კახა კალაძე: „ხაიშელებს დავუმტკიცებთ, რომ ხუდონჰესი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“
გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ხუდონჰესის მშენებლობაზე და დარგში დღეს არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:
“ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე დაახლოებით 70%-ია. თბოელექტროსადგურებისთვის ვიყენებთ ბუნებრივ აირს, ის აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს. ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებთ. ყველაზე დიდი პრობლემა ზამთარია, აუცილებელია, ჩვენი რესურსებით შევძლოთ ამ პერიოდში ელექტროენერგიის მიღება, თორემ გაზაფხულსა და ზაფხულში იმდენი გვაქვს, ვყიდით კიდეც.“ - განაცხადა მინისტრმა.
კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის სანდოობის
თაობაზეც: „რაც შეეხება ინვესტორის გამოცდილებას, აქ არ არის პრობლემა. მთავარია ფინანსები, ამ ჯგუფს თუ აქვს შესაბამისი თანხები და ძალა, რომ მოიზიდოს საჭირო
ინვესტიცია და განახორციელოს პროექტი, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხედავთ, რომ "ტრანსელექტრიკას" შესწევს ამის უნარი.
ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, თითქოს ჩემი და ივანიშვილის ინტერესშია ხუდონჰესის მშენებლობა, რაც სისულელეა! უბრალოდ, ყველა პროექტს ვუდგები როგორც ჩემს საკუთარს, რადგან ეს ქვეყანა ჩემიც არის და მინდა მის წინსვლაში მონაწილეობა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ისეთი პროექტი, როგორიც ხუდონჰესია, აუცილებლად განხორციელდება. დავარწმუნებთ ხაიშელებს, რომ ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონი ლარი შევა.“
კომენტარი