე ის, რომ უკმაყოფილო ხალხმა შესაძლოა სტიქიური ბუნტი მოაწყოს, დღეს კი ხელისუფლებასა და ხალხს შორის ომის ზღვარზე ვართ” – განაცხადა კოჩიევმა და კოკოითს დიქტატორი და ტირანი უწოდა.
ვიდრე კოკოითი და თედეევი ცხინვალში ომობენ, მოსკოვის კანდიდატად წოდებული ანატოლი ბიბილოვი კრემლს სტუმრობს. მას მედვედევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა უმასპინძლა. საუბრის თემა ცნობილი არაა, მაგრამ არც ძნელად გამოსაცნობი. თუმცა ჯერჯერობით, მოსკოვი, რატომღაც რეაქციის გარეშე ადევნებს თვალს ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს და რამდენადაც ცნობილია, რუს სამხედროებსაც ამ დაპირისპირებაში რაიმე ფორმით ჩართვა აკრძალული აქვთ. შესაძლოა, მოსკოვი, „დემოკრატიული იმიჯის გასამტკიცებლად”, ბოლომდე დასჯერდეს სეირის მაყურებლის როლს...
კომენტარი