სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოგესალმებით, ჩემო ბრძოლაში გაუტეხელო თანამებრძოლებო"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის" იმ აქტივს მიესალმა, "ვინც საკუთარი რწმენა ღალატით ნაშოვნ პრივილეგიებზე არ გაცვალა". ამის შესახებ ბაქრაძემ სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მოგესალმებით, ჩემო ბრძოლაში გაუტეხელო თანამებრძოლებო, ვინც შეძელით და მიუხედავად ზეწოლისა და რეპრესიებისა, დღემდე შეინარჩუნეთ საკუთარი რწმენა, იდეალები და ღირებულებები; ვინც საკუთარი ღირსებისთვის ბრძოლა არ გაცვალეთ უღირსობით მოპოვებულ სიმშვიდეში და საკუთარი რწმენა არ შეურაცხყავით ღალატით ნაშოვნი პრივილეგიებით. თითქმის 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთად დავამტკიცეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას", - აღნიშნა ბაქარაძემ.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა, რომ ძლიერი, კომპეტენტური ძალაა და ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებისთვის ბრძოლის დრო დადგა.
"ვიბრძოლოთ ჩვენი გამარჯვებისთვის, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ამუშავებული საქართველოსთვის ვიბრძოლოთ, რადგან ხელისუფლება ვერაფერს გვთავაზობს, გარდა გაჩერებული პროექტების, შეუსრულებელი დაპირებების და გაზრდილი უმუშევრობისა. ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების უსაფრთხოდ ცხოვრებისთვის, რადგან ჩვენ ქვეყანაში უკვე შემოიპარა კრიმინალის, ანგარიშსწორებისა და დაუსჯელობის დამღუპველი აჩრდილი. ჩვენ არ ვებრძვით არავის, არც ერთ ჩვენს ოპონენტს, ჩვენ ვებრძვით შეუსრულებელ დაპირებებს და გაუკეთებელ საქმეებს, კორუფციას, უმუშევრობას, კრიმინალს, გაძვირებულ ფასებს, ერთმანეთთან დაპირისპირების, ზიზღისა და შურისძიების ტალღას, რომელიც მოდის ხელისუფლებისგან, ვინაიდან ეს ტალღა გახლეჩს ჩვენს ერს და დაუცველად დატოვებს გარედან მომდინარე საფრთხეების წინაშე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, გამთლიანებული, შერიგებული საზოგადოება, ამუშავებული ეკონომიკა, განვითარებული ბიზნესი და ეკონომიკა, დაცული გარემო და ევროპული საქართველო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100